"მილანი": სამი ქულა, პლუს გაბრიელ პალეტა

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 21-ე ტურის ბოლო მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "მილანმა" "პარმას" უმასპინძლა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა - 3:1.

მასპინძელთაგან ორი გოლი ჟერემი მენეზმა გაიტანა, ხოლო ერთი - კრისტიან ძაკარდომ; სტუმართა შორის კი ექსმილანელი ანტონიო ნოჩერინო გამოირჩა, რომელმაც გასაგებ მიზეზთა გამო გოლი არ აღნიშნა. მოკლედ, "როსონერიმ" მოიგო და მკვეთრად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, ფილიპო ინძაგიმ კი პოსტი მინიმუმ ერთი კვირით შეინარჩუნა. მატჩის შემდეგ პიპომ შემდეგი განაცხადა:

"ძირითადი შემადგენლობის 6-7 ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული, ასეთ პირობებში კი სამი ქულის მოპოვება მეტად
დასაფასებელია. ამიტომ ფეხბურთელებს მადლობა ეკუთვნით თავდადებისა და ბოლომდე ბრძოლისთვის. ვფიქრობ, გულშემატკივრები კმაყოფილნი უნდა იყვნენ, რომ ურთულეს შეხვედრაში სამი ქულა ავიღეთ. საკუთარ თავთან მართალი ვარ, რადგან "მილანისთვის" ბოლომდე ვიხარჯები. გუნდში დიდ შრომას ვდებ და იმედი მაქვს, რომ დამიფასდება".

"პარმასთან" შეხვედრაში ინძაგიმ უარი თქვა 4-3-3 სქემაზე და არჩევანი 4-2-3-1 ტაქტიკაზე შეაჩერა - ფილიპომ ამაზეც გააკეთა კომენტარი: "პირველ წრეში 4-3-3-მა თავისი საქმე გააკეთა და ვფიქრობ, რომ სიახლეების დროა. 4-2-3-1 წარმატებული გამოდგა და სამომავლოდაც ხშირად გამოვიყენებ. ამასთან, შეგვიძლია 4-4-2 დავამუშავოთ და შეტევაში ტანდემი გავამწესოთ.

კლუბის მესვეურებმა სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურეს და ახალი ფეხბურთელები მეტ შესაძლებლობას იძლევიან".

პალეტაც "მილანში"
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "მილანმა" 6 ფეხბურთელი გადაიბირა: სუსო, ალესიო ჩერჩი, მატია დესტრო, სალვატორე ბოკეტი, ლუკა ანტონელი და გაბრიელ პალეტა. დიახ, 28 წლის პალეტა "როსონერის" ბოლო შენაძენია, რომელიც "პარმადან" ადრიანო გალიანიმ 6-თვიანი იჯარით აიყვანა.

ცნობისთვის, პალეტა ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მასში ლომბარდიელებს თანხის გადახდა არ მოუწევთ. მოკლედ, "მილანმა" კიდევ ერთი მცველი გადაიბირა და საგულისხმოა, რომ ისევ იტალიელი. 6 შენაძენიდან 5 იტალიელია და მხოლოდ ერთი უცხოელი, სუსოს სახით. სატრანსფერო კამპანია ფილიპო ინძაგიმ დადებითად შეაფასა, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი კი ასეთ კომენტარს აკეთებს:

"გუნდის შედეგები არასახარბიელოა და გამომდინარე აქედან, გულშემატკივართა აღშფოთება გასაგებია. არც მათი პროტესტი მიკვირს და არც ობსტრუქცია. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ არსებულ შესაძლებლობებს სრულად ვიყენებთ და გუნდს მაინც ვაძლიერებთ. ვფიქრობ, მაღალი დონის ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებიც გუნდს დიდ სარგებელს მოუტანენ. ამ რესურსით სამეულისათვის ბრძოლა არა თუ შესაძლებელია, აუცილებელია; დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული