ფრანჩესკო ტოტი პროვოკატორია! - რომის "ლაციოს" პრეზიდენტი აღშფოთებულია

AutoSharing Option
არ წყდება საუბრები რომაული დერბის შესახებ, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა და რომლის გმირი "ჯალოროსის" კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი გახდა.
მეორე გატანილი გოლის შემდეგ ჩესკომ "სელფი" გადაიღო, რამაც "ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო აღაშფოთა:

"ის, რაც ტოტიმ გააკეთა, ყოვლად დაუშვებელია და არაფერი აქვს საერთო ფეხბურთთან. დერბის გარშემო ისედაც დაძაბულობაა და ცეცხლზე ნავთის დასხმა, უბრალოდ, არ შეიძლება.

ტოტი პროვოკაციულად მოიქცა და იმედია, ამას თავადაც ხვდება.

მატჩის შემდეგ ქალაქში დაძაბული ატმოსფერო იყო და ამაში ტოტიმაც
შეიტანა წვლილი. "სელფის" გადაღება დიდი სისულელე იყო. დარწმუნებული ვარ, "ლაციოს" კაპიტანი ამას არასდროს გააკეთებდა.

გახდება თუ არა "რომა" ჩემპიონი? - გამორიცხულია, რადგან "იუვენტუსი" ბევრად ძლიერია. ჩემს საპრეზიდენტო სკამს ჩამოვდივარ, რომ მიმდინარე სეზონში "ჯალოროსი" სკუდეტოს ვერ მოიგებს".

ლოტიტოს განცხადებას "რომას" პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა გამოეხმაურა:

"კლაუდიო ლოტიტოს განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია. ფრანჩესკო ტოტიმ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და ფოტოს გადაღებით განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ეს იყო საოცარი საღამო, რომელსაც ასეთი ეპიზოდები უხდება. როგორც ჩანს, ლოტიტოს იმდენად ეწყინა ქულების დაკარგვა, რომ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს.

ტოტის ფოტო მართლაც შეუდარებელი იყო, მაგრამ კარგი იქნებოდა, ერთი "სელფი" "ლაციოს" პრეზიდენტსაც გადაეღო ფრანჩესკოს მეორე გოლის შემდეგ - მისი სახის გამომეტყველება საინტერესო სანახავი იქნებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული