"პარმა" ძალიან მძიმე მდგომარეობაშია

AutoSharing Option
"პარმას" პრობლემებს ბოლო არ უჩანს. მეტიც, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და არაა გამორიცხული, გუნდს უახლოეს დღეებში კიდევ 5 ქულა დააკლონ.

კლუბის ახალი პრეზიდენტი ჯამპიეტრო მანენტი დაჰპირდა როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს, რომ სეზონის ბოლომდე 15 მილიონ ევროს დახარჯავდა, რაც სახელფასო დავალიანებას მთლიანად დაფარავდა და იმ ვალების ნაწილსაც გაისტუმრებდა, რის გამოც კლუბს ფედერკალჩოსთან პრობლემები აქვს და ქულაც კი დააკლეს.

მოკლედ, მანენტიმ ყველა დააიმედა, მაგრამ მის სიტყვას საქმე არ მოჰყოლია - ხელფასები ჯერაც გაუცემელია და არც სხვა მევალეებს აუღიათ თანხის თუნდაც მცირე ნაწილი.
შედეგად, გუშინ "პარმას" ოფისს ამოღების სამსახურის თანამშრომლები ესტუმრნენ და ქონების გარკვეული ნაწილის კონფისკაცია მოახდინეს - კერძოდ, კლუბს 3 მიკროავტობუსი და ერთი ავტომობილი ჩამოერთვა.

"პარმას" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, თუ ფეხბურთელები ფედერკალჩოში საპროტესტო განცხადებას შეიტანენ და კლუბის მესვეურებს სახელფასო დავალიანებისთვის უჩივლებენ. მოთამაშეებმა კლუბს 3-დღიანი ვადა მისცეს და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საპროტესტო წერილი ადრესატამდე მივა.

თავის მხრივ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გააფრთხილა "პარმა", რომ თუ ფეხბურთელთა დავალიანება არ დაიფარება, გუნდს სატურნირო ცხრილში კიდევ 5 ქულა დააკლდება. კიდევ უარესი, იტალიის პროკურატურამ საქმე დაძრა, რომელიც შესაძლოა, "პარმას" ბანკროტად გამოცხადებით დასრულდეს - ემილიური კლუბის ვალები დღეისთვის 95 მილიონ ევროს შეადგენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული