იუვენტუსი-ნაპოლი 2:2 (პენ. 5:6) - იტალიური თრილერი არგენტინელი გმირებით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყატარის დედაქალაქ დოჰაში, იასიმ ბინ ჰამადის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ფანტასტიკური სანახაობა იხილეს. იტალიის სუპერთასისთვის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" იბრძოდნენ, მატჩი კი 120 წუთი გაგრძელდა და თერთმეტმეტრიანების დრამატული სერიით დაგვირგვინდა.

იტალიის სუპერთასი არგენტინელი ფორვარდების ბენეფისად იქცა - ტურინელთაგან კარლოს ტევესმა შეასრულა დუბლი, ნეაპოლელთა რიგებში კი გონსალო იგუაინი გამოირჩა.

თამაში სულ რაღაც 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც კარლიტოსმა გახსნა ანგარიში და ის ტაიმი "იუვეს" უპირატესობით დასრულდა.

მეორე ნახევრის შუაწელს გონსალომ გაქვითა ანგარიში და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. იქ კიდევ უფრო საინტერესო ბატალიები გაჩაღდა
- ტევესმა კიდევ ერთხელ დააწინაურა "ვეკია სენიორა" და მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე იგუაინმა მეორედ იხსნა "ნაპოლი" მარცხისგან.

თერთმეტმეტრიანების სერია ცალკე სალაპარაკო თემაა - გუნდებს 9-9 დარტყმა დასჭირდათ იმისთვის, რომ გამარჯვებული გამოევლინათ, საბოლოოდ კი, "ნაპოლიმ" იმარჯვა, 6:5.

ტურინელთაგან გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი სიმონე პადოინმა გააფუჭა, თუმცა იქამდე მისი ბედი ტევესმა, კიელინიმ და პერეირამ გაიზიარეს. სამაგიეროდ, ზუსტნი იყვნენ ვიდალი, პოგბა, მარკიზიო, მორატა და ბონუჩი.

ნეაპოლელთაგან ჟორჟინიო ფრელომ, მერტენსმა და კალეხონმა ვერ ივარგეს, ზუსტი დარტყმები კი დე გუზმანის, ალბიოლის, ინლერის, იგუაინის, გარგანოს და კულიბალის ანგარიშზეა.

"ნაპოლიმ" წელი იტალიის სუპერთასის მოგებით დაასრულა, მასიმილიანო ალეგრიმ კი შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან, რომ "იუვენტუსის" მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოეპოვებინა.

იტალიის სუპერთასი 2014
იუვენტუსი-ნაპოლი 1:1 (დ.დ. 2:2 პენ 5:6)
გოლები: 1:0 ტევესი (5), 1:1 იგუაინი (68), 2:1 ტევესი (106), 2:2 იგუაინი (118).
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი (79. პადოინი), ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო, პირლო (67. პერეირა), პოგბა - ვიდალი - ტევესი, ლორენტე (105. მორატა)
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - დავიდ ლოპესი (90. ინლერი), გარგანო - კალეხონი, ჰამშიკი (79. მერტენსი), დე გუზმანი (105. ფრელო) - იგუაინი
გაფრთხილება: ტევესი, პერეირა - ალბიოლი, გულამი, იგუაინი, კალეხონი, მერტენსი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 21-15 (11-5); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 15 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული