რაფაელ ბენიტესი: ტიტული ტიფოზებს ეძღვნებათ

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სუპერთასისთვის პაექრობაში "ნაპოლიმ" ტურინის "იუვენტუსს" დრამატულ ბრძოლაში მოუგო და ისტორიაში მეორედ დაეუფლა ამ ტიტულს.

პირველად, ნეაპოლელებმა სუპერთასი 1990 წელს მოიპოვეს და მაშინაც "იუვენტუსს" მოუგეს - 5:1. ამჯერად, ყველაფერი უფრო რთულად იყო - ძირითადი დრო 1:1 მორჩა, დამატებითში თითო გოლი გაცვალეს გუნდებმა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო - ნეაპოლელებმა 6 პენალტი შეაგდეს, ტურინელებმა 5 და თასი რაფაელ ბენიტესის გუნდს დარჩა.

გუშინ ნეაპოლი დილამდე ზეიმობდა - ერთი, რომ მათმა გუნდმა ტიტული მოიპოვა და მეორე, ასე საძულველ მეტოქეს მოუგო. არადა,
"იუვენტუსი" ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან: მატჩის დასრულებამდე ორი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც გონსალო იგუაინმა ანგარიში გაქვითა და საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მიიყვანა, იქ კი ტურინელებს სამჯერ შეეძლოთ გადამწყვეტი პენალტის გატანა, მაგრამ სამივეჯერ გააფუჭეს, საბოლოოდ კი მარცხი იგემეს. მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარები გაკეთდა:

რაფაელ ბენიტესი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში, რადგან უმნიშვნელოვანესი ტიტული მოვიპოვეთ და თანაც, ფინალში უძლიერესი გუნდი დავამარცხეთ. იყო პერიოდები, როდესაც "იუვენტუსი" ფლობდა უპირატესობას, მაგრამ მთლიანობაში, მაინც თანაბარი თამაში იყო და ამიტომ ფრე ლოგიკური შედეგი გახლდათ.

თერთმეტმეტრიანების სერიაში ორივე მეკარე შესანიშნავად გაისარჯა, მაგრამ რაფაელი მაინც უკეთესი იყო და მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ეს გამარჯვება ჩვენს გულშემატკივრებს ეძღვნებათ, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან. რამდენიმე ასეული ქომაგი შორეულ გზაზე ჩამოვიდა, მთელი ნეაპოლი კი მატჩს ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდა თვალს. ბედნიერი ვარ, რომ ტიფოზები გავახარეთ".

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ძალიან საინტერესო და სანახაობრივი მატჩი იყო, რომელშიც სამწუხაროდ, დავმარცხდით. სეზონის ამ ეტაპზე გუნდი ცოტა გადაღლილია და ამანაც იჩინა თავი. როდესაც ტიტულს იგებ და მატჩის დასრულებამდე ორი წუთია დარჩენილი, უფრო ხისტად და უკომპრომისოდ უნდა ითამაშო. ფაქტია, რომ ყურადღება მოვადუნეთ და დავისაჯეთ".

გონსალო იგუაინი (ნაპოლი): "საოცარი საღამო იყო, რომელმაც დიდი სიხარული მოგვიტანა. ეს იყო ურთულესი მატჩი, რომლის შემდეგაც ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ საბედნიეროდ, შრომა დაგვიფასდა. იტალიის სუპერთასის მოგება ძალიან გვინდოდა და საწადელს მივაღწიეთ. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალთ ნეაპოლში და გამარჯვებას გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმებთ. ეს წარმატება იტალიის ჩემპიონატზე უნდა გადავიტანოთ, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული