ნაპოლი-უდინეზე 2:2 (5:4) - ნეაპოლში გაუჭირდათ, მაგრამ მაინც მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 იანვარს იტალიის თასის 1/8-ფინალის ბოლო დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც "ნაპოლიმ" მხოლოდ პენალტების სერიაში შეძლო "უდინეზეს" დამარცხება.

ნეაპოლში გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში მასპინძლებმა ხუთიდან ხუთივე დარტყმა უნაკლოდ შეასრულეს, უდინელთაგან კი ბოლოს მარკეს ალანს არ გაუმართლა, რომელსაც "ნაპოლის" მეკარე მარიანო ანდუხარმა აჯობა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ანგარიში მეორე ტაიმში სტუმრებმა სირილ ტეროს გოლით (58) გახსნეს. "ნაპოლიმ" მალევე ჟორჟინიოს ზუსტი 11-მეტრიანით (65) გაათანაბრა, "უდინეზეს" კი მოედნიდან სილვან ვიდმერი გაუძევეს.

ოვერტაიმში, 99-ე წუთზე მარეკ ჰამშიკმა შეაგდო, მაგრამ
"სან-პაოლოზე" ტრიბუნებზე ზეიმმა მხოლოდ ხუთ წუთს გასტანა - პანაიოტის კონემ ანგარიში გაათანაბრა და საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა.

ამრიგად, იტალიის თასის 1/4-ფინალში ერთმანეთს "მილანი"-"ლაციო", "პარმა"-"იუვენტუსი", "ინტერი"-"ნაპოლი" და "რომა-"ფიორენტინა" დაუპირისპირდებიან. შეხვედრები 27 და 28 თებერვალსა და 3 და 4 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული