რუდი გარსია: "რომა" იტალიის თასს უმიზნებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის მორიგი მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც "რომამ" "ემპოლის" უმასპინძლა და ურთულეს ბრძოლაში გაიმარჯვა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა 1:1 - დამატებითში კი მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი შეაგდეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

მატჩი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც რომაელებმა მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს, საჯარიმოში ჩააწოდეს და იქ უკვე ხუან იტურბემ ივარგა - ერთ მეურვეს გვერდი ოსტატურად აუარა და ბურთი ბადეში გაახვია - 1:0.

შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რუდი გარსიას შეგირდები მეტოქეს იოლად გაუმკლავდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა - მატჩი
თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა და 79-ე წუთზე სულაც ანგარიში გათანაბრდა... თავი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, სიმონე ვერდიმ გამოიჩინა, რომელიც კარგად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მეკარე მოაცურა და ბურთი დაუცველ კარში შეაგორა - 1:1.

მატჩის კულმინაცია უკვე დამატებით დროში იყო, როდესაც 114-ე წუთზე არბიტრმა "ემპოლის" კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი გოლად დანიელე დე როსიმ აქცია.

სტუმრებმა დიდხანს აპროტესტეს თერთმეტმეტრიანი, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მსაჯს ჰქონდა პენალტის დანიშვნის საფუძველი. მოკლედ, გადამწყვეტი გოლი დე როსიმ შეაგდო და "ჯალოროსიმ" მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ რუდი გარსია ექსპერიმენტებს მოერიდა და მეტოქეს ძირითადი ბირთვი დაუპირისპირა: ფრანჩესკო ტოტი, ხუან იტურბე და მატია დესტრო - შეტევაში; რაჯა ნაინგოლანი, მირალემ პიანიჩი და დანიელე დე როსი - შუახაზში, ხოლო დუგლას მაიკონი, იანგა-მბივა და დავიდე ასტორი - დაცვაში.

ერთი ეგაა, ეშლი კოულს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ 24-ე წუთზე დაშავდა და ხოსე ჰოლებასით შეცვალეს. ამასთან, კარში პოლონელი მეკარე სკორუპსკი იდგა.

"ემპოლის" თავდასხმაში მასიმო მაკარონეს და ფრანჩესკო ტავანოს ტანდემი ვიხილეთ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სერია A-ს პაექრობას "ემპოლი" სხვა ფორვარდებით, მჭედლიძით და პუჩარელით დაიწყებს - მით უმეტეს, არც მაკარონეს და არც ტავანოს "ოლიმიკოზე" თავი არ გამოუჩენიათ.

მატჩის შემდეგ რუდი გარსია გახარებული გახლდათ: "რთული მატჩი იყო და საბედნიეროდ, მეოთხედფინალის საგზური ჩვენ მოვიპოვეთ. მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა და ასევე იმსახურებდა მომდევნო ეტაპზე გასვლას. იტალიის თასი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტიტული მოვიპოვოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული