ვინ წამოეგება "ნაპოლის" ანკესზე?

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლი" ფრანგულ ბაზარზე თევზაობას აგრძელებს. როგორც ირკვევა, ნეაპოლიტანელებს "მარსელის" პერსპექტიული მცველის, ნიკოლა ნკულუს შეძენაც უნდათ, მაგრამ გუნდიდან წასვლას არც თავად ფეხბურთელი ჩქარობს და არც "ველოდრომელთა" პრეზიდენტს, ვენსან ლაბრუნს მოსწონებია შეთავაზებული 12 მილიონი ევრო.

ლაბრუნის თქმით, იანვარში ნკულუს გაყიდვის შანსი მიზერულია.

კარგად ცნობილია და ჩვენც არაერთხელ დაგვიწერია, რომ "ნაპოლი" "ლიონის" ნახევარმცველის, მაქსიმ გონალონის გადაბირებასაც ლამობს. ბოლო ინფორმაციით, ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ნეაპოლელთა მიერ შეთავაზებულ 17 მილიონ ევროზე თქვა უარი და ახლა აურელიო დე ლაურენტისს მეტის გადახდა მოუწევს, თუ გონალონის შეძენა მართლაც
სურს. ჟან-მიშელ ოლა ასეთ საქმეებში თავისი სიმტკიცით განთქმულია და ნაკლებსავარაუდოა, უკან დაიხიოს.

"ვეზუვიანის" კიდევ ერთი სამიზნე "ტოტენჰემის" ფრანგი ნახევარმცველი ეტიენ კაპუა, თუმცა შეელევიან თუ არა "დეზები" 25 წლის ექსტულუზელს, უცნობია.

დაბოლოს, რაფაელ ბენიტესის მიერ ათვალწუნებული პაოლო კანავარო გუნდს იანვარშივე დატოვებს. ექსკაპიტანს სათამაშო დრო საერთოდ აღარ აქვს და ისღა დარჩენია, ესპანელ სპეციალისტს გაეცალოს და მშობლიური კლუბიდან წავიდეს. სავარაუდოდ, უმცროსი კანავარო "ჯენოაში" ჩაირიცხება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული