53 წლის მაცარისთვის "ინტერი" მეშვიდე კლუბი იყო პროფესიულ კარიერაში. მან ყველაზე ნაყოფიერად "ნაპოლიში" იმუშავა. იტალიელი სპორტული ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა სენიორ ვალტერმა და მას რამდენიმე კითხვით მიმართეს.
- თუ მიიღეთ რომელიმე კლუბისგან წინადადება?
- უცხოეთიდან შემეხმიანნენ, მაგრამ უარით გავისტუმრე. მუშაობაზე არ ვფიქრობ, დასვენება მჭირდება და წინადადებებს არც ველოდები.
- ნუთუ ასე დაგწყვიტათ გული "ინტერიდან" წამოსვლამ?
- "ინტერში" მთელი გულით ვმუშაობდი,
- და მაინც, სად ისურვებდით მუშაობას?
- არსად. ვისვენებ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ფეხბურთს გულშემატკივრის როლში ვუყურებ და ეს ძალიან სასიამოვნოა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მუშაობას არ ვაპირებ.
კარიერის დასასრული?
"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ვალტერ მაცარი სერიოზულად ფიქრობს სამწვრთნელო კარიერის დასრულებას და შესაძლოა, უახლოეს დღეებში ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადოს. მაცარის კარიერის დასრულება "ნაპოლიში" მუშაობის დროსაც სურდა და ამის შესახებ ერთხელ განაცხადა კიდეც, თუმცა შემდეგ "ინტერის" შეთავაზებას ენთუზიაზმით დათანხმდა. საქმე იმაშია, რომ ვალტერს გულის პრობლემა აქვს და პერიოდულად მკურნალობის პროცესს გადის. მაცარის "ინტერთან" კონტრაქტი 2016 წლის მაისამდე აკავშირებდა და რადგან კლუბმა ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულება, კომპენსაციის სახით 5.5 მილიონ ევროს მიიღებს. ეს კიდევ ერთი მიზეზია საიმისოდ, რომ მაცარიმ ახალ სამსახურზე არ იფიქროს და მშვიდად დაისვენოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"