მილანის "ინტერის" მიზანი: ჩემპიონთა ლიგის საგზური

AutoSharing Option
სერია A-ს გასულ ტურში "ინტერმა" პირველი მატჩი წააგო მას შემდეგ, რაც გუნდს რობერტო მანჩინი ჩაუდგა სათავეში. იქამდე "ნერაძურიმ" ქულა აიღო მილანურ დერბიში და გაიმარჯვა ევროპალიგის გათამაშებაში.

მანჩინი ყურადღების ცენტრშია და რადგან "ინტერს" რამდენიმე დღე თამაში არ უწევს, ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ და რობერტოს აქტუალურ თემებზე გაესაუბრნენ. მანჩინის ნააზრევს ქვემოთ გაეცნობით.

ძველი და ახალი "ინტერი"
"ინტერში" 2004-08 წლებში ვმუშაობდი და მაშინ უფრო ვარსკვლავური შემადგენლობა გვყავდა. დაცვაში სამუელი, ძანეტი, კორდობა, მიხაილოვიჩი; ნახევარდაცვაში ვერონი, სტანკოვიჩი, ფიგუ, ვიეირა, კამბიასო, სოლარი; წინ ადრიანო, კრუზი, კრესპო -
რომელი ერთი ჩამოვთვალო? - შედეგებიც კარგი გვქონდა, სკუდეტოს არავის ვუთმობდით და ევროპაშიც ანგარიშგასაწევი ძალა ვიყავით. ვფიქრობ, სწორედ იმ წლებში ჩაეყარა საფუძველი იმ გუნდს, რომელმაც შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"ინტერში" დღეს შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი: იკარდიმ, კოვაჩიჩმა, კუზმანოვიჩმა და სხვებმა ბევრი უნდა იშრომონ, რომ იმ წარმატებას მიაღწიონ, რასაც მათგან "ინტერის" ქომაგები ელიან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ხელთ მომავლის "ინტერია" და ამ გუნდმა დიდ წარმატებას უნდა მიაღწიოს.

მიმდინარე სეზონი
მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ვიცი, რომ ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ჩვენ თავი არ უნდა დავზოგოთ. ზოგადად, არც მესამე ადგილისთვის ბრძოლას ვარ მიჩვეული, რადგან ყველგან პირველობა მსურდა, მაგრამ დღეს ასეთი რეალობაა.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სამეულში მოვხვდეთ და ზაფხულში რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი დავიმატოთ. "ინტერი" ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაუბრუნდეს ძველ სიმაღლეს, იქამდე კი კონკრეტული ამოცანა გვაქვს და ვეცდებით, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ.

სატრანსფერო პოლიტიკა
პრესაში უამრავი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, თუ რომელი ფეხბურთელების გადმობირებას ვეცდებით ზამთრის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. რეალობა ისაა, რომ ჯერ ამ თემაზე ფიქრისთვის ვერ მოვიცალე და ვერც იმას გეტყვით, ვინ იქნება ჩვენს სამიზნეში. ზაფხულზე ფიქრი ძალიან ადრეა, ზამთრის შესვენებისას კი მეეჭვება, რომ ხმაურიანი ტრანსფერები შედგეს.

შესაძლოა, ერთი ან ორი მოთამაშე დავიმატოთ და ამით შემოვიფარგლოთ. მარიო ბალოტელი? - "ლივერპულმა" იმიტომ არ გადაიხადა მის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა, რომ ნახევარ წელიწადში "ინტერში" გამოუშვას.

ესეკილ ლავეცი? - ბრწყინვალე თავდამსხმელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პსჟ-ის მესვეურები მას არავის დაუთმობენ. კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბარი აზრს მოკლებულია, დავიცადოთ ერთი თვე და ყველაფერი გამოჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული