არიგო საკის დაბრუნება - არავითარი ავტობუსი! ანუ რატომ ფიქრობს გულიტი სასქესო ორგანოთი?

AutoSharing Option
ბოლო დროს იტალიურ პრესაში ათასი ჭორ-მართალი იწერება კრიზისში ჩაძირული "მილანის" შესახებ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, "როსონერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგი XX საუკუნის ერთ-ერთმა საუკეთესო დამრიგებელმა არიგო საკიმ უნდა შეცვალოს.

არადა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სილვიო ბერლუსკონის მართლაც უნდა საკის "მილანში" ხილვა, თუმცა არა მწვრთნელის, არამედ ახალგაზრდული გუნდების კოორდინატორის თანამდებობაზე.

ესეც არ იყოს, "ფუზინიანოელ წინასწარმეტყველს" (ასე შეარქვეს საკის) არანაირი სურვილი არ აქვს, ინძაგისა თუ "მილანის" მომავალი, სხვა დამრიგებლის საქმეში ჩაერიოს. ის იტალიის ნაკრებთან ძალიან დაახლოებული იყო ბოლო წლებში, თუმცა გუნდის სათამაშო
სტილის არჩევასა და ტაქტიკაში არასოდეს ჩარეულა.

გაცილებით მეტად ერეოდა საკი იტალიის ახალგაზრდული ნაკრების საქმეებში და წარმატებაც არ აყოვნებდა. 2013 წელს პატარა "სკუდრა აძურა" ისრაელში გამართულ ევროფორუმზე ფინალამდე მივიდა და ამაში საკის წვლილი ძალიან დიდია.

იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დევის მანჯამ აღიარა, რომ საკიმ იმთავითვე აიღო მასზე შეფობა და ეხმარებოდა არაერთი ტაქტიკური თუ სხვა ნიუანსის გადაწყვეტაში. საკი მანჯას ვალში არ დარჩენია - 2013 წელს მან გალიანის მასიმილიანო ალეგრის შემცვლელად სწორედ მისი კანდიდატურა ურჩია.

ახლა, როცა "მილანელოში" დიდი მაესტროს დაბრუნება ასე რეალური გახდა, ალბათ, უპრიანი იქნება, გავიხსენოთ საკის სამწვრთნელო თეორიის მთავარი პოსტულატები. ტოტალური პრესინგი, ხელოვნური თამაშგარეები, განლაგება ხაზზე და 4-4-2, შუაღამემდე თეორია და მეტოქეების ბოლომდე გარჩევა, ტაქტიკური სქემების მრავალფეროვნება - ეს საკის სამყაროა.

დაბრუნებას თან დიდი ინტრიგა ახლავს. მას 15 წელია, აღარ გაუწვრთნია არც ერთი გუნდი. ამ დროის განმავლობაში მისი მემკვიდრეების ხელში საკის იდეები აღზევდა და ჩაიფერფლა კიდეც. 15 წელი დიდი დროა.

საკის აუცილებლად ექნება სიახლეები "მილანისთვის". მან ამ გუნდში ოთხ წელიწადში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ბევრმა მთელ ცხოვრებაში. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არიგოს ბევრი ახალი რამ აქვს მოფიქრებული. მაგალითად, პრესინგის სისტემა. საკი ექსპერტად იყო იტალიის ტელევიზიაში და ხოსეპ გვარდიოლას მეთოდებით აღფრთოვანებული გახლდათ, დაწვრილებით სწავლობდა მის პრესინგს.

საკის იდეების კრახზეც საუბრობდნენ. მაგრამ მთლად ასეც არ არის. XX საუკუნის ბოლოს მათ რევოლუციურს უწოდებდნენ და დღესაც ბევრი იყენებს. რა ფორმით დარჩა არიგო საკის ნააზრევი დღევანდელ ფეხბურთში?
ზონური დაცვა
ცდება ის, ვინც მიიჩნევს, რომ დაცვის ზონური პრინციპი საკიმ მოიგონა. უბრალოდ, მან დაცვის ეს ვარიანტი სრულყო. ეს სისტემა მაესტრელიმ და ლიდჰოლმმა მოიგონეს. ჯერ კიდევ იმ წლებში იცოდა ბევრმა მწვრთნელმა, როგორი მიმართულებით უნდა ემოძრავათ მათ ფეხბურთელებს, მაგრამ მხოლოდ საკიმ შეძლო ამ მოძრაობაში სინქრონული ელემენტების შეტანა.

გარდა ამისა, საკიმ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა თეორიას იმის თაობაზე, რომ შემდგარ ვარსკვლავს უკვე ვერაფერს ასწავლი ახალს. მისი ყველაზე ცნობილი ფრაზაა: "ფეხბურთელია ყველა ის, ვისაც ბურთზე ფეხის დარტყმა შეუძლია, მოთამაშე კი მხოლოდ ის, ვისაც ფეხბურთი ესმის". საკი ყველას ასწავლიდა ფეხბურთის სიღრმეებს.

არიგო მიიჩნევს, რომ დაცვაში თამაშის დროს არსებობს ოთხი ორიენტირი - ბურთი, სივრცე, მეტოქე და პარტნიორები. ყველა მანევრი ამ ოთხი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. "მილანს" ამ პრინციპების გასიგრძეგანება არ აწყენს. გუნდის დაცვა საშინლად გამოიყურება.

განლაგების თავისებურებები
ტრადიციულად, აპენინებზე არიგო საკის სახელს უკავშირდება განლაგება 4-4-2, რომელიც დღევანდელ იტალიურ ფეხბურთში ძალიან იშვიათად გამოიყენება. არადა, თავიდან საკიმ "მილანში" 4-3-3 სქემით დაიწყო და მხოლოდ დაცვაში სრულყოფის მიზნით გადააწყო გუნდი ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენებ ტაქტიკურ სქემაზე.

საკის საჭიროებისამებრ შეჰქონდა ცვლილებები და ახალი შტრიხები 4-4-2 განლაგებაში. მაგალითად, 1988 წელს რობერტო დონადონი ასრულებდა "ფანტაზისტას" ფუნქციებს. არადა, დონადონი ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, თუმცა მწვრთნელმა იცოდა, რომ ის იმ "მილანში" ყველაზე ტექნიკური გახლდათ. სხვათა შორის, გასულ სეზონში დონადონი "პარმაში" "ფანტაზისტად" ასევე მარჯვენაფლანგელს, მარკო მარკიონის იყენებდა.

ინძაგის "მილანი" როცა თავს იცავს, ხშირად გადადის 4-4-2 განლაგებაზე. ეს გუნდში ჯაკომო ბონავენტურას ყოფნით აიხსნება. სხვათა შორის, საკის დღეს შეუძლია, რამდენიმე ფასდაუდებელი რჩევა მისცეს ინძაგის, თუმცა იგი ამას უბრალოდ არ იკადრებს.

უნივერსალიზმი
90-იანი წლების დასაწყისის იტალიურ ფეხბურთში არიგო საკი ყველაზე ხშირად უცვლიდა პოზიციებს ფეხბურთელებს. ის მიიჩნევდა, რომ მაღალი კლასის ნებისმიერ შემსრულებელს უნდა შეეძლოს ერთნაირი წარმატებით თამაში როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. როცა იტალიის ნაკრები ჩაიბარა, საკიმ პირველივე შეხვედრაში ნახევარდაცვაში დააყენა ჯანფრანკო ძოლა, მეორე მატჩში კი დაცვის ცენტრში მოუძებნა ადგილი დინო ბაჯოს. ხალხი ითხოვდა, რომ მცველების წინ შემქმნელ ფეხბურთელს ეთამაშა. მან ამ მიზნით ნაკრებში ერთხელ ინტერელ ანტონიო მანიკონესაც კი უხმო, თუმცა ექსპერიმენტი ჩაფლავდა.

დღევანდელ "მილანს" ძალიან სჭირდება უნივერსალები. საკის შეუძლია დანერგოს "როსონერიში" ის, რაც დღეს ყველაზე უფრო აუცილებელია შეჭირვებული გრანდისთვის.

გამარჯვებულის მენტალიტეტი
საკის მუდამ შეეძლო, შრომის თავდაუზოგავ ფერხულში ჩაება ვარსკვლავები, საშუალო მოთამაშეები კი მისი ხელმძღვანელობით თავს ზემოთ ხტებოდნენ. ის ვარსკვლავებს არასოდეს უსვამდა თავზე ხელს.

შარშან იტალიაში გამოვიდა წიგნი, რომლის მთავარი გმირები არიგო საკი და სილვიო ბერლუსკონი არიან. წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს აპენინებზე. იქ ბევრია გამოგონილი დიალოგები. ერთ-ერთი განსაკუთრებით მაგარია.
"გულიტი სასქესო ორგანოთი ფიქრობს, ის ზედმეტადაა მინდობილი ინსტიქტებს. ვან ბასტენმა კი გაახურა თავისი მუდამ მადლიერი სახით", - "ამბობს" საკი. გამოგონილია, მაგრამ არიგოს კარგად ერგება.

ერთხელ საკიმ ყველა გააკვირვა და თქვა, რომ "მილანის" შემადგენლობაში საუკეთესო ანჯელო კოლომბოა. მაშინ ეს ბევრმა ნამდვილ ხუმრობად მიიღო. არადა, საკის მთელი კარიერა აჩვენებს, რომ მისთვის საუკეთესონი მუდამ იყვნენ არა ვარსკვლავები, არამედ ერთგული და შეუცვლელი გმირები. მაშინ ასეთ მიდგომას ბევრი აკრიტიკებდა. იმ წლებში იტალიურ გუნდებს შეეძლოთ, დაუბრკოლებლად ეყიდათ "ოქროს ბურთის" ლაურეატები". ახლა სხვა დროა.

ბოლო დროს საკი ხშირად იმეორებს, რომ მისთვის დაუმსახურებელი გამარჯვება გამარჯვება არ არის. მისთვის მიუღებელია, იჯდეს მთელი თამაში დაცვაში, "ჩააყენოს კარში ავტობუსი" და 94-ე წუთზე კუთხურიდან შეაგდოს გამარჯვების გოლი. სწორედ ასეთი ფილოსოფია სჭირდება "მილანს", რომელსაც უფრო და უფრო ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ პროვინციულ ფეხბურთს შეეჩვია.

თუ მილანს სარგებლის მიღება უნდა...
იტალიაში ბევრს სურს ახალი "ბარსელონასა" და "ბაიერნის" აშენება. ესაა, საამისო ფული არ არის. მაშინ უნდა მოინახოს სხვა გზა. 25 წლის წინ არიგო საკიმ კალჩოს ისტორიაში უდიდესი გუნდი მოკრძალებული "ჯენოასა" და ჯიჯი მაიფრედის მაგალითზე გამოძერწა. ის ხშირად აყურებინებდა ფეხბურთელებს 60-იანი წლების დასაწყისის "ბოლონიას" მატჩების ჩანაწერებს, დაძრწოდა ქვედა დივიზიონების ერთი შეხედვით არაფრის მომცემ მატჩებზე.

"ემპოლი" და "სასუოლო" - დღეს სერია A-ში არის ორი გუნდი, რომელთა გამოყენებაც "მილანის" ახალ მოდელად თავისუფლად შეიძლება. მაურიციო სარის ("ემპოლის" მწვრთნელი) და ეუსებიო დი ფრანჩესკოს ("სასუოლოს" მწვრთნელი) შესანიშნავი იდეები აქვთ, რომელთაც განვრცობა და გამოყენება სჭირდება. სასირცხვილო კი ამაში არაფერია. ფრანკო ბარეზი მსოფლიოს ჩემპიონი და ლეგენდა იყო, თუმცა "ჯენოასგან" და ჯანლუიჯი სინიორინისგან ბევრს სწავლობდა.

არც რიკარდო მონტოლივოს ავნებდა მირკო ვალდიფიორის თამაშისთვის თვალის მიდევნება. ეს ფეხბურთელი შეგვიძლია თამამად შევრაცხოთ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენად.

თუ "მილანს" უნდა, რომ არიგო საკის დაბრუნებისაგან მაქსიმალური ეფექტი მიიღოს, მაშინ გუნდი მისმა რომელიმე ექსშეგირდმა უნდა ჩაიბაროს. ამ ოცნების ასრულება საკიმ ჯერ კიდევ მაშინ სცადა, როცა "პარმაში" სპორტული დირექტორის პოსტი ეჭირა. იმ დროს კარლო ანჩელოტის "იუვენტუსთან" კონტრაქტი დაუსრულდა და საკიმ მას სამსახური შესთავაზა, თუმცა ანჩელოტი ბერლუსკონიმ გადაიბირა. რა იქნება ამჯერად?

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული