კალჩოს ძველი, კარგი დრო, რომელსაც გადარეული პრეზიდენტები ქმნიდნენ

AutoSharing Option
ფოტოზე: სილვიო ბერლუსკონი "მილანის" დიდების დროს
ყველა დიდ საფეხბურთო ქვეყანაში განსხვავებული კულტურა და ტრადიციებია და ბუნებრივია, გამონაკლისი არც იტალიაა.

ალბათ ვერ გაიხსენებთ ინგლისური კლუბის პრეზიდენტს, სპორტულ დირექტორს, ან სხვა თანამდებობის პირს, რომელიც სკანდალში გახვეულიყოს და სპორტული პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრო.

არც გერმანელები გამოირჩევიან ამ მხრივ - გამონაკლისის სახით კი ული ჰიონესის გახსენება შეიძლება. ესპანეთში კოლორიტული ხესუს ხილი გვახსენდება "ატლეტიკოდან" და რამდენი იყო ასეთი აპენინებზე? - იტალიურ ფეხბურთში ხშირად მოთამაშეებზე და მწვრთნელებზე უფრო პოპულარულნი სწორედ
საფეხბურთო მოღვაწეები არიან და ეს კალჩოს საფეხბურთო კულტურის ნაწილია.

90-იანი წლები ამ მხრივ ნამდვილი რენესანსი იყო, რადგან სერია A-ს კლუბებს სრულიად გამორჩეული და განუმეორებელი პერსონები, ხშირად საეჭვო რეპუტაციის ბიზნესმენები მართავდნენ. კლუბების მართვის ოჯახური ტრადიციაც იტალიური ფენომენია - ბერლუსკონები "მილანში", მორატები "ინტერში", ანიელები "იუვენტუსში" და ა.შ.

90-იანებში, იტალიური კლუბების მესვეურები კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ და ამად იყო, რომ იმ დროინდელ სერია A-ს საფეხბურთო NBA-ს უწოდებდნენ. სილვიო ბერლუსკონი დღეს ამუშავებს ადრიანო გალიანის თავისუფალ აგენტებზე, თორემ თავის დროზე, ყველაზე ხელგაშლილი პრეზიდენტი იყო და ათეულობით მილიონსაც ხარჯავდა.

თუნდაც მასიმო მორატი, რომლის "ინტერი" ყოველთვის გაძეძგილი იყო ვარსკვლავებით. იგივე ითქმის ანიელებზე და რაც მთავარია, დიდად მათ არც სხვები ჩამორჩებოდნენ - სერჯო კრანიოტი "ლაციოს" მფლობელი გახლდათ და ნამდვილ სიგიჟეებს აკეთებდა - გემახსოვრებათ, როგორ გადაიხადა 46 მილიონი ევრო გაისკა მენდიეტაში და ისე გაუშვა, რომ პირენეელი გუნდს არაფერში გამოადგა.

გახსოვთ ვიტორიო ჩეკი გორი, რომლის "ფიორენტინაში" გაბრიელ ბატისტუტა, მანუელ რუი კოშტა, ედმუნდო და აბელ ბალბო თამაშობდნენ?

"პარმას" სტეფანო ტანცი და მისი ოჯახი მართავდა, გუნდში კი უამრავმა ვარსკვლავმა ითამაშა დაწყებული ჯანლუიჯი ბუფონით, გაგრძელებული ფაბიო კანავარო-ლილიან ტიურამის ტანდემით და დასრულებული ერნან კრესპოთი.

არც ფრანკო სენსი უნდა დავივიწყოთ, რომლის "რომაც" მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, შეტევაში კი სუპერ ტრიო ჰყავდა ფრანჩესკო ტოტის, მარკო დელვეკიოს და ვინჩენცო მონტელას შემადგენლობით - 2001 წელს, "ჯალოროსიმ" სკუდეტოც მოიგო და იქ უკვე, ხსენებულ ტრიოს გაბრიელ ბატისტუტაც დაემატა. და, რა ფეხბურთელები ჰყავდა "რომას" სხვა რგოლებში? - კაფუ, ალდაირი, სამუელი, ემერსონი და კიდევ რომელი ერთი...

იმ პერიოდის კალჩო მართლაც გაძეძგილი იყო ვარსკვლავებით, კლუბებს კი გამორჩეული მფლობელები ჰყავდათ, რომლებიც გარდა იმისა რომ დიდძალ თანხებს ხარჯავდნენ, მუდმივად ეხვეოდნენ სკანდალებში და ქმნიდნენ შოუს, რომელიც მხოლოდ კალჩოში შეიძლება ვიხილოთ.

ლუჩანო 1
გახსოვთ ლუჩანო გაუჩი? - როგორც მას უწოდებდნენ: "შეშლილი პრეზიდენტი პერუჯადან". მის მოკრძალებულ "პერუჯას" ბევრი გრანდი გაუმწარებია, განსაკუთრებით ცუდად კი ეს გუნდი "იუვენტუსის" გულშემატკივრებს ახსოვთ - დიახ, "სტადიო რენატო კური", თავსხმა წვიმა და პიერლუიჯი კოლინა...

თუმცა, დავუბრუნდეთ გაუჩის, რომელიც თავისი უჩვეულო გადაწყვეტილებებით ხშირად ექცეოდა მასმედიის ყურადღების ცენტრში.

2002 წლის ზაფხულში, მან გუნდიდან სამხრეთკორეელი თავდამსხმელი ან ჩონ ხვანი გააგდო, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ უკანასკნელმა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში იტალიის ნაჯრებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა. მაშინ, გაუჩიმ ზუსტად ასეთი ფრაზა თქვა: "არ ვაპირებ ფული ვუხადო იმ ფეხბურთელს, რომელმაც იტალიურ ფეხბურთს უდიდესი დარტყმა მიაყენა".

გაუჩიმ კიდევ ბევრჯერ გამოიჩინა თავი - მაგალითად, წლების განმავლობაში იბრძოდა, რომ უეფას მისთვის გუნდში ქალი ფეხბურთელის დამატების უფლება მიეცა.

სენიორ ლუჩანოს სურვილები ძირითადად, სკანდინავიელ გოგონებს დასტრიალებდა და ხან ერთს უპირებდა გუნდში წაყვანას და ხანაც მეორეს. საბოლოოდ, ისე დაასრულა მოღვაწეობა რომ ეს ოცნება ვერ აისრულა.

სამაგიეროდ, ლიბიის ყოფილი მმართველის, მოჰამედ კადაფის ოცნება აასრულა, როდესაც "პერუჯაში" მისი შვილი, ალ საადი კადაფი ჩარიცხა და სერია A-ს ერთ შეხვედრაში ათამაშა კიდეც.

Sportall.Ge
ფოტოზე: ალ საადი კადაფი (მარცხნივ) და ლუჩანო გაუჩი
კადაფების ოჯახს ალ საადის ჩარიცხვა "იუვენტუსში" სურდა, მაგრამ ანიელები მყარ უარზე დადგნენ, გაუჩიმ კი თვითონ იაქტიურა და სავარაუდოდ, დიდძალი თანხაც აიღო.

ალბათ ბევრს არ გახსოვდათ, რომ იტალიაში მოჰამედ კადაფის შვილს აქვს ნათამაშები, რომელსაც მაშინ სულაც არ უწოდებდნენ დიქტატორს.

ლუჩანო 2
ზემოთ კლუბების მფლობელები ჩამოვთვალეთ, მაგრამ რით იყო მათზე ნაკლები ლუჩანო მოჯი თავისი განუყრელი ნაცრისფერი მოსასხამით? - პერსონა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა იტალიურ ფეხბურთში. მოჯი კალჩოპოლის მთავარი მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც ჩამოშორებულია საფეხბურთო საქმიანობას.

მოჯის ინიციატივა იყო ის კანონი, რომელიც მხოლოდ იტალიაში მოქმედებდა და რომლის დადებით შედეგებსაც "იუვენტუსი" დღემდე იმკის. ვგულისხმობთ იმ წესს, რომლის მიხედვითაც ერთი ფეხბურთელი ერთბაშად ორ კლუბს ეკუთვნის და სრულად გამოსყიდვის უპირატესობაც მათ აქვთ. "ვეკია სენიორას" დღემდე ჰყავს დაახლოიებით 60 ფეხბურთელი გაფორმებული და სწორედ ამის ხარჯზე იზიდავს ყველაზე საუკეთესო იტალიელ მოთამაშეებს.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლუჩანო მოჯი
უნდა ვინმეს სიმონე ძაძას გადაბირება? - სანახევროდ ის "იუვეს" ეკუთვნის და სწორედ ტურინული გრანდი გადაწყვეტს, გამოისყიდოს "სასუოლოდან" თუ სხვას დაუთმოს. უნდათ დომენიკო ბერარდი? - ჯერ "იუვეს" უნდა დაეკითხონ; უნდათ დანიელე რუგანი? - ისიც "იუვეს" ეკუთვნის და ასე კიდევ უამრავ ნიჭიერ ფეხბურთელზე.

ეს ლუჩანო მოჯის ხრიკებია, რომელსაც ერთ დღეს უბრალოდ აუკრძალეს საფეხბურთო საქმიანობა.

ცნობისთვის, 2014 წელს ის კანონიც გააუქმეს, რომლის ძალითაც კლუბს შეუძლია ფეხბურთელი სანახევროდ შეიძინოს და დღეს, ეს წესი მხოლოდ მათზე ვრცელდება, რომლებმაც ანალოგიური ხელშეკრულება 2014 წლამდე გააფორმეს.

ლუჩანო მოჯიმ ბევრი საინტერესო საქმე აკეთა, მაგრამ მისი სახელი უპირველესად მაინც გარიგებულ მატჩებთან და კალჩოპოლთან არის გაიგივებული - ეს კალჩოა, იტალიური ფეხბურთი...

ტრადიციების გამგრძელებელი
მასიმო ფერერო იდეალური პერსონაჟია 90-იანი წლების იტალიური ფეხბურთიდან - ჭკუიდან შეშლილი პრეზიდენტი, რომელიც მუდმივად სკანდალებში ეხვევა და თითოეულ თამაშზე სიგიჟეებს აკეთებს.


Sportall.Ge
ფოტოზე: მასიმო ფერერო
ხშირად თავზე აქვს წაკრული "სამპდორიას" შარფი და გოლებს გასაოცარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ცეკვით აღნიშნავს. მოგებული მატჩების შემდეგ, "სტადიო მარასის" მინდორზე ჩარბის და ისეთ კროსებს ურტყამს, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს შეშურდება - არადა, ეს გაბურძგნული კაცი 64 წლისაა.

სენიორ ფერერომ "ინტერის" ინდონეზიელი მფლობელი ერიკ ტოჰირი გამოლანძღა და მას ფილიპინელი ლილიპუტი უწოდა... მიზეზი? - განსაკუთრებული არაფერი, ფერეროს მისი არაკომპეტენტურობა მოხვდა თვალში და ისიც დასძინა, თუ ფული არ ჰქონდა, რას მოეთრეოდაო.

ეს ამბავი დიდ სკანდალში გადაიზარდა, ტოჰირმა კი მოწიწებით აღნიშნა, ინდონეზია და ფილიპინები სხვადასხვა ქვეყნებიაო - ფერეროს ბოდიშის მოხდა არც კი უცდია და ცეცხლზე ნავთი დაასხა, ინდონეზია და ფილიპინები ჩემთვის ერთი და იგივეა და საბოდიშოსაც ვერაფერს ვხედავო.

მასიმო ფერერო მართლაც გამორჩეული პერსონაა - "სამპდორიაში" სამუელ ეტო’ო მიიყვანა და უნდა გენახათ, როგორ იღებდა სელფებს კამერუნელთან "სტადიო მარასის" მწვანე მინდორზე...

და მაინც...
რატომ გავიხსენეთ ძველი, კარგი დრო - იტალიური ფეხბურთის "ოქროს ხანა" და გამორჩეული საფეხბურთო მოღვაწეები? - დრო მიდის და ტენდენციები იცვლება, იტალიელები ვეღარ უწევენ კონკურენციას ევროპის ტოპქვეყნებს და როგორც ამბობენ, უპირველესად ეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ბრალია.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სილვიო ბერლუსკონი ვეღარ ხარჯავს ათეულობით მილიონს ფეხბურთელებში, ვერც ანიელები დაეტოლებიან ფლორენტინო პერესს და რომან აბრამოვიჩს, ვეღარც კრანიოტებს, ჩეკი გორებს და სენსებს ვხედავთ და ისეთი პირი უჩანს, რომ სულ მალე, იტალიურ ფეხბურთშიც უცხოელი ინვესტორები გაბატონდებიან...

პირველი მერცხალი ერიკ ტოჰირი იყო, რომელმაც ლეგენდარული მასიმო მორატისგან "ინტერი" შეიძინა. თუმცა, იქამდე "რომაში" მივიდნენ ამერიკელები, მართალია იტალიური წარმოშობის, მაგრამ მაინც ამერიკელები - იქაურ კულტურაზე აღზრდილი და შესაბამისად, იქაური მენტალიტეტის მქონე.

სულ ახალი ამბავი ტაილანდელი ბიზნესმენის გამოჩენაა, რომელსაც "მილანის" შეძენა სურს და რომლის სანაცვლოდაც მზადაა 1 მილიარდი ევრო გადაიხადოს. ბერლუსკონებმა უარი თქვეს, მაგრამ ტაილანდელმა მილიარდს კიდევ 100 მილიონი დაამატა.

ადრე თუ გვიან, იტალიელებს ჩააჩოჩებენ უცხოელი ინვესტორები - დღეს, სწორედ ასეთი ტენდენციაა...

თუ ადრე მილანური დერბი ბერლუსკონების და მორატების ჯახი იყო, ხვალ "მილანის" და "ინტერის" პაექრობა ალბათ ერიკ ტოჰირის და ბი ტაეკაბულის დაპირისპირება იქნება.

ჩვენ კი ყოველთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ძველი, კარგი დრო, რომლებსაც გადარეულო პრეზიდენტები ქმნიდნენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი სტატიაა თავისი სიმართლით... ნოსტალგიებმა და სენტიმენტებმა შემაწუხეს. : ))
Parma
27 თებერვალი 2015 02:30
0
ეჰ მართლა რა კარგი დრო იყო,ქრებიან ნელ-ნელა ნამდვილი კოლორიტები,არა მარტო პრეზიდენტები,გადარეული ფეხბურთელებიც აღარ არიან,სად არიან ეფენბერგის,კანტონას,კანის,როი კინის,გატუზოსნაირები,ნელ-ნელა ხიბლს კარგავს ფეხბურთი და უფრო მეტი კომერციალიზაციისკენ მიდის ყველაფერი
pip
22 თებერვალი 2015 18:13
1
მართლა კარგი სტატიაა ყოჩაღ ავტორს. კითხვა რომ დავიწყე და ძველ პრეზიდენტებს სანამ გამოვცდებოდი მეც ეგრევე სამპდორიას შეფი გამახსენდა. ისე არც ნაპოლის და პალერმოს შეფები არიან ასე რომ ვთქვათ არაექსცენტრულები უბრალოდ ფული არ აქვთ :)
მინდია
21 თებერვალი 2015 15:20
0
ყოჩაღ ავტორს ძალიან ვისიამოვნე, ძველი კარგი დრო გამხსენე,დიდი იმედი მაქვს რომ იტალიურ ფეხბურთზე სულ უდრო და უფრო მეტს დადებთ.
parma
21 თებერვალი 2015 13:56
0
საღოლ ავტორ, ჯიგარი ხარ :) მაგარი სტატიაა :)
toskaneli
21 თებერვალი 2015 13:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული