ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელმაც თავი 90-ე წუთზე გამოიჩინა. დიახ, ნეაპოლელებმა ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ იხეირეს და აგრძელებენ ბრძოლას იტალიის თასისთვის.
მატჩი თანაბარი გამოდგა - ბურთს უფრო მეტად მილანელები ფლობდნენ, მაგრამ სამაგიეროდ, მეტი სახიფათო მომენტი მათ კართან შეიქმნა.
მთლიანობაში, გუნდები უფრო ფრთხილობდნენ და მატჩი არცთუ სანახაობრივი გამოდგა. იგუაინის გოლი "ინტერის" მცველთა უყურადღებობას მოჰყვა
მოკლედ, "ინტერის" მცველებს ჩამოეძინათ, მატჩის შემდეგ კი რობერტო მანჩინიმ მეტად საგულისხმო კომენტარი გააკეთა.
რაფაელ ბენიტესი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. "ინტერს" ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს და მე თუ მკითხავთ, ეს გუნდი სკუდეტოსთვის უნდა იბრძოდეს. ვაგრძელებთ ბრძოლას სამ ფრონტზე და წინ გადამწყვეტი ბატალიები გველის. გონსალო იგუაინი საუკეთესო ფორვარდია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. მას მხოლოდ რაულს თუ შევადარებდი".
რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი): "სიმართლე გითხრათ, არც კი მახსოვს, ბოლოს როდის წავაგე სამი მატჩი ზედიზედ. ალბათ, ბოლო ათი წელია, ასეთი რამ არ მომხდარა. მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე 30 წამი რჩებოდა და იგუაინი მეკარესთან პირისპირ დავტოვეთ... ასეთი გოლების გაშვება, უბრალოდ, არ შეიძლება და ვფიქრობ, ეს მცველებმა ჩემზე უკეთ იციან. რა უნდა ვთქვა? - მხოლოდ ის, რომ ჩვენ იდიოტები ვართ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"