იტალია. სერია A. XVIII ტური: არის ტოტი, არის შოუ! [VIDEO]

AutoSharing Option
* ჟერემი მენეზის პენალტი "მილანისთვის" 21-ე საუკუნეში უსწრაფესია.

* ფრანჩესკო ტოტი რომაული დერბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა (11 გოლი).

* "ინტერი"-"ჯენოას" შეხვედრაში მილანელთა მცველმა მარკო ანდრეოლიმ ბურთი რობერტო მანჩინის გაარტყა, მწვრთნელი ნოკაუტში ჩავარდა.

XVIII ტურში ორი გამორჩეული მატჩი შედგა: "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომა" "ლაციოს" დაუპირისპირდა, ხოლო "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" - "იუვენტუსს". თუმცა, იქამდე "მილანი" "ტორინოს" ესტუმრა და მორიგი ქულები დაკარგა...

"მილანმა" ვერც ტურინში ივარგა
ფილიპო ინძაგი "მილანის" გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ "სასუოლოსთან" განცდილ მარცხს ტურინში გამოისყიდდა, მაგრამ ასე არ მოხდა - "როსონერიმ"
კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივარი და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

ამასთან, ინძაგის გუნდმა მეტად მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და სადაც სამართალია, უნდა წაეგო კიდეც. მართალია, "მილანი" მთელი მეორე ნახევარი კაცნაკლული იყო, მაგრამ ეს გასამართლებელ საბუთად ვერ გამოდგება - სტუმრებმა სამი პასი ვერ გადააბეს ერთმანეთს, "ტორინოს" იერიშები კი მეტად მწვავე იყო.

არადა, თამაში მილანელთათვის იდეალურად დაიწყო - ჯერ კიდევ მესამე წუთზე სტუმრებმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვეს, რომელიც გოლად ჟერემი მენეზმა აქცია. თუმცა ამის შემდეგ "როსონერის" არც არაფერი შეუქმნია და მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე კამილ გლიკისგან საპასუხო გოლი გაუშვა.

ისიც ვთქვათ, რომ ინძაგიმ მეტად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ძირითად შემადგენლობაში მბაიე ნიანგი დააყენა, რომელიც ტაიმის მიწურულს მატია დე შილიოს გაძევების გამო შეცვალა.

კიდევ ერთი მოულოდნელი გადაწყვეტილება 79-ე წუთზე ჟერემი მენეზის ალექსით ჩანაცვლება იყო, რის შემდეგაც "მილანს" შეტევაში აღარავინ დარჩა და "ტორინოს" ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა - ორიოდე წუთში მასპინძლებმა გოლი შეაგდეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 1:1.

მატჩის შემდეგ ინძაგიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჩვენი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ძალიან ჩავიკეტეთ საკუთარ ნახევარზე და ამას ვაცნობიერებ. უფრო მეტად უნდა გვეფიქრა შეტევაზე და არა დროის გაყვანაზე. ისევ კუთხურიდან გავუშვით და ამას რამე უნდა მოვუხერხოთ. კიდევ ერთხელ გავაწბილეთ გულშემატკივარი, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, სხვა რეცეპტი მე არ მაქვს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკეთესი "ინტერი"
"ინტერმა" სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და "ჯენოას" დამაჯერებლად მოუგო - 3:1. ზოგადად, მილანური გრანდის ბანაკში ამაღლებული განწყობაა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩებში რობერტო მანჩინის გუნდი არ ბრწყინავდა - ლუკას პოდოლსკის და ჯერდან შაჩირის ტრანსფერებმა გულშემატკივრებს იმედი გაუღვივა, რომ კრიზისი მალე დასრულდება...

მატჩი ათიოდე წუთის დაწყებული იყო, როდესაც "ინტერმა" ანგარიში გახსნა, თავი კი როდრიგო პალასიომ გამოიჩინა - დამატებაზე ივარგა და მატია პერინს შანსი არ დაუტოვა - 1:0. ტაიმის დასრულებამდე ხუთიოდე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც კუთხურს მეორე გოლი მოჰყვა, მისი ავტორი კი მაურო იკარდია. მატჩის დასკვნით ნაწილში გენუელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა ზედ საფინალო სასტვენის წინ "ინტერმა" სტატუს-კვო აღადგინა და საბოლოოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. ბოლო გოლი ნემანია ვიდიჩმა თავური დარტყმით გაიტანა.

ვიდიჩის ძირითად შემადგენლობაში თამაში მეტად მოულოდნელი იყო, რადგან მანჩინი აქამდე სერბს საერთოდ არ სწყალობდა - ამჯერად, ენდო და არც წაუგია. ნემანია დაცვაშიც კარგად იდგა და შეტევაშიც ივარგა. ლუკას პოდოლსკიმ მთელი შეხვედრა ჩაატარა და ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, ჯერდან შაჩირი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ამრიგად, "ინტერმა" მნიშვნელოვანი თამაში მოიგო, კონკურენტი დაამარცხა, გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინტრიგა, ბრძოლა, გოლები, სელფი...
რომაული დერბი მართლაც განსაკუთრებული გამოდგა - უამრავი სახიფათო მომენტით, ოთხი გოლით, ბევრი ბრძოლით და უდიდესი ინტრიგით. ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ და თუ პირველში "ლაციომ" აჯობა მეტოქეს, მეორე "რომას" სრული უპირატესობით წარიმართა.

მატჩის 25-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ფელიპე ანდერსონმა საოცარი პასი გაუკეთა სტეფანო მაურის - ბურთი ჰაერში დაუკიდა, საჯარიმოში რბილად ჩაუგდო და ზედ ფეხზე დაასვა, რასაც "ლაციოს" კაპიტნის ულამაზესი გოლი მოჰყვა - 0:1. ამ ეპიზოდიდან ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ უკვე მაურიმ მისცა პასი ანდერსონს, ამ უკანასკნელმა კი უზუსტესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა - 0:2. "ლაციომ" სოლიდური უპირატესობა მიიღო, მაგრამ თამაშს კოჭებშივე ეტყობოდა, რომ ინტრიგა ბოლომდე გასტანდა...

შესვენებისას, რუდი გარსიამ დროული ცვლილებები გააკეთა - ინერტული ალესანდრო ფლორენცი ადემ ლიაიჩით ჩაანაცვლა, მებრძოლი რაჯა ნაინგოლანი კი უფრო შემტევმა კევინ სტროტმანმა შეცვალა. გარსიას გადაწყვეტილება გამართლებული იყო, "რომამ" თამაში აქტიურად განაახლა და სამიოდე წუთში ფრანჩესკო ტოტიმ ერთი ბურთი გაქვითა, საგოლე გადაცემა კი სწორედ შეცვლაზე შესული სტროტმანის ანგარიშზეა.

ტოტიმ მეორეჯერ 64-ე წუთზე გაიბრწყინა, როდესაც მარცხენა ფრთიდან გაკეთებულ გადაცემას ვარდნაში შესწვდა და ბურთი კარში აკრობატულ ნახტომში გადაგზავნა - ეს იყო ფანტასტიკური გოლი, ურთულეს ნახტომში შესრულებული, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, 38 წლის ფეხბურთელმა გაიტანა. მეორე გოლი ტოტიმ ემოციურად აღნიშნა: ტრიბუნებთან მიიჭრა, გულშემატკივრებს გადაეხვია და შემდეგ სელფიც კი გადაიღო - ასეა, არის ტოტი და არის შოუ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოლთაცვენა ფლორენციაში
საოცარი მატჩი გაიმართა ფლორენციაში, სადაც "ფიორენტინამ" "პალერმოს" 4:3 მოუგო. ვინჩენცო მონტელას შეგირდები 2:0-ს იგებდნენ და თითქოს წყნარად უნდა ჩაემთავრებინათ თამაში, მაგრამ მეორე ნახევრის შუაწელიდან ყველაფერი თავდაყირა დადგა; სიცილიელებმა გაქვითეს ანგარიში და თანაც, ეს შეცვლაზე შესული ფეხბურთელის, რობინ კუაიზონის დუბლით მოხდა.

"ფიორე" ხუან კუადრადოს და ხოაკინის გოლებმა იხსნა - კოლუმბიელმაც და ესპანელმაც გოლები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანეს. და ეს ჯერ კიდევ არ იყო დასასრული, ანდრეა ბელოტიმ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა და სულ ბოლო წუთზე "პალერმოს" ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო. საბოლოოდ, 4:3 და ჰაერივით საჭირო ქულები ფლორენციელებს.

"იუვემ" ნეაპოლში იძალა
"ბებერმა ქალბატონმა" იტალიის სუპერთასის წაგებისთვის შური იძია და "ნაპოლი" მისსავე მოედანზე დაამარცხა. თუ რა რთულია "სტადიო სან პაოლოზე" გამარჯვება, ვიცით, თუმცა მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა ეს მისია შეასრულეს. ნეაპოლელთაგან მიგელ ბრიტოსი გამოირჩა, ტურინელთაგან თითო შეაგდეს პოლ პოგბამ, მარტინ კასერესმა და არტურო ვიდალმა. ასეთ მატჩებს ჩემპიონები იგებენ, "იუვე" მორიგი სკუდეტოსკენ მიიწევს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იტალია. სერია A. XVIII ტური
10 იანვარი
სასუოლო-უდინეზე 1:1
გოლები: 1:0 ძაძა (15), 2:0 ტერო (26)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, ლონგი - მანიანელი, მისიროლი, ბრიგი (83. ფლოკარი) - ფლორო ფლორესი (71. სანსონე), ძაძა, ბერარდი
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - პირისი, დანილო, დომიცი - ვიდმერი, ალანი, გილიერმე, კონე, გაბრიელ სილვა (46. ერტო) - ტერო, გეიხო (21. ფერნანდეში)
გაფრთხილება: კანავარო, ვრსალკო, ბერარდი - ვიდმერი, ტერო
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 12-22; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 13-5 (5-1); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 15 000

ტორინო-მილანი 1:1
გოლები: 0:1 მენეზი (3-პენ.), 1:1 გლიკი (81)
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერესი, ფარნერუდი (68. ბენასი), გაცი, ვივესი (57. ელ ქადური), დარმიანი (81. ლესკანო) - მარტინესი, კვალიარელა
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - დე შილიო, მექსე, რამი, არმერო - მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი (55. პოლი) - ბონავენტურა, მენეზი (79. ალექსი), ნიანგი (45. აბატე)
გაფრთხილება: გლიკი - მუნტარი, ბონავენტურა, ნიანგი
გაძევება: დე შილიო (45. მილანი)
კუთხური: 9-0; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 20-4 (5-2); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 25 000

11 იანვარი
ინტერი-ჯენოა 3:1
გოლები: 1:0 პალასიო (12), 2:0 იკარდი (39), 2:1 იძო (85), 3:1 ვიდიჩი (88)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, ვიდიჩი, ანდრეოლი, დამბროზიო - გუარინი, მედელი (87. კრჰინი) - პოდოლსკი, პალასიო (66. კუზმანოვიჩი), ერნანესი (74. ობი) - იკარდი
ჯენოა (3-4-3): პერინი - დე მაიო, ბურდისო, იძო - ედენისლონი, რინკონი (80. ფეტფატციდისი), ბერტოლაჩი (84. კოსტა), ანტონელი - იაგო, მატრი (52. კუცკა), ლესტინი
გაფრთხილება: კამპანიარო - დე მაიო, ბერტოლაჩი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-8 (7-5); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 45 000

ატალანტა-კიევო 1:1
გოლები: 1:0 ზაპაკოსტა (72), 1:1 ლაზარევიჩი (90)
ატალანტა (4-4-2): სპორტიელო - სტენდარდო, ბელინი, ბიავა, დრამე (86. დელ გროსო) - მორალესი, კარმონა, ბაზელი (65. ჩიგარინი), ძაპაკოსტა - პინილია (64. ბიანკი), დენისი
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, დაინელი (76. პელისიერი), ცეზარი, ზუკანოვიჩი - ბირსა (78. ლაზარევიჩი), ისკო, კოფიე, სკელოტო (46. გამბერინი) - პალოსკი, მეჯორინი
გაფრთხილება: დრამე, ბიანკი, ძაპაკოსტა (ატალანტა)
გაძევება: ბელინი (89. ატალანტა)
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 10-8 (6-4); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 18 000

კალიარი-ჩეზენა 2:1
გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (11), 2:0 დონსა (27), 2:1 ბრიენცა (89)
კალიარი (4-3-3): ბრკიჩი - აველარი, როსეტინი, კაპუანო, ბალცანო (59. პიზანო) - კრიშეტიგი, დონსა, დესენა - ჟოაო პედრო (57. ჩაო), ლონგო, ეკდალი
ჩეზენა (3-5-1-1): ლეალი - ვოლტა, მაგნუსონი, კაპელი - მაძოტა, ჯორჯი (80. კარბონერო), დეფრელი, კაშონე, ვალძანია (73. პულცეტი) - ბრიენცა - ალეჰანდრო (62. ჯურიჩი)
გაფრთხილება: როსეტინი - ვოლტა, ჯორჯი, ვალძანია
კუთხური: 4-11; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 7-14 (6-5); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 10 000

ფიორენტინა-პალერმო 4:3
გოლები: 1:0 პასკუალი (20), ბასანტა (51), 2:1 კუაიზონი (59), 2:2 კუაიზონი (61), 3:2 კუადრადო (64), 4:2 ხოაკინი (74), 4:3 ბელოტი (81-პენ.)
ფიორენტინა (3-5-1-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, ბასანტა, Aლონსო (74. რიჩარდსი) - ხოაკინი, პისარო, ფერნანდესი (87. ვარგასი), ბორხა ვალერო, პასკუალი - კუადრადო (82. კურტიჩი) - გომესი
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - მუნიოსი, გონსალესი, ფედალი - მორგანელა, რიგონი (81. ბოლცონი), მარესკა (52. კუაიზონი), ბარეტო, ლაზაარი (63. ემერსონი) - ვასკესი - ბელოტი
გაფრთხილება: ბასანტა, ტომოვიჩი, ხოაკინი, ბორხა ვალერო - მორგანელა, რიგონი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 18-6 (8-5); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 25 000

ვერონა-პარმა 3:1
გოლები: 1:0 სალა (39), 1:1 ლოდი (63), 2:1 ტონი (72), 3:1 ვალოტი (90)
ვერონა (3-5-2): ბენუსი - მარკეში, მარკესი, როდრიგესი - მარტიჩი (83. სორენსენი), სალა (67. ვალოტი), პანაიოტისი, გრეკო, ალფრედსონი - სავიოლა (74. ლოპესი), ტონი
პარმა (3-5-2): მირანტე - პალეტა, ლუკარელი, კოსტა - კასანი (57. რისპოლი), მაური, ლოდი, გობი, დე ჩელიე (75. ბიდაუ) - კასანო, პალადინო (81. პოცი)
გაფრთხილება: ვალოტი (ვერონა)
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 8-5 (6-2); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 22 000

რომა-ლაციო 2:2
გოლები: 0:1 მაური (25), 0:2 ანდერსონი (29), 1:2 ტოტი (48), 2:2 ტოტი (64)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, მანოლასი, ასტორი, ჰოლებასი - ნაინგოლანი (46. სტროტმანი), დე როსი, პიანიჩი - იტურბე (81. დესტრო), ტოტი, ფლორენცი (46. ლიაიჩი)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი (76. კავანდა), ცანა, რადუ - პაროლო, ბილია, მაური - ანდერსონი (65. ონაზი), კანდრევა, ჯორჯევიჩი (66. კლოზე)
გაფრთხილება: დე როსი, ნაინგოლანი, პიანიჩი, იტურბე - მარკეტი, ცანა, მაური, ანდერსონი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-11 (4-7); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 60 000

სამპდორია-ემპოლი 1:0
გოლი: 1:0 ედერი (49)
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - დე სილვესტრი, გასტალდელო, სილვესტრი, რეჯინი - დუნკანი (79. რიცო), პალომბო, ობიანგი - სორიანო - ედერი (88. კრსტიჩიჩი), ბერგესიო (64. ოკაკა)
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი - კროჩე, ვალდიფიორი, ვესინო (79. ტავანო) - ვერდი (42. ზელინსკი) - მაკარონე (58. მჭედლიძე), პუჩარელი
გაფრთხილება: პალომბო - მარიო რუი, უსაი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 12-5 (6-2); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 22 000

ნაპოლი-იუვენტუსი 1:3
გოლები: 0:1 პოგბა (29), 1:1 ბრიტოსი (64), 1:2 კასერესი (69), 1:3 ვიდალი (90)
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, კულიბალი, ალბიოლი, ბრიტოსი - დავიდ ლოპესი, გარგანო (83. საპატა) - კალეხონი (73. გაბიადინი), ჰამშიკი (60. მერტენსი), დე გუზმანი - იგუაინი
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - კასერესი (80. ოგბონა), ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო, პირლო, პოგბა (70. ლიხტშტაინერი) - ვიდალი - ტევესი, ლორენტე (75. მორატა)
გაფრთხილება: ბრიტოსი, დე გუზმანი - კასერესი, ტევესი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 6-6(2-5); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 55 000

შენიშვნა: პარმა -1 ქულა

ბომბარდირები: 11 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 10 - მაურო იკარდი (ინტერი); 9 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (პალერმო), ჟერემი მენეზი (მილანი); 8 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე)

მომდევნო ტური
17 იანვარი:
ემპოლი-ინტერი, პალერმო-რომა

18 იანვარი:
ლაციო-ნაპოლი, ჩეზენა-ტორინო, კიევო-ფიორენტინა, ჯენოა-სასუოლო, მილანი-ატალანტა, პარმა-სამპდორია, უდინეზე-კალიარი, იუვენტუსი-ვერონა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული