როგორ შეიცვლება "სკუადრა აძურა"?

AutoSharing Option
მარტის ბოლოს იტალიის ეროვნულ ნაკრებს ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის - ერთი ბულგარეთთან სოფიაში და მეორე "იუვენტუს არენაზე" ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.

პირველი პაექრობა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ჩატარდება და იქ ქულებს ოქროს ფასი აქვს; ინგლისთან თამაში კი ამხანაგურია, მაგრამ მეტოქიდან გამომდინარე, უაღრესად საინტერესო და პრინციპული.

იტალიურ სპორტულ პრესაში მოახლოებულ პაექრობებზე უკვე წერენ და საინტერესო მასალებიც იბეჭდება. აქტიური განხილვის საგანია შემადგენლობა, რომელსაც "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი ამ პაექრობებში დაეყრდნობა.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ანტონიო კონტე შემადგენლობის გა
დახალისებაზე ფიქრობს, რადგან რამდენიმე გამოცდილი და სტაჟიანი აძურელი თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს, ანუ სისწრაფეებს ფეხს ვერ უწყობს. ვინ მოხვდება შავ სიაში, ან გაკეთდება თუ არა ასეთი სია, ჯერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ კვამლი რომ უცეცხლოდ არ ჩნდება, ესეც ფაქტია.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, კონტე ბულგარეთთან შეხვედრაში 4-3-2-1 ტაქტიკას დაეყრდნობა და შეტევის წინა ხაზზე შემდეგ ტრიოს გაამწესებს: ანტონიო კანდრევა, მანოლო გაბიადინი და სიმონე ძაძა.

"სასუოლოს" ფორვარდი თავიდანვე კონტეს ფავორიტი იყო; კანდრევაც დიდი ხანია, იმსახურებს ნდობას; აი, გაბიადინის კი სავარაუდოდ, ბოლოდროინდელი პროგრესი დაუფასდება. მანოლო "ნაპოლიში" შესანიშნავად ათამაშდა და თუ ასე გააგრძელა, გონსალო იგუაინთან ერთად, გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება. კანდრევა-გაბიადინი-ძაძას ტრიო მართლაც საინტერესო სანახავი იქნება და ვნახოთ, გამართლდება თუ არა "გაძეტას" პროგნოზი.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, კონტე არ გააკეთებს აქცენტს ისეთ გამოცდილ ფეხბურთელებზე, როგორებიც ანდრეა პირლო და დანიელე დე როსი არიან. დიახ, თუ "გაძეტას" ვენდობით, "სკუადრა აძურას" ორი სახე ოფსაიდში დარჩება და კარგ შემთხვევაში, სათადარიგოთა სკამზე იქნება.

საერთოდ არ მოიაზრება განაცხადში "მილანის" კაპიტანი რიკარდო მონტოლივო, რომელსაც მისი გუნდის მსგავსად, აშკარა ჩავარდნა აქვს. მოკლედ, ნახევარდაცვის ოთხეული, რომელზეც წლების განმავლობაში კეთდებოდა აქცენტი (პირლო, დე როსი, მონტოლივო, მარკიზიო), ხელშეუხებელი სულაც აღარ ჩანს.

და ვისზე გაკეთდება აქცენტი შუა ხაზში? - კლაუდიო მარკიზიო ამ ეტაპზე შეუცვლელი ჩანს, მასთან ერთად კი მარკო ვერატი და მარკო პაროლო უნდა მოვიაზროთ. ვერატი რა ხანია, უმაღლეს დონეზე თამაშობს და აშკარად მომწიფდა საიმისოდ, რომ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი; პაროლო კი "ლაციოს" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოგვევლინა და თანაც, მუდმივად პროგრესირებს. საინტერესოა, როგორ დააკომპლექტებს ნახევარდაცვას სენიორ კონტე...

დაცვის ცენტრში ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის ტანდემი ჯერ ისევ შეუცვლელი ჩანს. აი, ფლანგებზე კი უფრო მეტი არჩევანია. ბოლო პერიოდში, ბრწყინვალედ ასპარეზობს მატეო დარმიანი, რომელსაც "ტორინოს" წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის.

სავარაუდოდ, "მილანში" გადაბარგებულ ლუკა ანტონელიზეც გაკეთდება აქცენტი, რომელიც კარგ ფორმაშია. ტრავმირებულნი არიან მატია დე შილიო და ინაციო აბატე, კრისტიან მაჯოს კი კონტე ნაკლებად ენდობა. დარმიანი მაინც ცალკე სალაპარაკო თემაა - იმდენად კარგად ათამაშდა, რომ მისით მადრიდის "რეალი", "ინტერი" და "ნაპოლი" დაინტერესდნენ.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, შემადგენლობის გადახალისება გარდაუვალია და ამას ანტონიო კონტეს კომენტარიც მოწმობს:

"შესარჩევი ეტაპის განახლებას მოუთმენლად ველოდები და ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრები გაცილებით უკეთ ითამაშებს. სატურნირო ცსრილში ხორვატებთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს ვიყოფთ, ნორვეგია კი მხოლოდ ერთი ქულით ჩამოგვრჩება - ამიტომ მოდუნების უფლება არ გვაქვს.

ჩვენმა გუნდმა უფრო სწრაფი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ხორვატიასთან საშინაო შეხვედრამ ეს ნათლად დაგვანახვა. ბურთს მეტოქე აკონტროლებდა, რადგან ისინი ერთი ნაბიჯით გვასწრებდნენ ყველაფერში. შემადგენლობას გადავხედავთ, გარკვეული ცვლილებები აუცილებლად იქნება, რადგან დრო მიდის და თანამედროვე ფეხბურთს თავისი მოთხოვნები აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირლოს ტრამვა აქ და ძალიანაც რომ მოინდომოს კონტემ 1 თვე ვერ ათამაშებს
avtor
14:41 05-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული