"მილანი": გადარჩენილი ფილიპო ინძაგი, გაქცეული ადრიანო გალიანი

AutoSharing Option
იტალიის თასის მეოთხედფინალური ეტაპი "მილანი"-"ლაციოს" მატჩით გაიხსნა, რომელშიც რომაელებმა იძალეს (1:0) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

გამარჯვების გოლი ლუკას ბილიას ანგარიშზეა, რომელმაც პირველი ტაიმის შუაწელს თავი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამოიჩინა. ბურთს უფრო მეტად მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ და მთლიანობაში, სტუმრებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. მართალია, "მილანმა" ორჯერ შეარხია მეტოქის კარის ბადე, მაგრამ ერთხელ ჯამპაოლო პაცინიმ ხელით გაიჩერა ბურთი, მეორედ კი ალესიო ჩერჩი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

საგულისხმოა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს, "ბიანკოჩელესტეს" ლორიკ კანა გაუძევეს და "მილანი" მთელი მეორე ნახევარი
მეტი ფეხბურთელით იყო, მაგრამ ამ უპირატესობით ვერ ისარგებლა. მოკლედ, "ლაციომ" კიდევ ერთხელ გაახარა გულშემატკივარი, "როსონერი" კი თასის გათამაშებას გამოეთიშა და გუნდის გარშემო ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა...

ტიფოზების შეტევა და გაქცეული გალიანი
"მილანი"-"ლაციოს" სათასო პაექრობის მეორე ნახევარში, "სან სიროზე" შეკრებულ გულშემატკივრებს ნერვებმა უმტყუნა - ტიფოზებმა ობსტრუქცია მოაწყვეს, აგრესიის ადრესატი კი კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი იყო. მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც გალიანის მიმართ შეტევა გაძლიერდა, ვითარება კი უმართავი ხდებოდა - სენიორ ადრიანო იძულებული გახდა, რომ თავისი ადგილი დაეტოვებინა.

"ტიფოზებმა გალიანი "სან სიროდან" გააგდეს" - სწორედ ასეთი სახის სათაურებით აივსო იტალიური სპორტული მედია. ამასთან, ულტრასების სექტორზე არაერთი ბანერი იყო გამოფენილი, რომლებიც სწორედ სენიორ ადრიანოს ეხებოდა - მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი: "აღარ გვინდა თავისუფალი აგენტები, გალიანის დრო ამოიწურა".

ინძაგი რჩება
მატჩის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თასიდან გამოვარდნის შემთხვევაში, ფილიპო ინძაგის პოსტის დატოვება მოუწევდა. "მილანი" გამოვარდა და თანაც, კაცნაკლულ მეტოქეს ვერ სძლია, მაგრამ პიპო აგრძელებს მუშაობას. თამაში სულ რამდენიმე წუთის დასრულებული იყო, როდესაც გავრცელდა ცნობა სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის სატელეფონო საუბრის შესახებ - ვერდიქტი ასეთია: ინძაგი დარჩება და გააგრძელებს მუშაობას "როსონერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

სერია A-ს უახლოეს ტურში "მილანი" "პარმას" მასპინძლობს და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს მეტად საინტერესო პაექრობა. თავად ინძაგიმ პრესასთან ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ თასის გათამაშებიდან გამოვვარდით, მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. წინ უნდა გავიხედოთ და ბევრი ვიშრომოთ, რომ უკეთ ავთამაშდეთ. მესმის გულშემატკივართა იმედგაცრუება, მაგრამ არსებულ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ალექს ფერგიუსონს ნამდვილად არ ვედრები, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მან პირველი ტიტული "მანჩესტერ იუნაიტედში" მხოლოდ მუშაობის მეშვიდე წელს მოიგო.

დროა საჭირო, რომ პროგრესის გზას დავადგეთ და თუ ეს დრო მომეცემა, პირობას ვდებ, რომ "მილანს" ძველ დიდებას დავუბრუნებ".

ბოკეტი "მილანშია"
ამასობაში, "მილანმა" კიდევ ერთი ფეხბურთელი ინათხოვრა და ის სალვატორე ბოკეტი გახლავთ. 28 წლის მცველი "როსონერიში" მოსკოვის "სპარტაკიდან" გადავიდა და თუ მხარეები კმაყოფილნი დარჩნენ თანამშრომლობით, ზაფხულში სრულფასოვანი კონტრაქტიც გაფორმდება. შეგახსენებთ, რომ "სპარტაკამდე" ბოკეტი "რუბინში" ასპარეზობდა, იქამდე "ჯენოაში" თამაშით გაითქვა სახელი და იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც კი იწვევდნენ. მოკლედ, ბოკეტი სერია A-ში დაბრუნდა და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს.

"გაძეტა დელო სპორტმა" კიდევ ერთხელ წამოსწია მატია დესტროს "მილანში" გადაბარგების ამბავი და გვამცნო, რომ 23 წლის ფორვარდი წელიწად-ნახევარში 3 მილიონ ევროს მიიღებს. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას წინ აღარაფერი უდგას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო მილანის ხელმძღვანელობის უნიათობა და გაუგებარი ასე ვთქვათ მოდუნება ყველა მიმართულებით..გასაკვირია მათი უსუსურობა იმ წარსულთან შედარებით რაც მათ მილანთან ერთად შეძლეს. ფეხბურთლები აქ ყველაზე ნაკლებათ არიან დამნაშავენი,თუმცა უკეთს ფეხბურთელებს ვისურვებდი მილანში,მაგრამ მაინც-აქ ინაძგები და ზეედორფები და გატუზოები კი არა კონტესნაირი და კლოპისნაირი ტრენერებია საჭირო,რომლებმაც დაქცეული გუნდები უცნობი და საშუალო დონის ფეხბურთელებით რა დონეზე აიყვანეს ყველამ ნახა. გამართეს აქ მწვრთნელთა ბაგა ბაღი. ახლა ალბათ გატუზო მოვა.. ისე, არაა გამორიცხულ,რო ბერლუსკონი რაღაცას ელოდება-თუნდაც მასტურისნაირ თაობას და მერე იმოქმედებს ადეკვატურად რა
გურო
00:36 31-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული