"სამპდორია"-"ნაპოლი": გულდაწყვეტილი სინიშა, უკმაყოფილო რაფა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-13 ტურის ბოლო შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან ერთმანეთის პირისპირ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდები: "სამპდორია" და "ნაპოლი" წარდგნენ.

ნეაპოლიტანელებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლიათ და ამ იმედის გასამყარებლად გენუაში გამარჯვება იყო საჭირო.

რაც შეეხება "სამპას", ეს გუნდი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა და თუ ასე გააგრძელა, ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაუმიზნებს. ჯერჯერობით, გენუელები მაინც თავს იკავებენ ამბიციური განცხადებებისგან...

მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საბოლოოდ, ფრედ დასრულდა. გამარჯვებასთან "სამპდორია" იყო ძალიან ახლოს, რადგან სტუმრებმა გამათანაბრებელი გოლი 90-ე წუთზე შეაგდეს.

გენუელთაგან
თავი ედერმა გამოიჩინა, ნეაპოლელთა რიგებში კი დიუვან საპატა გამოირჩა. არადა, იქამდე სტუმრებს კულიბალი გაუძევეს და რაფა ბენიტესის გუნდმა თამაში 10 ფეხბურთელით ჩაამთავრა.

მოკლედ, სერია A-ს გასულ ტურში, კაცნაკლულმა გუნდებმა საგმირო საქმეები აკეთეს - "იუვენტუსმა" ტურინული დერბი მოიგო, "ნაპოლიმ" კი წაგებული თამაში გადაარჩინა. მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარი გააკეთეს:

სინიშა მიხაილოვიჩი (სამპდორია): "თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა და გულდაწყვეტილი ვარ, რომ მხოლოდ ქულას გამოვრჩით. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა კოლოსალური შრომა გასწიეს და მოგებას იმსახურებდნენ. თუმცა, ეს ფეხბურთია და ხშირად მეტოქე პატარა შეცდომასაც არ გპატიობს.

ბოლო პერიოდში, "ნაპოლიმ" მოუმატა და ბევრ კომპონენტში საუკეთესოა ჩემპიონატში, ამ გუნდს კი გასაქანი არ მივეცით. ვგონებ, დღეს დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია ჭიდილი. მართალია, მხოლოდ ქულა ავიღეთ, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ მიმდინარე სეზონში".

რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი): "პირველ ტაიმში მეტოქემ უკეთ ითამაშა, თუმცა ორი-სამი კარგი მომენტი ჩვენც შევქმენით. მეორე ნახევარში მოვუმატეთ და როდესაც აშკარა უპირატესობას დავეუფლეთ, სწორედ მაშინ გავუშვით გოლი. "სამპდორიას" ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მათ წინააღმდეგ თამაში კი მეტად რთულია.

საბედნიეროდ, მატჩის ბოლოს მაინც გავიტანეთ და წაგებას გადავურჩით. შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან ჩვენი მიზანი მოგება იყო, მაგრამ რას ვიზამთ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული