პაოლო მალდინი - მამიკოს ბიჭი 26 ტიტულით

AutoSharing Option
მალდინის შესახებ პუბლიკაციის წერას რომ შევუდექი, ერთ-ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა მკითხა, რომელ მალდინიზე წერო? დიახ, იტალიური ფეხბურთის ისტორიაში მალდინის გვარის ორ ერთმანეთზე უკეთეს ფეხბურთელს შეხვდებით. ორივე დამცველია. ერთს ჩეზარე ჰქვია, მეორეს პაოლო.

ჩეზარე მალდინი 1950-60-იან წლებში იტალიის "მილანში" თამაშობდა და გუნდის კაპიტნის სტატუსით 1963 წელს ჩემპიონთა თასი აღმართა. ფინალში მისმა გუნდმა 2:1 დაამარცხა პორტუგალიის "ბენფიკა". სინიორ ჩეზარე იტალიის ნაკრებშიც შეუცვლელი ფიგურა იყო.

მეორე, პაოლო მალდინი 1985 წელს გამოჩნდა დიდ სარბიელზე და ფეხბურთის თამაში 2009 წელს
დაასრულა. 25 წლის განმავლობაში ისიც "მილანისა" და იტალიის ნაკრების ღირსებას იცავდა, 8-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ხუთჯერ მოიგო. პაოლო იტალიურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია.

ერთი გვარის ფეხბურთელი ხშირად შეგვხვედრია, ზოგი ერთმანეთის ბიძაშვილია, ზოგი - ძმა, პაპა... ჩეზარე კი პაოლო მალდინის მამაა. სინიორ ჩეზარემ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო და შვილის თამაშს რომ უყურებდა, რჩევებს არ იშურებდა. მამა 30 წელს გადაცილებულ პაოლოსაც არ აკლებდა დარიგებებს. ერთხელაც მილანში, მალდინების ოჯახში ასეთი დიალოგი შედგა:

- ეს არასწორი ნაბიჯი იყო...
- გასაგებია, მამა, - უპასუხა პაოლო მალდინიმ.
- სხვა დროს ასე აღარ მოიქცე, თორემ შეიძლება გოლით დაისაჯო...
- გასაგებია.
- იმედი მაქვს, მსგავსი რჩევის გამეორება აღარ მომიწევს!
- გავიგე, მამა, მაგრამ ერთი შეკითხვის უფლებას მომცემ?
- გისმენ, - სათვალე ცხვირზე ჩამოიწია ჩეზარემ.
- ვის უფრო მეტი ტიტული აქვს, შენ თუ მე?

ამ სიტყვებით პაოლო მალდინიმ მამამისს მიანიშნა, რომ 25-წლიან პროფესიულ კარიერაში სინიორ ჩეზარეზე მეტისთვის მიუღწევია და იცის, როდის რა გააკეთოს. უფროსი მალდინის თასები ხომ პაოლოს ჯილდოებთან ახლოსაც ვერ მივა. შვილ-მალდინის 26 ტიტული აქვს მოგებული!

პაოლოს კეთილი ხუმრობით მამის გაბრაზება პატარაობაშიც უყვარდა: ჩეზარე 1970-იან წლებში "მილანს" წვრთნიდა. როგორც ახლა, ამ გუნდის მთავარი კონკურენტი ტურინის "იუვენტუსი" იყო. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს მამამისს კედელზე დიდი პლაკატი დაახვედრა, რომელზეც "მილანის" "მტერი" იუვენტუსელი რობერტო ბეტეგა იყო გამოსახული.

პაოლოსთან ერთად ისტორიაში უფრო ღრმად შევიდეთ:

- ჩემს ოჯახს ფეხბურთთან სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს. მამაჩემი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი იყო. ასე რომ, დაბადებისთანავე ჩემში საფეხბურთო სისხლი ჩქეფდა. პატარაობაში მეგონა, რომ დედამიწაზე სპორტის მხოლოდ ერთი სახეობა არსებობდა. ეს იყო ფეხბურთი. ისიც ვიცოდი, რომ მამის გზას უნდა გავყოლოდი, დანარჩენი მამაჩემის დამსახურებაა: თანატოლებთან ერთად ფეხბურთს ხშირად ვთამაშობდი. ერთხელაც შუა ბურთაობისას მამა მოვიდა და იქაურობა მანამ არ დატოვა, სანამ თამაში არ დავასრულეთ. შინ წამიყვანა, გზად კი ფეხბურთზე გამომელაპარაკა:

- მომეწონა, კარგად თამაშობ.
- როგორ? ყველას ვჯობნი?
- რაც მთავარია, ყველასგან გამორჩეული სტილი გაქვს. გინდა, ფეხბურთზე მიგიყვანო?
- ძალიან! სად, როდის მიმიყვან?
- "მილანის" ბავშვთა გუნდში. თუ იყოჩაღებ, დიდ გუნდშიც გადაგიყვანენ.

ამ საუბრიდან მეორე დღეს პაოლო მალდინი უკვე "მილანში" ვარჯიშობდა, აბა, ჩეზარეს შვილს ვინ არ მიიღებდა?! იყოჩაღა კიდეც, სწრაფი ნაბიჯებით გაიარა "მილანის" 16-წლამდელთა გუნდი, 18-წლამდელებშიც აიყვანეს და 17 წლისა რომ გახდა, "მილანის" მწვრთნელმა ნილს ლიდჰოლმმა იტალიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩის სათამაშოდ მთავარ გუნდში უხმო. 1985 წლის 20 იანვარს პაოლოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა "მილანის" შავ-წითელი ფორმით "უდინეზეს" წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ამ მომენტს პაოლო მალდინი ემოციით იხსენებს:

- "მილანის" შემადგენლობაში ბევრი საინტერესო შეხვედრა ჩამიტარებია, მაგრამ დებიუტი არასოდეს დამავიწყდება. მოედანზე ტრავმირებული ბატისტინის ნაცვლად გავედი. თავიდან შიში დამეუფლა, ირგვლივ ხომ ზრდასრული ვარსკვლავები დარბოდნენ. ამას წვიმაც დაემატა და თამაშიც არცთუ კარგი სანახავი გამოდგა. თუმცა მალევე მოვახერხე ძალების მობილიზება და ნელ-ნელა შიში გადაიზარდა ენით აუწერელ სიხარულში".

უკვე "მილანის" მთავარი გუნდის წევრი პაოლო იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმაც შენიშნა. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან იმხანად ახალგაზრდებს ჩეზარე მალდინი წვრთნიდა. მაშინვე გაჩნდა ჭორის საფუძველი - ჩეზარემ პაოლო ახალგაზრდულ ნაკრებში იმიტომ მიიწვია, რომ თავისი შვილიაო.

ზოგი "მამიკოს ბიჭსაც" ეძახდა. თავად პაოლოს კი ერთი ამოცანა ჰქონდა - ადრე თუ გვიან მამის ჩრდილიდან გამოსულიყო. ვარჯიშებზე სხვები მამამისს სინიორ ჩეზარეს ეძახდნენ, პაოლო კი მოკლედ მიმართავდა - მამა. როგორ მეთქვა სინიორი, როცა ჩემი მამაა?! - იხსენებს შვილი-მალდინი.

დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, თუ კარგი ფეხბურთელი არ იყო, არც ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვევდნენ და არც იტალიის ეროვნულ გუნდში. 20 წლის პაოლო "სკუადრა აძურაში" პირველად 1988 წელს გამოიძახეს. იტალიის ნაკრებში მალდინიმ პირველი მატჩი იუგოსლავიის წინააღმდეგ ჩაატარა. ის შეხვედრაც მილანური დებიუტის მსგავსად, 1:1 დასრულდა.

გავიდა 6 წელი და 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პაოლო მალდინიმ "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში კაპიტნის სტატუსით სადებიუტო მატჩი მექსიკასთან გამართა...

ერთ გამოცანას შემოგთავაზებთ: თუ პაოლოს მილანური დებიუტი 1:1 დასრულდა ("უდინეზესთან"), სანაკრებო დებიუტიც 1:1 (იუგოსლავიასთან), რა ანგარიში დაფიქსირდებოდა მექსიკასთან კაპიტნის რანგში ჩატარებულ პირველ მატჩში? - რა თქმა უნდა, 1:1.

იტალიის ნაკრებზე ლაპარაკი დროებით აქ შევწყვიტოთ და "მილანში" დავბრუნდეთ, რომლის გაბრწყინება სწორედ მალდინის გუნდში მოხვედრას დაემთხვა: 1989 წელს მილანელებმა არიგო საკის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა თასის ფინალში რუმინეთის "სტიაუა" 4:0 დაამარცხეს და დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად მოიპოვეს ჩემპიონთა თასი.

მომდევნო წელს მალდინის გუნდმა მიღწევა გაიმეორა, ამჯერად ფინალში "ბენფიკას" სძლია - 1:0. 1994 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში "მილანმა" ფავორიტად შერაცხული "ბარსელონა" დაამარცხა. მას მერე მალდინისა და მის თანაგუნდელებს 9 წელი მოუწიათ მოცდა, ვიდრე კიდევ ერთხელ ავიდოდნენ ევროპის საკლუბო მწვერვალზე. 2003 წელს ჩემპიონთა თასის მოგებაში პაოლო მალდინის ქართველი კახი კალაძე დაეხმარა. კალაძე-მალდინის დუეტმა 2007 წელსაც იგივე გაიმეორა. ეს პაოლოსთვის კარიერაში მეხუთე ჩემპიონთა თასი იყო...

Sportall.Ge

სხვათა შორის, კახა და "მილანის" კაპიტანი დამეგობრდნენ, კალაძის გაცილების მატჩზე მალდინი თბილისში ჩამოვიდა და აღნიშნა:

- კარიერაში უამრავი ტიტული მომიგია, მაგრამ მათი მიღება იმიტომ უფრო მიხაროდა, რომ ისეთ მეგობრებთან ვიზიარებდი, როგორიც კახი კალაძეაო.

როგორც მოგახსენეთ, მალდინიმ კარიერა 2009 წელს დაასრულა. 2006-ში კი, იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. იმ გუნდში მალდინი აღარ ირიცხებოდა, არადა, იგი ნაკრებში 14 წლის განმავლობაში, 1988-2002 წლებში თამაშობდა.

ბედი არ გინდა? "მილანთან" ერთად მალდინიმ ჩემპიონთა თასი 5-ჯერ მოიგო, იტალიის ნაკრებთან ერთად კი ერთი ტიტულიც არ მოუპოვებია. როგორც ჩანს, საფეხბურთო ფორტუნამ არ ისურვა მისი სანაკრებო ოქროებით დაჯილდოება.

თავად განსაჯეთ: 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიამ მესამე ადგილი დაიკავა, 1994 წელს ფინალში წააგო ბრაზილიასთან. ორივე შემთხვევაში იტალიელთა ბედი თერთმეტმეტრიანებმა გადაწყვიტა უარყოფითად. ასევე პენალტების სერიაში დამარცხდა იტალია 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთთან...

ბოლოს ანდრეა პირლოს მოვუსმინოთ:
- მალდინი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მცველია. იგი თამაშით 40 წლის ასაკშიც ისეთივე სიამოვნებას იღებდა, როგორც 20 წლის ახალგაზრდა. როცა დაცვაში ასეთი ფეხბურთელი გეგულება, შეტევაშიც თამამად წახვალ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაჟა გიყვარს ციფრები და კიდევ კარგი მალდინიზე არ დაიწყე ციფრები თორე მალდინიზე ამას სტატიები დაჭირდებოდა... :))) ვაჟა თუ წერ კარგად დაწერე რა ამ ლეგენდაზე! მამიკოს ბიჭი არა ტოროლა კიდე :D მალდინი იყო მცველის ეტალონი!
del piero 10
13:09 08-03-2015
0

სიახლეები პოპულარული