იტალია. სერია A. XXIII ტურის წინ: დიდი რომაული გარჩევა

AutoSharing Option
ამ უქმეებზე, კალჩოს მოყვარულებს მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლებათ - სერია A-ს 23-ე ტური ბევრ საინტერესოს გვპირდება და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოახლოებულ ბატალიებს.

მაშ ასე, "სტადიო ოლიმპიკოზე" რომაული დერბი შედგება, "მილანი" ნეაპოლში ჩავა, "იუვენტუსი" კი ლიდერთა შორის მყოფ "ვერონას" ესტუმრება.

რომაული დერბი
დერბი ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და მით უმეტეს, როდესაც ერთმანეთის პირისპირ რომაული გუნდები არიან.

უკვე დიდი ხანია, "რომას" და "ლაციოს" დაპირისპირებას იტალიის დროით, 15.00 საათზე ნიშნავენ, დღისით, მზისით, რადგან ასეთ დროს, გულშემატკივართა შორის შეტაკების ალბათობა გაცილებით დაბალია.

მოკლედ, რომაულ
დერბიზე უსაფრთხოების თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, თუმცა ეს საქმე სამართალდამცავებს მივანდოთ და ჩვენ გუნდებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

"ლაციოს" ბანაკში
მას შემდეგ, რაც "ლაციოს" ედუარდო რეია დაუბრუნდა, მწვრთნელი მუდმივ ძიებაშია - ხან 4-5-1 სქემას იყენებს, ხან 3-5-2-ს და ხანაც 3-4-3-ს.

ამჯერად, რეიას არჩევანი სამ შემტევზე გაკეთდება და წინა ხაზზე მიროსლავ კლოზესთან ერთად, ბალდე კეიტას და ანტონიო კანდრევას ვიხილავთ. შესაბამისად, "ბიანკოჩელესტე" შემტევ, უფრო გახსნილ ფეხბურთს ითამაშებს, რაც უდაოდ მისასალმებელი ამბავია. რეიას სიტყვები ამაში გვარწმუნებს:

"მეტოქე იდეალურად შეთამაშებული გუნდია, რომლის თითოეული ფეხბურთელი ტექნიკურად კარგად არის აღჭურვილი. ამიტომ, თუ "რომანისტებს" ბურთის ფლობის საშუალებას მივცემთ, ჩვენ კი საკუთარ ნახევარზე დავიწევთ, აუცილებლად დავისჯებით.

მაქსიმალურად აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, ბურთი მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ და სასურველ მიზანს ასე მივაღწიოთ".

"ლაციო" აღმავლობის გზაზეა, რეიას გუნდი ნომინალური მასპინძელი იქნება და გულშემატკივართა მეტი მხარდაჭერითაც ისარგებლებს.

"რომას" ბანაკში
რუდი გარსია ტრადიციას არ უღალატებს და გუნდს კვლავ 4-3-3 ტაქტიკით განალაგებს. შეტევაში კლასიკურ სამეულს ვიხილავთ: ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო ფლორენცი, ჟერვინიო.

ამჯერად, თადარიგში დარჩებიან მატია დესტრო და ადემ ლიაიჩი. ოთხშაბათს "ჯალოროსიმ" ურთულესი მატჩი გადაიტანა თასზე, რაც "ლაციოს" პლუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ. "ნაპოლისთან" სათასო პაექრობის შემდეგ, გარსიამ ვრცელი კომენტარი გააკეთა და მოახლოებულ დერბისაც შეეხო:

"უკან ურთულესი მატჩი მოვიტოვეთ და წინ არანაკლებ დაძაბული პაექრობა გველის. ძალები უნდა აღვიდგინოთ, რათა "ლაციოსთან" ჯახს მომზადებულნი შევხვდეთ. ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის, სხვა მხრივ, განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავთ. ქალაქში უკვე იგრძნობა დერბის ატმოსფერო და ეს ფეხბურთელებზეც მოქმედებს. საბრძოლველად ვართ შემართულნი, დანარჩენს კი დრო გვიჩვეებს".

"რომა" "იუვენტუსის" მდევარია, წაფორხილების უფლება არ აქვს და აუცილებლად შეუტევს - გარსიას გუნდს ფრე არაფერში სჭირდება.

შანსი "ნაპოლის"
სერია A-ს ბოლო ტურებში "ნაპოლი" წარუმატებლად ასპარეზობს, რასაც თასის ნახევარფინალში მარცხიც დაემატა. მოკლედ, რაფაელ ბენიტესის გუნდს ჩავარდნა აქვს, რომლის დასაძლევადაც ამ უქმეებზე კარგი შანსი ეძლევა.

"მილანის" დამარცხება ნეაპოლელებისთვის დიდი მუხტი და სტიმული იქნება - ამ "მილანის" ძლევა რომ დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ყველამ კარგად ვიცით. მოკლედ, სამხრეთელებს ერთი "გემრიელი" გამარჯვება სჭირდებათ და საამისოდ, შესანიშნავი შანსი აქვთ.

ბენიტესი წინა ხაზზე გონსალო იგუაინს გაამწესებს, შუიდან კი მას დრის მერტენსს, მარეკ ჰამშიკს და ხოსე კალეხონს დაახმარს. მოკლედ, რაფას ექსპერიმენტებისთვის აღარ სცალია და ამჯერად, სასტარტოში იგუაინი-ჰამშიკი იქნებიან და არა პანდევი-საპატა.

ნეაპოლელებს სკუდეტოზე პრაქტიკულად ჩაქნეული აქვთ ხელი, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოპოვება სჭირდება - ამიტომ, რაფა შეგირდებს მოგებაზე გეშავს და ტიფოზებიც განსაკუთრებულად ემზადებიან.

"ლეგა კალჩოს" მესვეურებმა "მილანის" ულტრასებს ნეაპოლში ჩასვლისგან თავის შეკავება ურჩიეს, მაგრამ რჩევა ყურად არავინ იღო - "როსონერის" ტიფოზებიც მობილიზებულნი არიან და ესეც კიდევ ერთი თავსატეხია სამართალდამცავებისთვის. მოკლედ, ამ უქმეებზე კარაბინიერებს სრული მობილიზება მართებთ.

თავად "მილანი" მოსაგებად ემზადება, რადგან კლარენს ზეედორფს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ევროპალიგის სგზურის მოპოვება შესაძლებელია. მარიო ბალოტელი ერთადერთი ფორვარდი იქნება, ფლანგებიდან მას კეისუკე ჰონდა და რობინიო მიეხმარებიან, სიღრმიდან კი რიკარდო კაკა შეუტევს. მიკაელ ესიენი თადარიგში მოიაზრება, საყრდენ ხაზს კი სავარაუდოდ, ნაიჯელ დე იონგი და რიკარდო მონტოლივო გაამაგრებენ.

ლიდერი ვერონაში
რთული მატჩი ელის "იუვენტუსს", რომელსაც "ვერონასთან" უწევს სტუმრობა, იქ კი დიდი სტუმართმოყვარეობით ნამდვილად არ გამოირჩევიან.

ანტონიო კონტე ნაცად სქემას აირჩევს და ნაცად შემადგენლობას დაეყრდნობა, მასპინძელთა მთავარი კოზირი კი კვლავაც მძიმე ფორვარდი ლუკა ტონია, რომელსაც ზურგს ახალგაზრდა და რეაქტიული ნახევარმცველები უმაგრებენ - ეს სინთეზი ჯერჯერობით ამართლებს და საინტერესოა, გაამართლებს თუ არა ლიდერთან პაექრობისას.

"იუვე" პირველია სატურნირო ცხრილში და პოზიციის გამტკიცებას შეეცდება - "ვერონას" მეხუთე ადგილზე უჭირავს თავი, მაგრამ ერთი ფეხის დაცდენა შესაძლოა სამი-ოთხი პოზიციის დაკარგვად დაუჯდეს.

ასე რომ, გუნდები თავს არ დაზოგავენ და წესით, კარგი ჯახი უნდა ვიხილოთ.

იტალია. სერია A. XXIII ტური
8 თებერვალი
ფიორენტინა-ატალანტა 21.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: გომესი, ტომოვიჩი, ჰეგაზი, აკვილანი, როსი, ამბროზინი - სკალონი, ბელინი, ლივაია.
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +11=11-5, (43-27)

უდინეზე-კიევო 21.00
დისკვალიფიკაცია: პინცი, ალანი - ფრეი, რადოვანოვიჩი.
ტრავმა: ბრკიჩი - პარედესი, კალელო.
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 0-3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +9=9-7, (30-27)

ნაპოლი-მილანი 23.45
დისკვალიფიკაცია: ბონერა (მილანი).
ტრავმა: ცუნიგა, მესტო, რევეიერი - ელ შაარავი, საპატა, სილვესტრი, პოლი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +5=11-9, (23-30)

9 თებერვალი
რომი. "ოლიმპიკო". 18.00
ლაციო-რომა
დისკვალიფიკაცია: ბილია (ლაციო).
ტრავმა: ალფარო, ედერსონი - ბალცარეტი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +14=13-16, (52-61)
ლაციო (3-4-3): მარკეტი - ბიავა, დიასი, რადუ - კავანდა, ლედესმა, ონაზი, ლულიჩი - კანდრევა, კეიტა, კლოზე.
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, ბენატია, კასტანი, ტოროსიდისი - პიანიჩი, დე როსი, სტროტმანი - ჟერვინიო, ფლორენცი, ტოტი.

ტორინო-ბოლონია 15.30
დისკვალიფიკაცია: ჟილე - კონე, მოსკარდელი.
ტრავმა: ლარონდო, გაცი - ჩეხი, დელა როკა.
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4=7-2, (16-16)

ვერონა-იუვენტუსი 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: დონატი, მაიეტა - კვალიარელა.
ბოლო 6 შეხვედრა
3-0-3 5-1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +1=1-9, (8-16)

ლივორნო-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: მბაიე (ლივორნო).
ტრავმა: სილიგარდი - გამბერინი, დონარუმა, კუჩკა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3=5-1, (10-8)

პარმა-კატანია 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: პავარინი, ობი - ალვარესი, ფრიზონი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +2=6-7, (15-22)

სამპდორია-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: მუსტაფი - დესენა.
ტრავმა: პიზანო - იბარბო.
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +11=14-14, (51-50)

ინტერი-სასუოლო 23.45
დისკვალიფიკაცია: მენდესი (სასუოლო).
ტრავმა: კამბიასო, ალვარესი - ტერანოვა, ალექსე, აჩერბი, მაზუჩი, მანიანელი, გაცოლა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (7-0)

ბომბარდირები:
14 - როსი (ფიორენტინა); 12 - ბერარდი (სასუოლო); 11 - ტევესი (იუვენტუსი), იმობილე (ტორინო), ვიდალი (იუვენტუსი); 10 - პალასიო (ინტერი), იგუაინი (ნაპოლი), ჩერჩი (ტორინო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული