იტალია. სერია A. XXI ტურის შეჯამება და სიმბოლური: რომაული ჯეკპოტი

AutoSharing Option
21-ე ტური ყველაზე წარმატებული "რომასთვის" გამოდგა - რუდი გარსიას გუნდმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, რაც კონკურენტთა წაფორხილების ფონზე განსაკუთრებულად დაფასდა. "იუვენტუსმა" "ლაციოსთან" ქულები გაიყო, "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "კიევოს" ვერ დააკლო ვერაფერი და ვერც "ფიორენტინამ" იმარჯვა "ჯენოასთან" პაექრობაში.

მარტო კაცი ვერას გახდა
ტურის უკანასკნელი შეხვედრა ფლორენციაში გაიმართა, სადაც "ფიორენტინამ" "ჯენოას" უმასპინძლა და ფავორიტად შერაცხილმა მხოლოდ ქულა აიღო. ბენეფისი მოიწყო ალბერტო აკვილანიმ, მაგრამ გამარჯვებისთვის არც მისი ჰეთ თრიქი აღმოჩნდა საკმარისი.

გენუელებს შეტევაში წაუვიდათ თამაში და აკვილანის ჰეთ თრიქს სამი გოლით უპასუხ
ეს. ეს იყო ნამდვილი საფეხბურთო თრილერი, რომელიც ფლორენციელთა უპირატესობის მიუხედავად, ალბათ სამართლიანი შედეგით დასრულდა. ამჯერად, ბევრს ვერაფერს გახდა ალესანდრო მატრი, რომელსაც "ვიოლაში" ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა და მასზე დიდი ავანსები გაიცა. მოკლედ, "ვიოლამ" უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, რამაც ვინჩენცო მონტელას ძალიან დასწყვიტა გული:

"მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა ქულების დაკარგვაც ჩვენივე ბრალია. როდესაც წინ გავედით, ჩავთვალეთ, რომ საქმე გაკეთდა და მოვდუნდით, რაც უბრალოდ დაუშვებელია. უფრო მეტი დრო მიეცემა თუ არა ალბერტო აკვილანის? - ის არც არასდროს ყოფილა სათადარიგო მოთამაშე და მასზე ყოველთვის ვამყარებდი იმედებს. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება, მთავარი ბრძოლები წინ გველის"
.

"მილანი" ჩვეულ სტიქიაში
მიმდინარე სეზონი "მილანისთვის" უმძიმესია, მაგრამ ამ გუნდს მაინც გამორჩეული ბრძოლისუნარიანობა ახასიათებს. მასიმილიანო ალეგრის ხელში, "როსონერიმ" რამდენიმე წაგებული მატჩი გადაარჩინა და ეს ტრადიცია კლარენს ზეედორფის თავკაცობითაც გაგრძელდა. "მილანი" "კალიარისთან" მარცხდებოდა, თუმცა ბოლო 4-5 წუთში ზეს შეგირდებმა თამაშის ბედი სათავისოდ შეატრიალეს - ჯერ მარიო ბალოტელიმ გაქვითა ანგარიში, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა ჯამპაოლო პაცინიმ გაიბრწყინა. კლარენსმა პრესასთან ემოციური კომენტარი გააკეთა:

"ვიცი, რომ იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მიზანს მივაღწიეთ - მოვიპოვეთ სამი ქულა, რომელიც ჰაერივით გვჭირდებოდა. ამ გამარჯვებამ ჩემი მილანური წლები გამახსენა ფეხბურთელის რანგში, წინ დიდი ბრძოლა, სასიამოვნო ნერვიულობა და უდიდესი გამარჯვებები გველის. ამ გუნდს აქვს ხასიათი, რომელიც გამარჯვებაში დაგვეხმარება".


აქვე ვთქვათ, რომ "კალიარისთან" პაექრობისას მარიო ბალოტელიმ ყვითელი ბარათი მიიღო, გაფრთხილებათა ლიმიტი ამოწურა და მომდევნო ტურში "ტორინოსთან" პაექრობის გამოტოვება მოუწევს. სამაგიეროდ, დასვენებული შეხვდება 23-ე ტურში დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს პაექრობას "ნაპოლისთან".

ბოიკოტი პრესას?
"იუვენტუსი" "ლაციოს" კაცნაკლული ეჭიდავა და ფრეს გამორჩა, თუმცა ამ გუნდისგან იმდენად ვართ შეჩვეულნი მოგებას, რომ ბევრმა შედეგი წარუმატებლობად მიიჩნია. სამაგიეროდ, კმაყოფილი გახლდათ ანტონიო კონტე, რომელმაც შეგირდებს გარჯა შეუქო, შემდეგ კი ჟურნალისტებს შემოსწყრა - ანტონიოს გაბრაზება იმ კითხვამ გამოიწვია, რომელიც მირკო ვუჩინიჩის და ფრედი გუარინის გაცვლას ეხებოდა... კონტეს თქმით, მიმდინარე სეზონში ის აღარ გამართავს პრესკონფერენციებს. ამ თემაზე ჟურნალისტებმა კლუბის დირექტორს, პაველ ნედვედს მიმართეს და მისგან შემდეგი მოისმინეს:

"კონტეს კომენტარს გავეცანი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ანტონიო ჟურნალისტებს ბოიკოტს უცხადებს. ამ თემაზე აუცილებლად დაველაპარაკები და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მწვრთნელის კარგად მესმის, რადგან მედიის წარმომადგენლები ხშირად მართლაც მომაბეზრებლად იქცევიან"
.

და მაინც, ჟურნალისტებთან ჭიდილი "ლაციოსთან" დაკარგულმა ქულებმა განაპირობა - ანტონიოს ეტყობოდა გაღიზიანება და სავარაუდოდ, სიბრაზე ჟურნალისტზე გადაიტანა; ვნახოთ, გამოუცხადებს თუ არა "იუვეს" თავკაცი სპორტულ მედიას ბოიკოტს...

ინტერისტების პროტესტი
"ინტერმა" კიდევ ერთ შეხვედრაში შეირცხვინა თავი და ამჯერად სატურნირო ცხრილის აუტსაიდერს ვერ მოუგო, თანაც, საკუთარ მოედანზე. ვალტერ მაცარის შეგირდები უშედეგოდ უტევდნენ სიცილიელებს და საბოლოოდ, მხოლოდ ფრეს გამორჩნენ.

კიდევ ერთი უსახური მატჩი, რომელმაც "ინტერის" ტიფოზერიას მოთმინების ფიალა აუვსო - თუმცა, ულტრასებს ფიალა მატჩის დაწყებამდეც ავსებული ჰქონდათ, როდესაც გასახდელებთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს. გულშემატკივრებს არ მოსწონთ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა, რომლის მწვერვალი ფრედი გუარინის მირკო ვუჩინიჩში გაცვლის მცდელობა გახლდათ. ფრედი "ნერაძურის" ერთ-ერთი ლიდერია და ქომაგთა დიდ ნაწილს, უბრალოდ, არ ესმის, რატომ მოუვიდათ კლუბის მესვეურებს მისი ვუჩინიჩში გაცვლის იდეა. საბოლოოდ, ბარტერი ჩაიშალა, მაგრამ დღეს "ინტერს" არც ვუჩინიჩი ჰყავს და აღარც გუარინი...

დიახ, ფრედი იმდენად განაწყენდა კლუბის მესვეურებზე, რომ ვარჯიშზე არ გამოცხადდა. შედეგად, მატჩების განაცხადში ვეღარ ხვდება. მოკლედ, ვითარება გასახდელშიც აირია და ამაში ლომის წილი მართლაც კლუბის მესვეურებს მიუძღვით.

"კატანიასთან" მატჩის დასრულებისთანავე, ულტრასებმა ფეხბურთელებს ობსტრუქცია მოუწყვეს და გასახდელისკენ გამაყრუებელი სტვენის ფონზე გააცილეს. მოკლედ, "ნერაძური" რთულ ვითარებაშია - მატჩამდე საპროტესტო აქციები, მატჩის შემდეგ ობსტრუქციები.

თავის მხრივ, გულშემატკივრებს მაცარიც გაუნაწყენდა და შემდეგი განაცხადა: "ქომაგები რომ უკმაყოფილონი არიან, გასაგებია, მაგრამ ეს პროტესტი კარგს არაფერს მოგვიტანს. კარგი იქნება, თუ გულშემატკივრები უფრო აქტიურად დაგვიჭერენ მხარს, თორემ ხანდახან მგონია, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ვთამაშობთ. ასე რომ, ჯობია გავერთიანდეთ და პრობლემები ერთად დავძლიოთ".

"იუვეს" ღირსი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 21-ე ტური ყველაზე წარმატებული "რომასთვის" გამოდგა. დედაქალაქური გუნდი ლიდერ "იუვენტუსს" 6 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა და სკუდეტოსთვის ბრძოლის შანსი გაიუმჯობესა. ესეც რომ არა, "ნაპოლისთან" გაზარდა ფორა და კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიცია მეორე ადგილზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში იძლევა ადგილს. მოკლედ, ამ უქმეებზე "რომანისტებს" გაუმართლათ, რამაც ალბათ ნეიტრალური გულშემატკივრებიც გაახარა - ტიფოზებს სკუდეტოსთვის დაძაბული ბრძოლის ხილვა სურთ.

"რომამ" გასვლაზე კერკეტი "ვერონა" დაამარცხა, ნამატჩევს კი ფრანჩესკო ტოტი "იუვენტუსს" შეედარა:
"ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ღირსნი ვართ, "იუვენტუსს" კონკურენცია გავუწიოთ. ჩამორჩენა შემცირდა და ეს იმედს გვიღვივებს; "რომამ" უნდა იბრძოლოს სკუდეტოსთვის, ეს ჩვენი მიზანია"
.

შედარებით მოკრძალებული იყო რუდი გარსია, რომლის თქმითაც, გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს: "განსაკუთრებით კარგად ჩავატარეთ მეორე ტაიმი და დამსახურებულად მოვიგეთ. მიყვარს მეტოქისთვის ცხოვრების გართულება ანტრაქტის შემდეგ, სწორი ცვლილებებით - გუნდი კარგ ფორმაში მყავს, ფეხბურთელები თამაშიდან თამაშამდე უმატებენ და ეს ოპტიმიზმით მავსებს".

ტურის სიმბოლური ნაკრები (4-3-2-1)
ფრიზონი (კატანია) - სარდო (კიევო, მარჯვ.), ალბიოლი (ნაპოლი, ცენტრი), პალეტა (პარმა, ცენტრი), მორეტი (ტორინო, მარცხ.) - გრეკო (ლივორნო, ცენტრი), აკვილანი (ფიორენტინა, მარჯვ.), ანტონინი (ჯენოა, მარცხ.) - კანდრევა (ლაციო, მარჯვ.), ჟერვინიო (რომა, მარცხ.) - ამაური (პარმა, ფორვ.).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული