სერია A: რას ველოდით და რა ვნახეთ

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას ეკვატორი ჯერ არ გადაულახავს, მაგრამ რადგან საშობაო პაუზა დადგა, ზამთრის ჩემპიონად "იუვენტუსი" შერაცხეს.

სკუდეტოს კიდევ ერთ პრეტენდენტად "რომა" მიიჩნევა, ლიდერთა შორის მყოფი სხვა გუნდები კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. "გაძეტა დელო სპორტმა" განვლილი პერიოდი და გრანდების ასპარეზობა შეაფასა...

იუვენტუსი
"იუვენტუსისთვის" სეზონი სკანდალურად დაიწყო, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ანტონიო კონტემ დატოვა, მისი ადგილი კი მასიმილიანო ალეგრიმ დაიკავა. "ვეკია სენიორას" გულშემატკივრებისთვის ეს შოკისმომგვრელი სიახლე იყო, რადგან კონტე მათი სრული ნდობით სარგებლობდა, აი, ალეგრის კვალიფიკაცია კი კითხვის ნიშნებს ბადებდა.

ბევრმა
ჩათვალა, რომ ალეგრის მისვლით "იუვეს" ჰეგემონიას წერტილი დაესვა, მაგრამ ასე არ მოხდა - ფაქტია, რომ ტურინული გრანდი ისევ პირველია სატურნირო ცხრილში და გულშემატკივართა უმეტესობის აზრით, კიდევ უფრო სანახაობრივ და მრავალფეროვან ფეხბურთს თამაშობს. თუ კონტე მუდმივად 3-5-2 ტაქტიკას არჩევდა, ალეგრი თანაბარი წარმატებით იყენებს როგორც 3-5-2-ს, ისე 4-3-1-2-ს და კლასიკურ 4-4-2-ს. ყველა სიკეთესთან ერთად, "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც დაძლია, რაც გასულ სეზონში კონტეს არ გამოუვიდა.

კიდევ უფრო გაიხსნა პოლ პოგბა, რომელიც ნახევარდაცვის შეუცვლელ ფიგურად იქცა. ფრანგის პროგრესმა კლაუდიო მარკიზიოს პოზიცია შეარყია, რომელიც უფრო იშვიათად ხვდება სასტარტო შემადგენლობაში. შეტევაში კვლავ კარლოს ტევესია მთავარი ფიგურა, ფერნანდო ლორენტე კი მისი მეწყვილე - მეტს ელოდნენ ალვარო მორატასგან, რომელსაც რამდენიმე გამონათება ჰქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არაა.

რომა
"რომამ" სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, მიჯრით იგებდა მატჩებს და მეტოქეებს შანსს არ უტოვებდა. ჩემპიონთა ლიგის სტარტიც მშვენიერი გამოუვიდა: მოსკოვის ცსკა-ს განადგურების შემდეგ რუდი გარსიას შეგირდებმა "მანჩესტერ სიტისთან" გასვლით ფრეს მიაღწიეს. იმ პერიოდში "რომას" შეტევაში აქტიური როტაცია იყო და ვინც უნდა დაეყენებინა გარსიას, ყველა ეფექტურად ირჯებოდა.

"რომა" ერთ თამაშში ჟერვინიო-ფლორენცი-ტოტის ტრიოთი თამაშობდა, მომდევნო პაექრობაში კი წინა ხაზზე იტურბეს, ლიაიჩს და დესტროს ვხედავდით. ამ ყველაფერმა შექმნა ილუზია, რომ მიმდინარე სეზონში "რომას" ნებისმიერ მეტოქესთან ტოლ-სწორად შეეძლო თამაში, თუნდაც მიუნხენის "ბაიერნთან", რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გადაეყარა. რეალობა სხვაგვარი გამოდგა, "რომა" არა მარტო განადგურდა "ბაიერნთან", სულაც ჯგუფში ჩარჩა და ევროპალიგაზე გადაინაცვლა. ამ "რომას" ალბათ შესწევს უნარი, რომ სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლოს, მაგრამ სეზონის სტარტზე მაინც სხვა მოლოდინი გვქონდა.

ახალწვეულთაგან ეშლი კოულმა ვერ გაამართლა და მუდმივად სათადარიგოთა სკამზეა. დაცვის მარცხენა ფრთაზე ჰოლებასი ირჯება და ის კი ერთ-ერთ აღმოჩენად შეგვიძლია მივიჩნიოთ. "ჯალოროსის" გამოკვეთილი ბომბარდირი არ ჰყავს, გოლები თავდამსხმელებზე დაახლოებით თანაბრად ნაწილდება.

ნაპოლი
"ნაპოლიმ" კიდევ უფრო გააწბილა გულშემატკივარი და ამად არის, რომ "სტადიო სან პაოლოზე" ბოლო წლებისთვის სარეკორდოდ ცოტა გულშემატკივარი დადის. თუ წინა სეზონში საშუალო დასწრება 40 000 იყო, მიმდინარე ჩემპიონატში 33 000-ია.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჯერ კიდევ ზაფხულში, რაფაელ ბენიტესმა და მისმა შეგირდებმა ტიფოზები ძალიან გააწბილეს; გემახსოვრებათ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იმ ბილბაოს "ატლეტიკთან" შერცხვა, რომელმაც შემდეგ ყველაფერი წააგო. მოკლედ, სამხრეთული გუნდი ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა და დიდად ვერც სერია A-ში ბრწყინავს.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა ბევრი გუნდისთვის დიდი მიღწევაა, მაგრამ ნეაპოლელი გულშემატკივრები აშკარად სკუდეტოზე ოცნებობდნენ. თითქოს დადგა ის დრო, როდესაც გუნდს პირველობისთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ ისევ ჩამორჩენა და ისევ ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის. თანაც, რა აზრი აქვს მესამე ადგილის დაკავებას, თუ შემდეგ საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ გადალახე.

მოკლედ, "ნაპოლიმ" სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდო, თუმცა აქვს შანსი, სეზონი მაჟორულად დაასრულოს - მაგალითად, ევროპალიგა მოიგოს და სერია A-ს სამეულში მოხვდეს. გულშემატკივრები არც იტალიის თასზე იტყოდნენ უარს, გუშინ კი ბენიტესის გუნდს სუპერთასის პაექრობა ჰქონდა და არც ეს უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან.

ლაციო
ბევრისთვის მოულოდნელად, "ლაციო" კარგ სეზონს ატარებს და ჯერჯერობით, მესამე ადგილი უკავია სატურნირო ცხრილში. სტეფანო პიოლი კარგად შეეწყო "ბიანკოჩელესტეს" და გუნდს აშკარად შთაბერა ახალი ძალა და ენერგია. ფილიპ ჯორჯევიჩის სახით, რომაელებს ახალი ბომბარდირი ჰყავთ, რომლის მთავარი კონკურენტი თვით მიროსლავ კლოზეა. ფლანგებიდან, ტრადიციულად, კარგად თამაშობენ ანტონიო კანდრევა და სენად ლულიჩი, თუმცა არც სტეფანო მაურის და ანდერსონის დავიწყება შეიძლება.

ახალწვეულებიდან ორი მცველი უნდა გამოვარჩიოთ: ბრააბჰეიდი და დე ვრი - მართალია, უშეცდომონი არ არიან, მაგრამ მთლიანობაში, კარგად თამაშობენ და ამად არის, რომ ძირითად შემადგენლობაში ხშირად არიან. "ლაციოს" გაუჭირდება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ, გუნდის აშკარა წარმატება და პროგრესია.

მილანი
მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგის დანიშვნას "მილანის" გულშემატკივრები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ - არა იმიტომ, რომ პიპო სახელოვანი და ტიტულოვანი სპეციალისტია, უბრალოდ, გულშემატკივრებს ის გამორჩეულად უყვართ და მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია აქვთ.

მოკლედ, ტიფოზებმა გაიხარეს, მაგრამ ინძაგი ჯადოქარი არაა, რომ გუნდი მყისიერად გარდაექმნა და სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩაება. მიმდინარე სეზონში ამ გუნდის პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურია და ეს დიდი წარმატება იქნება. შემადგენლობასაც უნდა გადავავლოთ თვალი - აქ ვეღარ ვხედავთ პაოლო მალდინის ან ფრანკო ბარეზის, ფრან რაიკაარდს ან დემეტრიო ალბერტინის, ვერც ანდრეი შევჩენკოს და მარკო ვან ბასტენს - ამ ფორმაციის "მილანის" მთავარი დამრტყმელი ძალა ჟერემი მენეზია, ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს.

მენეზი უნდა შევაქოთ, კარგი სეზონი აქვს; აი, სტეფან ელ შაარავი კი ვერაფრით ჩადგა ფორმაში. ვერც ფერნანდო ტორესმა გაამართლა და შესაძლოა, დატოვოს კიდეც გუნდი. კეისუკე ჰონდამ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მოუკლო. აი, ჯაკომო ბონავენტურა კი გუნდს კარგად შეეწყო და ძირითად შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს.

ინტერი
დიდხანს იძახა ერიკ ტოჰირმა, ვალტერ მაცარის ბოლომდე ვენდობიო, მაგრამ ბოლოს მაინც შეელია მწვრთნელს და მის ნაცვლად რობერტო მანჩინი დანიშნა. ეს უკანასკნელი გულშემატკივრებში იმედს აღძრავს, მაგრამ ჯერჯერობით, შედეგი არასახარბიელოა - ვერც მანჩინის "ინტერი" ბრწყინავს და სატურნირო ცხრილში მეთერთმეტე ადგილი უკავია.

პალასიოს და იკარდის აქა-იქ გააქვთ გოლები, მაგრამ ფაქტია, რომ როდრიგოსაც მოკლებული აქვს და ვერც მაურო გაიხსნა ისე, როგორც ველოდით.

ახალწვეულთაგან მედელმა გაამართლა, შუა ხაზში ლომივით იბრძვის; კოვაჩიჩმა კი აშკარად მოუმატა და გუნდის ლიდერად ყალიბდება. დანარჩენები არასტაბილურად ასპარეზობენ - ერთ თამაშს მაღალ დონეზე ჩაატარებენ და შემდეგ ჩრდილში ექცევიან. ისეთი პირი უჩანს, რომ მიმდინარე სეზონში მანჩინიმ უნდა გაიცნოს გუნდი, შედეგს კი უფრო მომავალში უნდა ველოდოთ.

სხვები
პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარეს გენუურმა გუნდებმა და ისეთი პირი უჩანს, რომ ტემპს არც მეორე წრეში დააგდებენ. მართალია, ბოლო ტურებში "ჯენოამ" ცოტა მოუკლო, მაგრამ წესით, არ უნდა გატყდეს. ქებათა ქება სინიშა მიხაილოვიჩს, რომლის "სამპდორიასაც" დიდი პროგრესი აქვს.

მეტს ველოდით ვინჩენცო მონტელას "ფიორენტინასგან", რომელიც არასტაბილურად ასპარეზობს და როგორც ჩანს, პროგრამა-მაქსიმუმი ევროპალიგის საგზურის მოპოვება იქნება. არადა, კრიზისში მყოფი იტალიური ფეხბურთის კვალობაზე, კლუბის მესვეურები ბევრს ხარჯავენ და უკეთეს შედეგს ელიან. მონტელას არც უმართლებს, მთელი პირველი წრე ორი წამყვანი ფორვარდის გარეშე ჩაატარა - მარიო გომესი ახალი გამოჯანმრთელებულია, ჯუზეპე როსი კი, როგორც ყოველთვის, ლაზარეთშია. ხუან კუადრადომაც მოუკლო - როგორც ჩანს, ევროპულ გრანდში სურდა გადასვლა და ფლორენციაში მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

უმძიმეს კრიზისშია "პარმა", რომელიც ბოლო ადგილზეა სატურნირო ცხრილში და ბევრი განწირულად მიიჩნევს. ყველა "სიკეთესთან" ერთად, გუნდს ქულა დააკლეს და შესაძლოა, სასჯელი კიდევ უფრო დამძიმდეს. ერთი ეგაა, "პარმას" ახალი მფლობელი ჰყავს და იქნებ ამ ცვლილებამ გუნდზე დადებითად იმოქმედოს.

განვლილ 15 ტურში რამდენიმე მწვრთნელს მოუხდა პოსტის დატოვა, მათ შორის, ვალტერ მაცარის, ბოლოს კი ზდენეკ ზემანს მიუთითეს კარისკენ. დიახ, გუშინ გავრცელებული ცნობის თანახმად, გამოცდილი ჩეხი სპეციალისტი "კალიარის" მესაჭე აღარ არის. იტალიური სპორტული პრესის ცნობით, ვაკანტურ ადგილს ამ ოთხიდან ერთ-ერთი დაიკავებს: ვალტერ ძენგა, ჯანფრანკო ძოლა, დავიდე ბალარდინი, ედუარდო რეია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული