* "იუვენტუსის" გენერალური დირექტორის, ჯუზეპე მაროტას თქმით, ჯანლუიჯი ბუფონი და კარლოს ტევესი მალე განაახლებენ კლუბთან კონტრაქტებს.
* კარლოს ტევესმა სეზონში მე-15 გოლი გაიტანა.
* "რომამ" ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 ფრე ითამაშა შინ.
სერია A-ს 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც "რომამ" "იუვენტუსს" უმასპინძლა.
რომაელებს, ალბათ, ბოლო შანსი ჰქონდათ, რომ ლიდერთან სხვაობა შეემცირებინათ და სკუდეტოსთვის ბრძოლას დაბრუნებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა - მატჩი ფრედ დასრულდა, რაც ბუნებრივია, სტუმრებს აძლევდათ ხელს. თუმცა, მატჩის სცენარიდან გამომდინარე, მოსაგებად საქმე უფრო სტუმრებს ჰქონდათ...
პირველი ტაიმი მეტად უფერული გამოვიდა, მომენტები კი, პრაქტიკულად, არ შექმნილა. "იუვენტუსი" მეორე ნომრად თამაშობდა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ტურინელებმა ის ტაქტიკა-სტრატეგია გამოსცადეს, რომლის გამოყენებას ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდში აპირებენ.
"იუვე" კონტრშეტევებზე ცდილობდა ხეირის ნახვას, თუმცა ამ საქმისგან ბევრი არაფერი გამოვიდა. სამაგიეროდ, დაცვაში იდგა გუნდი კარგად, თუმცა მხოლოდ ერთი საათი - მატჩის დასკვნით ნაწილში, ტურინელებს დაცვაც აერიათ და გოლი კაცნაკლული მეტოქისგან გაუშვეს.
ეგ კი არა, 10 ფეხბურთელით მოთამაშე "ჯალოროსიმ" კინაღამ მეორე გოლიც შეუგდო მეტოქეს და სულაც სამი ქულა დაიტოვა. მთლიანობაში, თამაში მეტად უცნაური სცენარით წარიმართა - სანამ თერთმეტი თერთმეტზე ასპარეზობდნენ გუნდები, მატჩი უფრო "იუვეს" კარნახით მიმდინარეობდა და მას შემდეგ, რაც რომაელი ვასილის ტოროსიდისი გააძევეს მოედნიდან, უპირატესობა მასპინძლებმა იგდეს ხელთ. "ჯალოროსიმ" არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა მხოლოდ ერთხელ იხეირა და ქულას დასჯერდა.
კინაღამ გამოგვრჩა - ტურინელთაგან გოლი კარლოს ტევესმა გაიტანა დიდებული საჯარიმო დარტყმით; აი, რომაელთა რიგებში კი სეიდუ კეიტა გამოირჩა თავური დარტყმით - 1:1.
ასეა თუ ისე, მატჩი ფრედ დასრულდა, რაც "იუვენტუსს" აძლევდა ხელს. "რომამ", ალბათ, ბოლო შანსი გაუშვა ხელიდან, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლას დაბრუნებოდა - მიმდინარე სეზონში, გუნდის მიზანი მეორე ადგილის შენარჩუნება იქნება და ამას აღარც რუდი გარსია მალავს...
რუდი გარსია ("რომას" მწვრთნელი): "მატჩი ტაქტიკურ ორთაბრძოლებში წარიმართა და სახიფათო მომენტები თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა. გოლები სტანდარტულებს მოჰყვა, სათამაშო ეპიზოდებში კი შემტევებს აშკარად ჯაბნიდნენ მცველები. ამ თამაშმა ნათლად გამოაჩინა ჩვენი ბრძოლისუნარიანობა.
გაშვებულ გოლზე სწორი რეაგირება მოვახდინეთ და არა მარტო გავათანაბრეთ ანგარიში, მოგებაც შეგვეძლო. თანაც, ეს ყველაფერი ათი ფეხბურთელით შევძელით. ვამაყობ შეგირდებით, რადგან თავი არ დაზოგეს და უმძიმეს შეხვედრაში ქულა აიღეს. ჩემპიონატის დასრულებამდე 13 ტურია დარჩენილი და უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მიზანი მეორე ადგილის შენარჩუნებაა".
მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ფრე კარგი შედეგია და 9-ქულიანი ფორაც საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ თამაშით ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი. კარლოს ტევესის გოლი ჩვენი დომინირების ლოგიკური შედეგი იყო და რაც შემდეგ მოხდა, რთული ასახსნელია. უკვე მერამდენედ ხდება, რომ მატჩის მსვლელობისას კონცენტრაციას ვკარგავთ და ამისთვის ვისჯებით. ერთი სიტყვით, მთლიანობაში იმედგაცრუებული ვარ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
10:15 04-03-2015
სკუდეტოსთვის ბრძოლა: "რომა" დანებდა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
რომელი მგლები კი არა და რომაელი კურდღლები უნდა ერქვათ მაგათ :DDDDDDDD