ერიკ ლამელა ისევ "რომას" სამიზნეში

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" მესვეურები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ერიკ ლამელას გადაბირებას აპირებენ. 22 წლის არგენტინელი შემტევი 2011-13 წლებში სწორედ "ჯალოროსიში" ასპარეზობდა და ინგლისურ "ტოტენჰემში" 28 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელებმა ლამელა კოლოსალურ თანხად შეიძინეს, მზად არიან, უფრო ნაკლებ ფასად შეელიონ. არის მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ლამელას სეზონის ბოლომდე გაანათხოვრებენ და სრულფასოვანი ტრანსფერი უკვე ზაფხულში შედგება. საქმე იმაშია, რომ ერიკი ვერ მოერგო ინგლისურ ფეხბურთს და თვითონაც სურს იტალიაში დაბრუნება. ამ თემაზე კომენტარი "რომას" სპორტულმა დირექტორმა
ვალტერ საბატინიმ გააკეთა:

"ვადასტურებ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჩვენი მიზანი გარემარბის გადმობირება იქნება. მართალია, შემტევების ნაკლებობას არ ვუჩივით, მაგრამ მწვრთნელის ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი გარემარბი არ გვაწყენდა. რაც შეეხება ერიკ ლამელას, მას კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ გუნდის გაძლიერება შეუძლია. დიახ, ჩვენ გვსურს ერიკის დაბრუნება და ვაპირებთ ლონდონელებთან მოლაპარაკების წარმოებას".

საბატინიმ მწვრთნელის ტაქტიკური მოსაზრებები ახსენა და ისე როგორ იქნებოდა, რომ იტალიელ ჟურნალისტებს ეს თემა არ განევრცოთ. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, რუდი გარსიას 4-2-3-1 სქემის დახვეწა სურს, რაც მოედანზე ერთით მეტ გამოკვეთილ შემტევს გულისხმობს. როგორც ჩანს, კიდევ ერთი გარემარბის დამატების სურვილიც აქედან მომდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ "ჯალოროსის" საბაზო ტაქტიკა 4-3-3-ია. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, თუ რომაელებს ლამელას მიმართულებით ხელი მოეცარათ, უკრაინული "დნიპროდან" ევგენი კონოპლიანკას გადაბირებას შეეცდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული