რომა-სამპდორია. გამოხმაურება: "რომას" სკუდეტოსი ისევ სჯერა

AutoSharing Option
სერია A-ს 24-ე ტურის უკანასკნელი შეხვედრა 17 თებერვალს, გვიან ღამით გაიმართა, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ამბიციური გუნდები: "ვერონა" და "პარმა" წარდგნენ. ვენეტოელთა და ემილიელთა დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ორივე გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძვის. კვირა საღამოს კი თავისი მატჩი "რომამ" გამართა, რომლის შესახებაც ტურის მიმოხილვაში არაფერი გვითქვამს...

რუდი გარსიას ფრანჩესკო ტოტი აკლდა, ამიტომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე მატია დესტრო გაამწესა, ფლანგებიდან კი ახალგაზრდა ფორვარდს ჟერვინიო და ალესანდრო ფლორენცი მიახმარა. ფრანგ სპეციალისტს არ უნანია, რადგან დესტრომ დუბლი შეასრულა და ლომის წილი დაიდო მისი
გუნდის გამარჯვებაში. რომაელთა მეტოქე "სამპდორია" იყო, გუნდი, რომელიც სინიშა მიხაილოვიჩის თავკაცობით მოღონიერდა და სატურნირო ცხრილშიც ზემოთ აინაცვლა.

სინიშა პირველი გახლდათ, ვინც მიმდინარე სეზონში 4-2-3-1 ტაქტიკას დაეყრდნო და მხოლოდ შემდეგ მიბაძა მას კლარენს ზეედორფმა. კერკეტმა "სამპდორიამ" სამი უპასუხო გოლი გაუშვა მეტოქისგან, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ უბრძოლველად დანებდა. გენუელებს საგოლე მომენტებიც ჰქონდათ და მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, შესაძლოა, ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნებულიყო.

ნამატჩევს, "რომას" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ შემდეგი განაცხადა: "სათასო პაექრობაში მარცხის შემდეგ ბევრმა გაგვაკრიტიკა, დღეს კი დავამტკიცეთ, რომ "რომას" მარცხისგან კარგი გაკვეთილის მიღება შეუძლია. ჩვენ დავანახეთ ყველას, რომ დიდებული გუნდი გვყავს - იმავე "ნაპოლის" მთელი ოთხი ქულით ვუსწრებთ და ერთი მატჩით ნაკლები გვაქვს გამართული. ვამაყობ ჩემი შეგირდებით და მჯერა ჩემი გუნდის".

პრესასთან მირალემ პიანიჩმაც გააკეთა კომენტარი: "მეტოქემ გაგვიწია წინააღმდეგობა, მაგრამ მაინც დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ეს ჩვენი პასუხი იყო იმ კრიტიკოსების მიმართ, რომლებმაც "ნაპოლისთან" მარცხის შემდეგ შემოგვიტიეს. ჩვენ გვჯერა სკუდეტოსი და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული