იტალიის თასი. 1/2-ფინალი: რა მოხდება "სან პაოლოზე"? [VIDEO]

AutoSharing Option
ხუთი გოლი, უამრავი სახიფათო მომენტი, ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე და ზღვა ემოციები - ეს ყველაფერი იტალიის თასის ნახევარფინალურ პაექრობაში, რომელშიც "რომამ" "ნაპოლის" პირველი რაუნდი მოუგო, 3:2. ანგარიში დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, წინ მეორე მატჩია, ნეაპოლში, შესაძლოა კიდევ უფრო ცხელი და კიდევ უფრო დაძაბული.

რომაული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რაც ორ გოლში აისახა. მე-13 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ფრანჩესკო ტოტიმ გოლკიპერთან პირისპირ ჟერვინიო გაიყვანა. ამ უკანასკნელმა ოსტატურად ჩამოიცილა პეპე რეინა და ბურთი დაუცველ კარში შეაგორა. ტაიმის შუაწელს, კევინ სტროტმანმა გაიბრწყინა, დაახლოებით 25
მეტრიდან დაარტყა და ბურთი ცხრიანში "ჩაჭედა". ჰოლანდიელმა მართლაც ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც ნებისმიერ საფეხბურთო მატჩს დაამშვენებდა.

მეორე ტაიმში კი ნეაპოლელებმაც გამოიღვიძეს. თამაში ახალი განახლებული იყო, როდესაც გონსალო იგუაინი მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ჩააწოდა, ბურთზე გამოსულმა მორგან დე სანკტისმა კი საკუთარი კარი დალაშქრა. ასეც ხდება, მეკარემ ბურთს უშნოდ დაუხვედრა ხელი და მისთვის ყველაზე არასასურველი მიმართულება მისცა. ამასობაში დრის მერტენსი ჩაერთო თამაშში, რომელმაც მატჩის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე გაქვითა კიდეც ანგარიში - ბელგიელმა თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

რომაელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ და გამარჯვების გოლის გასატანად დიდი ძალებით წავიდნენ წინ, რამაც გაამართლა - 88-ე წუთზე მასპინძლებმა სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, დასარტყმელ პოზიციაზე ჟერვინიო გაიყვანეს, რომელმაც მეკარისაგან ახლო კუთხე დალაშქრა. კოტდივუარელი მატჩის გმირი გახდა - გოლებისა გარდა, მოედანზე კოლოსალური სამუშაო შეასრულა.

ის, რაც "სტადიო ოლიმპიკოს" ტრიბუნებზე ხდებოდა, სიტყვებით რთული გადმოსაცემია, მაგრამ რა მოხდება "სტადიო სან პაოლოზე"? - აი, ეს არის საკითხავი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რომა-ნაპოლი 3:2
გოლები: 1:0 ჟერვინიო (13), 2:0 სტროტმანი (32), 2:1 დე სანკტისი (47-საკ. კარში), 2:2 მერტენსი (70), 3:2 ჟერვინიო (88).
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, კასტანი, ბენატია, ტოროსიდისი - ნაინგოლანი (60. პიანიჩი), სტროტმანი, დე როსი - ტოტი (65. დესტრო), ჟერვინიო, ლიაიჩი (72. ფლორენცი).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, რევეიერი (25. გულამი) - ინლერი, ფრელო - ინსინიე, კალეხონი, ჰამშიკი (66. მერტენსი) - იგუაინი (85. ბერამი).

საპასუხო მატჩები
11 თებერვალი:
ფიორენტინა-უდინეზე
12 თებერვალი:
ნაპოლი-რომა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული