ისიც თქვეს, რომ კონტეს მიწვევა "მილანის" მესვეურებს სურთ და თავად მწვრთნელიც არაა უარს, რომ ლომბარდიულ გრანდს ჩაუდგეს სათავეში.
მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ კონტე ნაკრებს დატოვებდა და ეს ვარაუდი გამართლდა კიდეც. ქვემოთ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის და თავად კონტეს კომენტარებს გავეცნოთ...
კარლო ტავეკიო (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ჩვენი მიზანი ანტონიო კონტესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა და არა მისი გაშვება. გავრცელებული ხმები სრული აბსურდია და
იყო გარკვეული პრობლემები კლუბებთან, კიდევ ერთხელ გაიხსენეს კალჩოპოლი, მაგრამ ამის გამო კონტე დაკისრებულ მოვალეობას და პასუხისმგებლობას არ გაექცევა. ჩვენ გვქონდა საუბარი და მინდა ამაში დაგარწმუნოთ".
ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "არის პრობლემები და კითხვის ნიშნებიც, მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესია: მინიმუმ, კონტრაქტის ამოწურვამდე, პოსტის დატოვებას არ ვაპირებ. შესაბამისად, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე "სკუადრა აძურას" მე გავწვრთნი. იქამდე ჩემპიონატის საგზური გვაქვს მოსაპოვებელი და არც ეს მავიწყდება. მოკლედ, უნდა ეს ბევრს თუ არა, მე ვრჩები და ვაგრძელებ მუშაობას".
ისევ კალჩოპოლი
ამასობაში, კიდევ ერთხელ გაიღვიძა კალჩოპოლის თემამ და შესაძლოა, უახლოეს მომავალში ახალი დამნაშავეებიც გამოავლინონ. ლაპარაკია 2010-11 წლების სეზონის არაერთ თამაშზე და როგორც კარლო ტავეკიომ აღნიშნა, საქმეში ანტონიო კონტეს გვარიც ფიგურირებს.
იტალიის გენერალური პროკურორის ეჭვმიტანილთა სიაში სულ 130 ადამიანია, მათ შორის, "ატალანტას" ამჟამინდელი თავკაცი სტეფანო კოლანტუონო, "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური, ასევე, კრისტიან დონი, ჯუზეპე სინიორი და სხვა ცნობილი პირები.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ერთხელ უკვე დასაჯეს და 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელიც შემდეგ 4 თვემდე შეუმცირდა. კონტეს ვერ დაუმტკიცეს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა, მაგრამ "სიენას" ფეხბურთელთა განზრახვის დამალვაში დაადანაშაულეს, რაც თავად მწვრთნელს არ უღიარებია.
კონტემ ისე მოიხადა დისკვალიფიკაცია, რომ საკუთარ უდანაშაულობას ბოლომდე ამტკიცებდა. დიდი ალბათობით, კონტეს უახლოეს მომავალში დაკითხვაზე დაიბარებენ. იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:
"საკუთარ თავთან მართალი ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არ ვიცი, კიდევ რა საქმეები ამოქექეს, მაგრამ მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"