გაბრიელ ომარ ბატისტუტა ძალიან დიდი იყო...
მეოჯახე
1969 წლის 1-ელ თებერვალს ომარ ბატისტუტასა და გლორია ცილის ოჯახში ვაჟი დაიბადა. ძეობა მაშინ არაფრით გამორჩეული, შემდეგ კი სანიშანსვეტო, მოხდა არგენტინის პატარა ქალაქ აველიანედაში, სანტა ფეს პროვინციაში. გაბრიელის შემდეგ ოჯახში ბიჭი აღარ დაბადებულა, მხოლოდ სამი ქალიშვილი - ელისა, ალეხანდრა და გაბრიელა.
სხვათა შორის, ბატისტუტა 16 წლის იყო, როცა შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს,
აღსანიშნავია, რომ დიდი მეოჯახე ბატისტუტა არასოდეს გახვეულა ქალებთან დაკავშირებულ სკანდალებში. ეს იმის მიუხედავად, რომ ხშირად იყო ათასგვარი თოქ-შოუის სტუმარი და ასეთი შოუ თავადაც არაერთხელ წაუყვანია. წყვილს ოთხი ვაჟი შეეძინა - ტიაგო, ლუკასი, ხოაკინი და შამელი.
კემპესის მაგალითზე
ბავშვობაში ტანმაღალ ბატისტუტას ფეხბურთს სპორტის სხვა სახეობები ერჩივნა. განსაკუთრებულ მონაცემებს ამჟღავნებდა კალათბურთის თამაშისას და თითქოს არგენტინას იმედისმომცემი კალათბურთელიც ეზრდებოდა, მაგრამ...ყველაფერი შეიცვალა 1978 წელს. მარიო კემპესის მეთაურობით არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ბატისტუტამ კი საბოლოოდ გადაწყვიტა, თავი ფეხბურთისთვის მიეძღვნა.
თავდაპირველად, მან ქუჩის ტურნირებსა და ერთ-ერთ პატარა გუნდში მოსინჯა ძალა, მერე კი ტესტირებაზე მივიდა "ნიუელს ოლდ ბოიზში", სადაც პირველივე ამხანაგურ მატჩში 2 გოლი შეაგდო და კონტრაქტიც დაირტყა.
"ოლდ ბოიზში" ბატისტუტას მთავარ მწვრთნელად მარსელო ბიელსა დახვდა - კაცი, ვინც მოგვიანებით "ბატიგოლს" არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც წვრთნიდა. პირველი სეზონი ჩვენს გმირს ჩაუფლავდა. ის შორს იყო სახლიდან. მას და მის გელფრენდ ირინას სტადიონზე, ერთ პატარა ოთახში ეძინათ. იყო წონის პრობლემაც...
სეზონის ბოლოს ბატისტუტა პატარა, უამბიციო "დეპორტივო იტალიანოში" გაანათხოვრეს. ეს გუნდი იტალიაში, უმნიშვნელო საერთაშორისო ტურნირზე ჩავიდა. ბატისტუტამ შესანიშნავად ითამაშა "კარნევალეს თასზე", შეაგდო 3 გოლი და ასე გააცნო თავი იქაურ სელექციონერებს.
არგენტინულ მწვერვალზე
1989 წლის შუაში ბატისტუტა გადავიდა სახელგანთქმულ "რივერ პლეიტში", სადაც პირველივე სეზონში მოახდინა ფურორი და 17 გოლი შეაგდო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დანიელ პასარელამ ბატისტუტას უდიდესი ტალანტი შეიცნო და დააფასა."ის უნიკალურია. მალე ბოლომდე გაიხსნება და მერე ის იქცევა ნებისმიერი გუნდის მცველთა რისხვად", - თქვა მაშინ პასარელამ და იქვე აღნიშნა, რომ მას იქამდე ძალზე იშვიათად უნახავს ბატისტუტას დარი პროფესიონალი.
1990 წელს ჩვენმა გმირმა დატოვა "რივერი" და ხელი მოაწერა კონტრაქტს "ბოკა ხუნიორსთან". ყველამ ვიცით, რამხელა მტრობაა ამ ორ გუნდს შორის. ბატისტუტამ კარგად დაიწყო, თუმცა თავის საყვარელ პოზიციაზე - ცენტრალურ თავდამსხმელად არ ათამაშებდნენ.
სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც "ბოკა" ურუგვაელმა ოსკარ ტაბარესმა ჩაიბარა. მან ბატისტუტა შეტევის ფორპოსტზე გაამწესა და გაბრიელმაც გაამართლა - გახდა არგენტინის ჩემპიონი და პირველობის საუკეთესო ბომბარდირი.
ეპოქის შემოქმედი
1991 წელს "ბატიგოლმა" არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში "კოპა ამერიკაზე" ითამაშა. მაშინ მისით "ფიორენტინას" ვიცე-პრეზიდენტი მოიხიბლა და კონტრაქტიც გაფორმდა.გაბრიელს დიდებული სტარტი გამოუვიდა - სადებიუტო სეზონშივე მან 13 გოლის გატანა შეძლო. შემდეგ სეზონში (1992/93) ფლორენციულმა კლუბმა სერია A-ში ადგილი ვეღარ შეინარჩუნა. შეიძლება ითქვას, არგენტინელი სნაიპერი მარტო ებრძოდა მოწინააღმდეგეებს. მის ანგარიშზე 16 გოლი იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა "ვიოლას" გადასარჩენად.
ერთ სეზონში "ფიორენტინა" დაბრუნდა. მწვრთნელად გუნდს კლაუდიო რანიერი ჰყავდა, მთავარმეგოლედ კი ბატისტუტა, ვინც რანგით დაბალ დივიზიონში 16 ბურთი გაიტანა.
1994/95 წლების სეზონში ბატისტუტამ 26 გოლი გაიტანა და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამით მან დაამხო ენცო პასკუტის მიერ 30 წლის წინათ დამყარებული რეკორდი, მოახერხა რა ზედიზედ 11 მატჩში თავის გამოჩენა.
მომდევნო სეზონში მოვიდა პირველი ტიტულებიც - "იებმა" იტალიის თასი და სუპერთასი მოიგეს. ორმატჩიან ფინალურ სერიაში "ბატიგოლმა" შინაც გაუტანა "ატალანტას" და გასვლაზეც.
და აი, დიდმა გუნდებმა ბატისტუტაზე ნადირობა გამოაცხადეს. "ვიოლას" შეფობა დაჰპირდა არგენტინელს, რომ საჩემპიონო გუნდს შეკრავდა. ამ მიზნით მათ ჯოვანი ტრაპატონი დაიქირავეს. სეზონის დიდებული სტარტის შემდეგ არგენტინელი დაშავდა და თვეზე მეტი გააცდინა. ლიდერის გარეშე "იებს" გაუჭირდათ და სეზონი მხოლოდ მესამე ადგილზე ჩაამთავრეს. სამაგიეროდ, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
1999/2000 წლების სეზონი ბატისტუტამ კვლავ "ფიორენტინაში" გაატარა. საბოლოოდ, არაერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი მატჩის მიუხედავად, არაფერი გამოვიდა - მხოლოდ მეშვიდე ადგილი სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა.
ტიტულიანი დასასრული
გაბრიელ ბატისტუტა უნდა გამხდარიყო იტალიის ჩემპიონი და გახდა კიდევ, ოღონდ... ფაბიო კაპელოს "რომასთან" ერთად. მან დედაქალაქელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "რომამ" ბატისტუტაში 14,8 მილიონი იტალიური ლირა გადაიხადა. სხვათა შორის, 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელში ამხელა თანხა დღემდე არავის გადაუხდია.
1983 წლის შემდეგ "რომა" პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი. მომდევნო სეზონი კი "ბატიგოლისთვის" უფრო ნომრების ხშირი ცვლით იყო დამახასიათებელი, ვიდრე გოლებით. 2003 წელს "რომამ" ბატისტუტა "ინტერში" გაანათხოვრა. იქ ჩვენს გმირს ბევრი არაფერი გამოუვიდა - 12 მატჩში სულ რაღაც 2 გოლი.
მერე ის კინაღამ "ფულემში" აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ ყატარის "ალ არაბის" მიაშურა და ახლა იქ შეუდგა რეკორდების დამხობას, თუმცა... ეს უკვე დიდებული კარიერის დაისი იყო.
არგენტინის ნაკრებში
პირველ წარმატებას არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ბატისტუტამ 1991 წელს მიაღწია. "ალბისელესტემ" ჩილეში გამართული "კოპა ამერიკა" მოიგო. ბატისტუტა 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.მისთვის ნამდვილ ბენეფისად იქცა 1993 წლის "კოპა ამერიკა", რომელსაც ეკვადორმა უმასპინძლა. ჩვენმა გმირმა ფინალურ მატჩში ორჯერ გაუტანა მექსიკას და თავის გუნდს ტიტული პირადად დაუნადავლა.
1994 წლის ამერიკულ მუნდიალზე არგენტინა დიეგო მარადონას სკანდალმა გატეხა და სწორედ ამას უნდა დავაბრალოთ შოკისმომგვრელი მარცხი რუმინეთთან. ბატისტუტამ მაინც ივარგა - ოთხი გოლი შეაგდო, მათ შორის - ჰეთ-თრიკი სასტარტო შეხვედრაში, საბერძნეთთან.
1998 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლი ბატისტუტამ ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, დანიელ პასარელასთან უთანხმოების გამო გამოტოვა. ჩემპიონატზე კი მაინც წავიდა და მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა, ამჯერად - იამაიკასთან. შანდორ კოჩიშის, გერდ მიულერისა და ჟიუსტ ფონტენის შემდეგ ის გახდა მეოთხე მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში, ვინც ეს შეძლო.
არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატს ჰოლანდიასთან ეპოქალური მატჩით დაემშვიდობა - ალბათ, დღესაც თვალწინ გვიდგას ის შეხვედრა და ბოლო წამის დრამა დენის ბერგკამპის გოლით...
2002 წელს "ალბისელესტეს" მიზნად მსოფლიოს ჩემპიონობა ჰქონდა დასახული. ეს ტურნირი იქცა ბატისტუტასთვის "გედის სიმღერად" სანაკრებო ასპარეზზე. არგენტინა "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა. პირველ შეხვედრაში მათ ნიგერია სწორედ ბატისტუტას გოლით (1:0) დაამარცხეს, მერე იყო წაგება ინგლისთან (0:1) და ფრე შვედეთთან (1:1).
ფეხბურთზე შეშლილმა ქვეყანამ პირველად ვერ გადალახა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ბარიერი 1962 წლის შემდეგ, მარსელო ბიელსას კი თავს არგენტინელთა რისხვა დაატყდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"