"მილანმა" ალესიო ჩერჩის დაუმიზნა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "მილანს" კლარენს ზეედორფი ჩაუდგა სათავეში, გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკაზე გადავიდა, ამ სქემაში კი გარემარბებს უდიდესი როლი აკისრიათ. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ლომბარდიული გრანდის მესვეურები ალესიო ჩერჩის გადაბირებით დაინტერესდნენ.

"ტორინოს" 26 წლის შემტევს ფორვარდადაც შეუძლია თამაში, მაგრამ უფრო კომფორტულად თავს სწორედ ფლანგზე გრძნობს.

ერთი სიტყვით, მილანელები ჩერჩით დაინტერესდნენ და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ტურინელებს წინადადებით მიმართეს - ლომბარდიელები მზად არიან, ალესიოს სანაცვლოდ "ტოროს" ბიუჯეტში 10 მილიონი ევრო გადარიცხონ და ზედ, იჯარის წესით, ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მიაყოლონ: ან რიკარდო
საპონარა, ანაც ვალტერ ბირსა. მილანელები ზაფხულშიც ცდილობდნენ ჩერჩის გადაბირებას, მაგრამ მაშინ მხარეებმა თანხაზე ვერ მოილაპარაკეს. "ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, ჩერჩის საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა. ვნახოთ, რა პასუხი ექნებათ ტურინელებს...

მილანურ-ნეაპოლური როქი
"მილანთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ცნობა ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, დიდი შანსია, "მილანმა" და "ნაპოლიმ" ფეხბურთელები გაცვალონ. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, შეთანხმება, პრაქტიკულად, შემდგარია და უახლოეს მომავალში კევინ კონსტანტი და პაბლო არმერო გუნდებს გაცვლიან.

კოლუმბიელი მცველი კარიერას ლომბარდიულ გრანდში გააგრძელებს და მარცხენა ფრთაზე მატია დე შილიოს გაუწევს კონკურენციას. ისე, პაბლოს გარემარბადაც უთამაშია და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კლარენს ზეედორფი მას წინ მოიაზრებდეს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, კლუბები პრაქტიკულად შეთანხმდნენ. "მილანში" გადასვლის სურვილი პაბლომაც გამოთქვა და ჯერი კევინზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული