როგორი იქნება ზეედორფის "მილანი"?

AutoSharing Option
მართალია, "მილანი" ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, მაგრამ მთლიანობაში, სეზონის პირველი ნახევარი გუნდმა მაინც ჩააგდო. სერია A-ს დაწყებიდან 17 ტურია გასული და "როსონერი" მე-13 ადგილზეა, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განკარგულებაში მხოლოდ 19 ქულაა და ლიდერ "იუვენტუსს" მთელი 27 ქულით ჩამორჩება!

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ეს სეზონი ალეგრისთვის ბოლო იქნება "მილანში" და ზაფხულში მას 37 წლის კლარენს ზეედორფი ჩაანაცვლებს - დიახ, ჰოლანდიელი ნახევარმცველი, რომელიც სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს. ზეს
"როსონერის" თავკაცად დანიშვნა სილვიო ბერლუსკონის ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ მაშინ ადრიანო გალიანის პოზიციამ გაჭრა, რომელიც მასიმილიანოს დატოვებას ემხრობოდა.

თუმცა, "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ამჯერად სილვიო თავისას გაიტანს და გუნდს აუცილებლად ჩააბარებს ზეედორფს. ავტორიტეტული გამოცემა გვარწმუნებს, რომ ამ თემაზე უკვე შედგა შეხვედრა და მხარეებმა წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწიეს. ზეედორფმა თავისი ხედვა გააცნო კლუბის მესვეურებს და ეს პრივატული საუბარი ჟურნალისტებმა ხალხის სამსჯავროზე გამოიტანეს. იტალიელ ჟურნალისტებს ვერაფერს გამოაპარებ, რასაც ადრიანო გალიანის კომენტარი ადასტურებს:

"შევხვდით თუ არა ზეედორფს? - მედიას ვერაფერს გამოაპარებ. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლარენსი ხვალიდან "მილანის" მთავარი მწვრთნელი იქნება. გავცვალეთ აზრები და იმ კრიზისზე ვისაუბრეთ, რომელშიც დღეს გუნდია. ზემ მართლაც გაგვანდო თავისი ხედვა და მოსაზრებები, თუ როგორი უნდა იყოს მისი აზრით "მილანი". საინტერესო შეხვედრა იყო და ამას ნამდვილად ვერ უარვყოფ"
.

გალიანის კომენტარმა ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა - თქმა არ სჭირდება, რომ ზეს "მილანის" თავკაცად დანიშვნის შესაძლებლობა არნახულად მაღალია და სავარაუდოდ, ეს ასეც მოხდება. გალიანიმ ზეედორფის ხედვებზე ისაუბრა და "გაძეტამ" ეს თემაც დეტალურად გაშალა; როგორ წარმოუდგენია კლარენსს თავისი "მილანი"? - ამაზე ქვემოთ...

ზეს "მილანი"
კლარენს ზეედორფმა ადრიანო გალიანის და სილვიო ბერლუსკონის თავისი ხედვა გააცნო, რომლის მიხედვითაც, გუნდის საბაზო ტაქტიკა 4-2-3-1 იქნება. აღნიშნული სქემა თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე აქტუალურია და როგორც ჩანს, კლარენსიც აყოლილია მოდას. მისი მოსაზრებით, ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი მარიო ბალოტელი უნდა იყოს, რომელსაც სიღრმიდან სამი შემტევი დაეხმარება: რიკარდო კაკა, სტეფან ელ შაარავი და კეისუკე ჰონდა.

რიკი და "პატარა ფარაონი" ფლანგებიდან გაირჯებიან, იაპონელი კი ლამის გამთამაშებლის პოზიციაზე იმოქმედებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ კეისუკე "მილანის" წევრი 2014 წლის 1 იანვრიდან გახდება.

საყრდენ ხაზზე ზეედორფი თურმე საერთოდ არ ნერვიულობს, რადგან თანაბრად ენდობა ნაიჯელ დე იონგს, რიკარდო მონტოლივოს და სალი მუნტარის. აი, დაცვაში კი ჰოლანდიელი ტრანსფერების აუცილებლობას ხედავს - მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან "მილანს" ადილ რამი ემატება, კლარენსს კიდევ ერთი ცენტრალური და ერთიც განაპირა მცველის დამატება სურს. ზეს ისიც უთქვამს, რომ ძალიან მოსწონს დავიდე სანტონი "ნიუკასლიდან" და დანილო დამბროზიო "ტორინოდან". ჰოლანდიელს არც ის დაუმალავს, რომ ახალგაზრდა გოლკიპერის, მატია პერინის გადაბირება სურს.

მოკლედ, ზეედორფმა თავისი თქვა, დანარჩენი კი "მილანის" მესვეურებზეა დამოკიდებული. "გაძეტას" მტკიცებით, შობის შემდეგ ადრიანო გალიანი ბრაზილიაში გაფრინდება და კლარენსს კიდევ ერთხელ შეხვდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა ბედი ელის იტალიური და მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის გრანდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
Sky Sport Italia: კლარენს ზეედორფი ზაფხულში "მილანის" მთავარი მწვრთნელი გახდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული