ვინ დაემუქრა მოკვლით "სამპდორიას" პრეზიდენტს

AutoSharing Option
იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში ისევ პრეზიდენტები არიან - ამჯერად, კოლეგებს "პალერმოს" მესვეური მაურიციო ძამპარინი დაუპირისპირდა და შემდეგ პასუხებიც მიიღო - თუმცა ჯერ ძამპარინის მოვუსმინოთ:

"იტალიური კლუბების მესვეურები სულ უფრო ბინძური მეთოდებით ცდილობენ ფეხბურთელთა გადაბირებას და ამ მხრივ, ზამთრის ფანჯარა განსაკუთრებულად ამაზრზენი იყო.

ჩვენს რამდენიმე მოთამაშეს ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და უნდა გენახათ, როგორ აწარმოებდნენ ფარულ მოლაპარაკებებს, ჩვენი გვერდის ავლით. ერთ-ერთი ასეთი კლუბი "მილანია", რომელიც ფულს აღარ ხარჯავს და მტაცებლად იქცა - მათ ესეკიელ მუნიოსის გადაბირება უნდოდათ, მაგრამ მერჩივნა არგენტინელი გუნდიდან
მომეკვეთა, ვიდრე "როსონერიში" გამეშვა. ამიტომ ესეკიელს "სამპდორიას" ვარიანტი შევთავაზე და ისიც დათანხმდა.

თუმცა შემდეგ გენუელებიც არასწორად მოიქცნენ, კერძოდ კი, მასიმო ფერერომ აურია. გაიგო, რომ ედგარ ბარეტოს ასევე ზაფხულში უმთავრდება ხელშეკრულება და მასთან აქედანვე მოისურვა შეთანხმების მიღწევა. პირადად მე, ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. ყველა, ვინც ასე იქცევა, არამზადაა და ფეხბურთში საქმიანობა უნდა აეკრძალოს".

მაურიციო ძამპარინის "სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სიცილიელი კოლეგა მას მოკვლით ემუქრება: "ყველა პრეზიდენტთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ამ ძამპარინის კი ვერაფერი გავუგე.

მართლა მსურდა ედგარ ბარეტოს გადაბირება, შევეხმიანე ძამპარინის და ვუთხარი, რომ ფეხბურთელთან მოლაპარაკების წარმოებას ვაპირებდი - სრულიად მოულოდნელად, მაურიციო ბოლო ხმაზე აყვირდა და მითხრა, რომ ფიზიკურად გამისწორდება. მოკვლით დამემუქრა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. მითხრა, რომ ჩემი ფარული მოლაპარაკების შესახებ დიდი ხანია, იცის, რაც სრული აბსურდია.

ერიკ ტოჰირს ფილიპინელი ვუწოდე და ამის გამო 3-თვიანი დისკვალიფიკაცია მომცეს, ძამპარინი კი მოკვლით მემუქრება და ამაზე არავის აქვს რეაქცია. ვითხოვ, რომ საქმეში სამართალდამცავი ორგანოები ჩაერიონ".

ძამპარინი "მილანსაც" შეეხო და ისე როგორ იქნებოდა, რომ კომენტარი ლომბარდიული კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის არ გაეკეთებინა:

"გაუგებარია ჩემთვის, თუ რაზე საუბრობს მაურიციო ძამპარინი. თუ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია ან მალე უმთავრდება კონტრაქტი, რატომ არ მაქვს უფლება, რომ მასთან მოლაპარაკება ვაწარმოო? - თავად ძამპარინის უამრავი ასეთი ტრანსფერი გაუჩარხავს და სჯობს, რომ აბსურდული განცხადებების კეთებას მოეშვას. მუნიოსის ტრანსფერზე ვფიქრობდით, მაგრამ შემდეგ სხვა მცველებზე შევაჩერეთ არჩევანი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული