იტალია. სერია A. XIX ტურის შეჯამება და სიმბოლური: კალჩოს ახალი რეალობა

AutoSharing Option
მე-19 ტური მოვლენებით დახუნძლული გამოდგა: ტურის ნამდვილი მშვენება გახლდათ სასუოლოში გამართული მატჩი, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "მილანს" შავი დღე აყარა, 19 წლის დომენიკო ბერარდიმ კი პოკერი შეასრულა და "მილანი" უმწვრთნელოდ დატოვა. ტურის შეჯამებას ორშაბათის მატჩებით დავიწყებთ - "ინტერი" ისევ წვალობს...

"ინტერის" მორიგი ფიასკო
"ინტერმა" კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივარი - სწორედ ფიასკოდ უნდა მივიჩნიოთ საკუთარ კედლებში "კიევოსთან" ორი ქულის დაკარგვა, რომელმაც ვალტერ მაცარის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო დააშორა.

ეს "ინტერი" არ ჰგავს იმ გუნდს, რომელსაც სამეულისთვის ბრძოლა და მომდევნო სეზონში
ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე წარმატებული თამაში ძალუძს. "კიევოსთან" შეხვედრა მასპინძლებმა უპირატესობით კი წარმართეს, მაგრამ ის კლასი აკლდათ, რომელიც "კიევოს" დარი გუნდების გასატეხად აუცილებელია. მართალია, რამდენიმე საკამათო ეპიზოდში მსაჯმა სტუმართა მხარე დაიჭირა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მასპინძელთა უზუსტობას ვერც ეს გაამართლებს.

მოკლედ, "ინტერი" კოჭლობს და ალბათ ასე იქნება, სანამ ერთადერთი გამტანი ფორვარდი როდრიგო პალასიოა და მას ბევრი ვერავინ ეხმარება. "კიევოსთან" "ინტერს" ფრედი გუარინი აკლდა, რამაც გუნდის შემტევი პოტენციალი კიდევ უფრო დაასუსტა - ამ შემთხვევაში რთულია, მაცარი რამეში დაადანაშაულო და მას მეტი მოსთხოვო, ვიდრე, ვთქვათ, ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა.

ამ შემთხვევაში, თავისი სიტყვა უფრო ერიკ ტოჰირმა უნდა თქვას, მაგრამ ახალი მფლობელი ჯერ მხოლოდ ფრედი გუარინის შესაძლო წასვლაზე აკეთებს განცხადებებს - ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ზამთარს "ნერაძურის" საფუძვლიანი გაძლიერება არ უწერია.

ამასობაში "სამპდორია" მოფერიანდა და კრიზისში მყოფ "უდინეზეს" შავი დღე აყარა. გენუელთა პროგრესს სინიშა მიხაილოვიჩს "აბრალებენ" და ეს მოსაზრება არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული: "სამპამ" მას შემდეგ მოუმატა, რაც გუნდს სერბი სპეციალისტი ჩაუდგა სათავეში. გენუურმა გუნდმა "უდინეზეს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა და სატურნირო ცხრილში რამდენიმე ადგილით გაიუმჯობესა მდგომარეობა. "სამპა" უკვე მე-12 ადგილზეა, სულ ახლო წარსულში კი გასავარდნ ზონასთან ყურყუტებდა...

ტურის გმირი
ტურის შეჯამებაში გვერდს ვერ ავუვლით 19 წლის ფორვარდ დომენიკო ბერარდის, რომელმაც "მილანს" ოთხი გოლი გაუტანა. "სასუოლოს" შემტევი მასმედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული და უკვე იმაზეც კი საუბრობენ, როდის დაიბრუნებს მას "იუვენტუსი".

საქმე იმაშია, რომ ბერარდი სწორედ "ვეკია სენიორას" საკუთრებაა და "სასუოლოში" იჯარით ასპარეზობს. თუმცა ბერარდი "სასუოლოს" აღზრდილია და ტურინულმა გრანდმა გასულ ზაფხულს სწორედ ამ კლუბიდან გამოისყიდა.

"ამ ზამთარს "იუვე" ბერარდის არ დაიბრუნებს, მომდევნო სეზონზე საუბარი კი ჯერ ნაადრევია"
- ეს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის, ჯუზეპე მაროტას სიტყვებია.

ვთქვათ ისიც, რომ დომენიკო ბერარდი პირველი ფეხბურთელია 1995/96 წლების სეზონის შემდეგ, ვინც სერია A-ში ასეთ ახალგაზრდულ ასაკში პოკერი შეასრულა და საერთოდ პირველია, ვინც ამავე ტურნირში ერთ თამაშში "მილანს" ოთხი გოლი შეუგდო. უკვე გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ჟურნალისტებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდეს და ურჩიეს მათ, რომ ახალგაზრდა ფორვარდი ქებით ცაში არ აიყვანონ - გასულ სეზონში მაურო იკარდიმაც შეასრულა პოკერი. მასზე არათუ კლუბებმა, იტალიის და არგენტინის ნაკრებებმა გააჩაღეს ნადირობა, მაგრამ მას შემდეგ ხეირიანი აღარაფერი უქნია.

ვის აკვირდებოდა მოიესი?
"კალიარი"-"იუვენტუსის" მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი დევიდ მოიესი დაესწრო და ატყდა ერთი ამბავი: თუ ვის აკვირდებოდა მანჩესტერელთა მწვრთნელი. ყველაზე ხშირად კლაუდიო მარკიზიოზე საუბრობდნენ, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც დავიდე ასტორი წამოსწია წინა პლანზე. ბოლოს კომენტარი თავად მოიესმა გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"ვის ვაკვირდებოდი? - არავის და ეს თემა ამით ამოვწუროთ. უქმეების სარდინიაზე გატარება გადავწყვიტე და საფეხბურთო მატჩსაც დავესწარი. მგონი, ამაში ცუდი არაფერია, მით უმეტეს, კარგი თამაში გამოვიდა და ვისიამოვნე"
.

ბოლო დღეებში პრესა უფრო დავიდე ასტორის ვარიანტისკენ იხრებოდა და ვინ იცის, იქნებ მართლაც "კალიარის" მცველს აკვირდებოდა მოიესი - თუმცა სარდინიელი უკანახაზელი ისე გაარღვიეს "იუვეს" შემტევებმა, რომ იმ თამაშის მიხედვით, მისი გადაბირების სურვილი არავის გაუჩნდებოდა.

"ნაპოლის" პირველი იტალიური გოლი
რაფაელ ბენიტესი იმუქრება, სეზონის მეორე ეტაპს ერთი ამოსუნთქვით ჩავატარებთ და არათუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთო. ჯერჯერობით რაფა ასრულებს სიტყვას და 2014 წელს მისი გუნდი შესანიშნავად ირჯება - ნეაპოლელებმა ორიდან ორი მატჩი მოიგეს, ხუთი გოლი შეაგდეს და არც ერთი არ გაუშვიათ.

საგულისხმოა, რომ გასულ უქმეებზე "ნაპოლის" პირველი იტალიური გოლი შედგა მიმდინარე სეზონში - დიახ, ლორენცო ინსინიეს აქამდე არ გაეტანა და კაცმა რომ თქვას, სხვა იტალიელი მეგოლე სამხრეთელებს არც ჰყავთ.

მწვრთნელთა სამსხვერპლო
გასულმა ტურმა ორი მწვრთნელი შეიწირა - მასიმილიანო ალეგრის და დავიდე ნიკოლას კარისკენ მიუთითეს. ნიკოლა "ლივორნოს" მწვრთნელი იყო და ამბობენ, რომ მისი ადგილი, შესაძლოა, ჯოვანი ტრაპატონიმ დაიკავოს. განიხილება დომენიკო დი კარლოს და სერსე კოზმის კანდიდატურებიც.

უფრო დიდი რეზონანსი, რა თქმა უნდა, მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლებამ გამოიწვია, რომელსაც ბოლო ინფორმაციით, კლარენს ზეედორფი შეცვლის. ასე დასრულდა ალეგრის 3.5-წლიანი მილანური კარიერა - ამ პერიოდში "როსონერიმ" სკუდეტო მოიგო, ერთხელ მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი და ერთხელაც სამეულით დაკმაყოფილდა.

ტურის სიმბოლური ნაკრები (4-3-3)
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIX ტური: რეკორდული "იუვე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული