ტოტი: პირველი რაუნდი "იუვემ" მოიგო, თუმცა მთავარი ბრძოლები წინაა

AutoSharing Option
იტალიურ საფეხბურთო სამყაროში 2014 წელს აჯამებენ, თუმცა უფრო დიდი ყურადღება მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარს ეთმობა. ჟურნალისტების რესპონდენტი ფრანჩესკო ტოტია, რომელმაც განვლილი ბატალიები გაიხსენა და მიზნებზე ისაუბრა...

სკუდეტო
"პირველი რაუნდი "იუვენტუსმა" მოიგო, მაგრამ მთავარი წინაა და დარწმუნებული ვარ, სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.

რუდი გარსიასთან ერთად "რომა" სწორი გზით მიდის და მჯერა, ჩვენ ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებას. მიმდინარე სეზონში უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე გასულ ჩემპიონატში და ამიტომ გამარჯვების უფრო მეტი შანსი გვაქვს.

რა არის საჭირო "იუვენტუსის" გადასასწრებად? სრული კონცენტრაცია თითოეულ შეხვედრაზე და
მაქსიმალური თავდადება. "იუვე" ის გუნდია, რომელსაც მთელი ჩემპიონატის ჩატარება ჩავარდნის გარეშე შეუძლია და ამიტომ ურთულესი ამოცანა გვაქვს. თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ეს ჩვენი სეზონია".

ჩემპიონთა ლიგა
"თავად ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგაში დავბრუნდით, ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. ამ ტურნირზე სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა, რომელიც არაფერს შეედრება.

"მანჩესტერ სიტის" და ცსკა-ს კარში გატანილი გოლები ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო გამეხარდებოდა, ჯგუფური ბარიერი რომ დაგვეძლია. უმეტესობამ პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და ამ ფაქტორმაც იჩინა თავი - დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონში გაცილებით უკეთ ვითამაშებთ და შედეგიც განსხვავებული იქნება".

ევროპის ლიგა
"ბევრი თვლის, რომ ევროპალიგა ჩვენთვის მეორეხარისხოვანია და მთელი ყურადღება სკუდეტოსკენ გვექნება გადატანილი. იტალიის ჩემპიონატის მოგება უფრო პრესტიჟულია, მაგრამ ევროასპარეზზე თავის გამოჩენა ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ფინალში თამაში განსაკუთრებული ემოციაა, საერთაშორისო ტიტულებით კი "რომა" განებივრებული არ არის და არ გვაქვს უფლება, ამ ტურნირს სერიოზულად არ მოვეკიდოთ. "რომას" ორი ათეული მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს და აქ იმისთვის ვართ, რომ ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენი მეტოქე "ფეიენოორდია", რომელსაც ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება - თქმა არ სჭირდება, რომ ჰოლანდიელებს კარგი გუნდი ჰყავთ და დიდი ბრძოლა მოგველის".

ტრანსფერები
გაძლიერება ნამდვილად არ გვაწყენდა, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, "რომამ" ზამთარში რომელიმე ვარსკვლავი შეიძინოს. თუმცა, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის და უმჯობესია, კლუბის მესვეურებს გაესაუბროთ.

ვისურვებდი ყველა წამყვანი ფეხბურთელის შენარჩუნებას, რადგან წინ დიდი ბატალიები გველის.

ვიცი, რომ სტროტმანის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს და დიდ თანხასაც იხდის, მაგრამ მჯერა - კევინი ჩვენთან დარჩება. თუ წამყვან მოთამაშეებს შევინარჩუნებთ, მაშინ სეზონის დარჩენილ ნაწილს მაღალ დონეზე ჩავატარებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული