"ლაციოსა" და "მილანის" ყოფილი ვარსკვლავი, რომელმაც სათამაშო კარიერის ბოლო სეზონი "მონრეალში" გაატარა, თავისი შთამბეჭდავი კარიერის გამორჩეულ მომენტებს იხსენებს, საუბრობს ყოფილ კლუბებზე, ნაკრებზე, მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ასე შემდეგ...…
- გაიხსენეთ ბავშვობის წლები და გვითხარით როგორ შეგიყვარდათ ფეხბურთი და რამდენად დიდი გავლენა მოახდინა მამათქვენმა
- მთელი ბავშვობა ფეხბურთზე ფიქრში გავატარე. როდესაც სკოლა მიმთავრდებოდა, იმ წუთასვე ეზოში გავრბოდი რომ დაღამებამდე მეთამაშა. 7 წლის ასაკში მამამ ჩვენს სიახლოვეს მყოფ კლუბ "ჩინეჩიტაში" შემიყვანა, რომელიც "რომასთან" იყო დაკავშირებული. რამდენიმე თვეში "რომას" სკაუტები მოვიდნენ და მამას ჰკითხეს, გადავიდოდი თუ არა მათთან, მაგრამ მამაჩემმა, როგორც "ლაციოს" თავგადაკლულმა გულშემატკივარმა მათ უარი უთხრა და კიდევ ცოტა ხანში "ლაციოში" აღმოვჩნდი. მამა კი უბედნიერესი იყო.
- თქვენ ჯერ კიდევ პატარა იყავით, როდესაც "ლაციოს" მაშინდელ ვარსკვლავთან პოლ გასკოინთან ინციდენტი შეგემთხვათ და მან ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო. რამდენად იმოქმედა ამ ამბავმა თქვენზე ფსიქოლოგიურად?
- როდესაც ეს მოხდა, მე 14 წლის ბიჭი ვიყავი, ხოლო გასკოინი "ლაციოს" ისტორიაში უძვირფასესი ფეხბურთელი. მაშინ უბრალოდ ძირითად გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი ხოლმე. იმ დღეს შემოკლებულ მინდორზე ვვარჯიშობდით, პოლმა ჩემს წინააღმდეგ რამდენჯერმე ძალიან იუხეშა, მაგრამ მე პატარა ვიყავი და ხმის ამოღება აზრადაც არ მომსვლია, უბრალოდ თამაში გავაგრძელე.
შემდეგ ჯერზე, როდესაც ორთაბრძოლა მოგვიხდა, მეც ხისტი ვარდნა გამომივიდა და სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ პოლს ფეხი მოტყდა. შემდეგ იყო ქაოსი, გულშემატკივრები და ჟურნალისტები გარშემო ტრიალებდნენ, მაგრამ არავინ მადანაშაულებდა. პირველმა ვინც შენიშნა, რომ ყველაზე მეტად შეშინებული მე ვიყავი და გამამხნევა, დინო ძოფი გახლდათ.
როდესაც პოლმა ოპერაცია გაიკეთა და დაბრუნდა, მანაც მითხრა რომ ეს ჩემი ბრალი არ იყო, და ხუთი წყვილი ბუცი და სათევზაო კომპლექტი მაჩუქა. არ ვიცი რატომ გააკეთა ეს, მაგრამ მსგავსი საქციელი მის ხასიათიდან გამომდინარეა.
- როგორც ცნობილია, თქვენ მხოლოდ ბოლო მომენტში გაიგეთ, რომ "ლაციოდან" "მილანში" გადადიოდით. როგორი რეაქცია გქონდათ და რამდენი ხანი დაგჭირდათ შესაგუებლად?
- ჩემი ტრანსფერი "მილანში" გასაიდუმლოებული და ძალიან უცნაური იყო. ეს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მოხდა. დილით ფორმელოს ბაზაზე ჩვეულებრივად ვვარჯიშობდი, მოგვიანებით მასიმო კრანიოტიმ დამიძახა (სერჯო კრანიოტის ვაჟი და "ლაციოს" მაშინდელი პრეზიდენტი) და როდესაც მასთან მივედი, მითხრა რომ "მილანში" გადავდიოდი.
არაფრის თქმა არ შემეძლო, რადგან ყველამ იცოდა თუ რა მდგომარეობაში იყო მაშინ გუნდი და როგორი ფინანსური პრობლემები ჰქონდა. იმავე საღამოს "სან სიროზე" აღმოვჩნდი 60 ათასი მაყურებლის თვალწინ. გარკვეული ტრავმა გარდაუვალი გახლდათ, ეს ყველაფერი ცოტა შოკისმომგვრელი იყო.
- "ლაციოს" გულშემატკივრების უმეტესობამ ეს ტრანსფერი მტკივნეულად მიიღო და ხშირად გამყიდველადაც გიხსენიებდნენ. ეს კიდევ გაწუხებთ? ფინანსური პრობლემები რომ არა, "ლაციოში" კიდევ დიდი ხნით დარჩებოდით?
- გუნდს დიდი ვალები ჰქონდა. ფეხბურთელების ხელფასიც არ იყო 6 თვე გადახდილი. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან წასვლა მომიხდებოდა და ისიც ვიცოდი, რომ კლუბი ჩემი გაყიდვით ყველაზე დიდ ფულს აიღებდა და ეს დაეხმარებოდა. სწორედ ამიტომ არ ვთვლი თავს მოღალატედ.
- ალესანდრო კოსტაკურტა, პაოლო მალდინი და ტიაგო სილვა... ყველაზე მეტად რომლის გვერდით თამაში გსიამოვნებდათ?
- ერთს ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველას გვერდით სასიამოვნო იყო თამაში და ყველას ჰქონდა თავისი განსხვავებული თვისება.
- "მილანიდან" "სენატორები" ერთდროულად წავიდნენ, მაგრამ ყველა ისევ ფეხბურთშია დასაქმებული. ხომ არ ფიქრობთ, რომ "როსონერიში" კიდევ ერთი-ორი სეზონი შეგეძლოთ თამაში?
- ბოლო წლებში "მილანში" სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ვგულისხმობ ხალხსაც და მენტალიტეტსაც. სიმართლე ითქვას, თავს კომფორტულად ვეღარ ვგრძნობდი და როდესაც ასეა, ცვლილების დროა.
- "მილანის" ამჟამინდელ მდგომარეობაზე რას იტყვით? რა სჭირდება გუნდს იმისთვის რომ ევროსარბიელზე ელიტას დაუბრუნდეს?
- ახლა გუნდი იმდენს ვერ ხარჯავს, როგორც ადრე. ხოლო თუ ბევრ ფულს ვერ ხარჯავ, ვერც ევროპის ელიტაში იქნები. ახლა ყველაფერი მარტივადაა.
- ბოლო პერიოდში "როსონერის" მუდმივად უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავდა ხოლმე. რისი ბრალი იყო ეს, მასიმილიანო ალეგრის მეთოდების თუ უბრალოდ უიღბლობის?
- არა მგონია ეს ალეგრის ბრალი ყოფილიყო. ბევრი ფეხბურთელის ტრავმა ადრეც პრობლემა გახლდათ. შესაძლოა ეს უბრალო შემთხვევითობაა ხოლმე ან არც, ვინ იცის?
- თქვენ რომაელი ხართ და მშობლიური ქალაქის კლუბებზე რა აზრის ხართ? შეუძლიათ "რომასა" და "ლაციოს" უახლოეს მომავალში რომის იტალიური ფეხბურთის დედაქალაქად ქცევა, ისევე როგორც ეს 1999-2001 წლებში იყო?
- "რომა" ამ სეზონში კარგად გამოიყურება, "ლაციო" არც ისე. ვფიქრობ, უახლოეს წლებში სერია A-ს სათავეში "იუვენტუსი" იქნება. რომაული კლუბები ჯერ ცოტა უკან არიან.
- მატია დე შილიოზე რას იტყვით? თქვენს მერე, გულშემატკივრები ასეთივე ნიჭიერი ახალგაზრდა იტალიელი მცველის მოლოდინში არიან. შეუძლია დე შილიოს ამ დონეზე თამაში?
- "მილანში" ჩემი ბოლო სეზონისას დე შილიოსთან ერთად თამაში მომიწია. იგი მართლაც ბრწყინვალე მცველია. დე შილიო იმ იშვიათშა შორისაა, რომლებიც ერთი-ერთზე არასოდეს არ ტყუვდებიან. ვფიქრობ, მას შეუძლია კიდევ გაიზარდოს და დიდი იტალიელი მცველების კვალს გააჰყვეს.
- 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება თქვენი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა. თუმცა მუნდიალის მთავარი ნაწილის ტრავმის გამო გამოტოვება ძალიან გულდასაწყვეტი იქნებოდა...
- მართლაც ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ფინალში ვერ თამაში ჩემთვის დიდი დარტყმა გახლდათ.
- შეუძლია იტალიას მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე იგივეს გამეორება. რა არის ყველაზე დიდი სხვაობა ამჟამინდელ და 2006 წლის ნაკრებებს შორის?
- ჩემი აზრით, ბრაზილიაში მოგება იტალიას გაუჭირდება. მთავარ ფავორიტებად მასპინძლები მიმაჩნია. სხვაობას რაც შეეხება, ამ და 2006 წლის ნაკრებებს შორის ბევრი სხვაობაა, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ იმ ნაკრების ფეხბურთელები წლების მანძილზე თამაშობდნენ ერთად, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.
- რომელი იყო უფრო მტკივნეული - 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალის წაგება საფრანგეთთან თუ 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგება "ლივერპულთან"?
- ალბათ საფრანგეთთან წაგება ევრო 2000-ზე, რადგან იმ დროს ბევრი ტიტული მოგებული არ მქონდა.
- ვინ არის საუკეთესო ფორვარდი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
- რასაკვირველია, ბრაზილიელი რონალდო. ნამდვილი ტალანტი და საუკეთესო.
- ბევრი ექსპერტი და ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში კლასიკური დაცვის კულტურა ქრება და ისეთ ხელოვნებას აღარ წარმოადგენს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ვფიქრობ, ახლა მცველებს უფრო ბურთთან თამაშს ასწავლიან, ვიდრე რეალურად მცველობას. ერთი მხრივ, ეს კარგია, მეორე მხრივ, კი საბაზისო ელემენტების სწავლაც არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორიც მაგალითად მეტოქის პერსონალური მეურვეობაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"