ანდრეი შევჩენკოს გზა - შეცდომა, რომელსაც უკრაინელი არ ნანობს

AutoSharing Option
ანდრეი შევჩენკომ იტალიურ ფეხბურთში დიდი კვალი დატოვა და ბუნებრივია, აპენინებზე მას კიდევ დიდ ხანს არ დაივიწყებენ.

ანდრეიმ ჟურნალისტის რამდენიმე შეკითხვას უპასუხა - უფრო სწორად კი მისი წარსულის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდები გაიხსენა. შევამ საინტერესოდ ისაუბრა.

კიევის დატოვება
ძალიან მძიმე გადაწვეტილება იყო, რადგან კიევის "დინამოში" ნამდვილი ოჯახი დავტოვე. მიმძიმდა თანაგუნდელებთან გამოთხოვება, განსაკუთრებით კი რამდენიმე მეგობართან.

თუნდაც სერგეი რებროვთან. რომელიც ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო თავდასხმაში. დიახ, შესაძლოა უფრო ძლიერ ფორვარდებთან მითამაშია, მაგრამ მას ყველაზე კარგად ვუგებდი.

კიევის დატოვება არ მინდოდა, მაგრამ ჩემი კარიერისთვის
ასე იყო საჭირო. "მილანი" ახალი გამოწვევა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო.

ლიგის გამარჯვებული
არასდროს დამავიწყდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც "იუვენტუსს" მოვუგეთ. თერთმეტმეტრიანების სერიაში ბოლო პენალტის შესრულება მხვდა წილად და ის გზა, რომელიც ცენტრიდან საჯარიმოს მოედნამდე გავიარე, ყველაზე მძიმე იყო.

გზაში ბევრი ვინერვიულე, ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ დამერტყა იმ მიმართულებით, რომელიც თავიდანვე გავიფიქრე - ჩავთვალე, რომ გადაწყვეტილების შეცვლა კარგს არაფერს მომიტანდა და მადლობა ღმერთს, ასეც მოვიქეცი.

დავარტყი და როდესაც ბურთი ბადეში გაეხვა, ენით აღუწერელი გრძნობა დამეუფლა. ჩემპიონთა ლიგის მოგება განსაკუთრებული ემოციაა.

წაგებული ფინალი "ლივერპულთან"
მატჩის შემდეგ, თვითონ ინგლისელებმა აღიარეს, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავდა და მათ გაუმართლათ. ბუნებრივია, ამით არ ვაკნინებ მათ გარჯას და გმირულ გამარჯვებას. ფაქტია, რომ მაშინ წამოუდგენლად ძლიერი გუნდი გვყავდა და ის მატჩი უნდა მოგვეგო.

3:3-ზე გატანის ბრწყინვალე შანსი მომეცა, მაგრამ ირჟი დუდეკმა სასწაული რეაქცია გამოავლინა.

იმ ეპიზოდს დიდხანს ვერ ვივიწყებდი, ერთხელ დამესიზმრა კიდეც. ფეხბურთი ყველაზე ამოუცნობი სპორტია და ის ფინალი ამის დამადასტურებელი მაგალითია. 3:0-ის შემდეგ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოგებას ხელიდან გავუშვებდით და შესაძლოა, ამ თავდაჯერებულობამაც დაგვღუპა.

შეცდომა, რომელსაც არ ნანობს
"ჩელსიში" გადასვლა შეცდომა იყო და ეს პირველად მაშინ განვაცხადე, როდესაც "მილანში" დავბრუნდი. ფაქტია, რომ ინგლისურ ფეხბურთს ვერ შევეგუე და შემდეგ, ფორმიდანაც ამოვვარდი.

მიუხედავად ამისა, არ ვნანობ, რომ პრემიერლიგაში თამაშის გადაწეყვეტილება მივიღე. პატივს ვცემ იმ გზას, რომელიც გავიარე და მასში არაფერს შევცვლიდი. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ინგლისში გავიზარდე როგორც ადამიანი და დიდი გამოცდილება მივიღე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული