სერია A. XVII ტურის წინ: შობის წინ, კარგი განწყობისთვის

AutoSharing Option
სერია A-ს მე-17 ტურის წინათქმა მთლიანად ერთ შეხვედრას დაეთმობა, რადგან ლეგენდარულ "ჯუზეპე მეაცაზე" ლეგენდარული დერბი გაიმართება: "ინტერი" "მილანის" წინააღმდეგ...

დერბი ულტრასების გარეშე
სერია A-ს გასულ ტურში "ინტერი" "ნაპოლის" ესტუმრა და გარდა იმისა, რომ დათმო შეხვედრა, მილანური დერბის წინ ულტრასების დისკვალიფიკაციასაც გამოჰკრა ხელი.

დიახ, "დერბი დელა მადონინაზე" "ინტერის" ულტრასები არ დაიშვებიან, რადგან "სტადიო სან პაოლოზე" მთელი 90 წუთის განმავლობაში ნეაპოლელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

თემა ძველია: ჩრდილოეთის და სამხრეთის დაპირისპირება. მოკლედ, დერბი "შავ"-"ლურჯთა" ულტრასების გარეშე ჩაივლის, რამაც "ინტერის" კაპიტანს განსაკუთრებულად დასწყვიტა გული -
მოვუსმინოთ ხავიერ ძანეტის:

"სიმართლე გითხრათ, დერბი ულტრასების გარეშე, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. აშკარაა, რომ მათი დისკვალიფიკაცია მთლიანად თამაშს დაასვამს დაღს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფეხბურთი ქომაგებისთვისაა და კარგი იქნება, თუ დისციპლინარები ასეთი გადაწყვეტილებებისგან მაქსიმალურად შეიკავებენ თავს"
.

აქვე დავძინოთ, რომ ლაპარაკია არა თამაშის უმაყურებლოდ ჩატარებაზე, არამედ მხოლოდ ერთი სექტორის დისკვალიფიკაციაზე - ჩრდილოეთ ტრიბუნაზე მხოლოდ ულტრასები არ დაიშვებიან, თუმცა "ინტერის" მესვეურებს საშუალება ექნებათ, თავისუფალი სივრცე უბრალო გულშემატკივრებით შეავსონ - მაგალითად, "იუვენტუსის" მესვეურებმა ანალოგიურ ვითარებაში ორიგინალურ ხერხს მიმართეს და ტრიბუნა სკოლის მოსწავლეებით გაძეძგეს. ცნობისთვის, "იუვეს" ულტრასებიც ნეაპოლელთა შეურაცხყოფისთვის დასაჯეს.

დიდი მატჩის წინ
მილანური დერბი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა და ეს განურჩევლად იმისა, რომელ ადგილზე არიან გუნდები სატურნირო ცხრილში. მიმდინარე სეზონში ვერც "ინტერი" იბრძვის სკუდეტოსთვის და მით უმეტეს, ვერც "მილანი", მაგრამ ამით თამაშს ბევრი არაფერი აკლდება.

ვალტერ მაცარი, ტრადიციულად, 3-5-1-1 ტაქტიკას აირჩევს და შეეცდება, რომ ცენტრზე მოიპოვოს ბატონობა. რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის, ის ალბათ 4-3-1-2-ზე შეაჩერებს არჩევანს - "რომასთან" მატჩის შემდეგ ალეგრიმ აღიარა, რომ მარიო ბალოტელი ორი ფორვარდის პირობებში გაცილებით უკეთ თამაშობს და ალესანდრო მატრის მოედანზე გაყვანაც მეტწილად ამით იქნება განპირობებული.

ალეგრის ალბათ ერჩივნა, ბალოტელის გვერდით სტეფან ელ შაარავი ან რობინიო ეხილა, მაგრამ ორივე ტრავმირებულია. ცნობისთვის, ჯამპაოლო პაცინი გამოჯანმრთელდა, სათადარიგოთა სკამზე იქნება და იქნებ ჩაერთოს კიდეც თამაშში. საფეხბურთო ექსპერტთა ვარაუდით, მთავარი ბრძოლა ცენტრში გაჩაღდება და ამ მოსაზრებას მწვრთნელებიც იზიარებენ.

ვალტერ მაცარი (ინტერი): "მილანური დერბი განსაკუთრებული მოვლენაა და ეს ქალაქს მთელი კვირაა, ეტყობა. ყველა ამ მატჩზე ლაპარაკობს და ბუნებრივია, ეს განწყობას ერთიორად ამაღლებს. ვეცდებით, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ, რადგან ამის გარეშე "მილანის" დამარცხება ურთულესი იქნება. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მივცეთ".

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიგოთ და წინასაშობაოდ კარგი განწყობა შევიქმნათ. დერბის მოგება საკუთარი ძალების რწმენას შეგვმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწორზე მხოლოდ სამი ქულა არ დევს. მეტოქე ხუთი ნახევარმცველით ითამაშებს, ჩვენ კი უფრო შემტევი სტრატეგია გვექნება. ამიტომ საინტერესო ტაქტიკურ ჭიდილს ველოდები. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს".

XVII ტური

21 დეკემბერი
ლივორნო-უდინეზე 21.00
დისკვალიფიკაცია: დე ლუკა, დუნკანი (ლივორნო).
ტრავმა: ბოტა, პიჩინი - რანიჯი, მურიელი, ბუბნიჩი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2=2-6, (5-15)

კალიარი-ნაპოლი 23.45
დისკვალიფიკაცია: როსეტინი (კალიარი).
ტრავმა: იბარბო - ცუნიგა, ჰამშიკი, მესტო.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +5=12-9, (29-33)

22 დეკემბერი
ბოლონია-ჯენოა 15.30
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: კერუბინი, პერესი, სორენსენი - ზე ედუარდო, პორტანოვა, კუჩკა, ვრსალკო.
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4=3-5, (16-19)

ატალანტა-იუვენტუსი 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: იეპესი, რაიმონდი, ბელინი - პეპე, პირლო.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 6-0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +2=6-20, (22-57)

ვერონა-ლაციო 18.00
დისკვალიფიკაცია: მაური, ერნანესი (ლაციო).
ტრავმა: ჩირილიანო, მორასი - გონსალესი, პერეირინია.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3=1-5, (17-23)

რომა-კატანია 18.00
დისკვალიფიკაცია: დე როსი, სტროტმანი - სპოლი.
ტრავმა: ბალცარეტი, ბორიელო - ალმირონი, ბელუში.
ბოლო 6 შეხვედრა
1-5-0 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +8=6-3, (33-19)

სამპდორია-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: გაბიადინი - კასანო.
ტრავმა: დე სილვესტრი, ედერი - პავარინი, გალოპა, გარგანო, პალეტა.
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +9=7-12, (36-35)

სასუოლო-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: მანიანელი, აჩერბი - კუადრადო.
ტრავმა: ტერანოვა, გომესი - გომესი, აგაცი, ვეჩინო.
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 4-0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

ტორინო-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: ჟილე - ცეზარი.
ტრავმა: ლარონდო, ბოვო, ელ ქადური - კალელო, კლეიტონი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7=7-4, (22-20)

22 დეკემბერი. მილანი. "ჯუზეპე მეაცა". 23.45
ინტერი-მილანი
დისკვალიფიკაცია: ალვარესი - მონტოლივო.
ტრავმა: კივუ, მილიტო, მარიგა, სამუელი - ამელია, რობინიო, ელ შაარავი, ბირსა, აბატე, ემანუელსონი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +17=11-18, (63-66)
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი - ჯონათანი, ტაიდერი, კამბიასო, კოვაჩიჩი, ნაგატომო - გუარინი - პალასიო.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - დე შილიო, ბონერა, საპატა, კონსტანტი - პოლი, დე იონგი, მუნტარი - კაკა - ბალოტელი, მატრი.

ბომბარდირები: 13 - როსი (ფიორენტინა); 10 - ტევესი (იუვენტუსი); 9 - პალასიო (ინტერი); 8 - ჩერჩი (ტორინო), იგუაინი (ნაპოლი); 7 - ბერარდი (სასუოლო), კალეხონი (ნაპოლი), ფრელო (ვერონა), ჯილარდინო (ბოლონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული