იტალია. სერია A. XXVII ტური: "ბებერი ქალბატონი" შეუჩერებელია [VIDEO]

AutoSharing Option
* ფინანსურ კრიზისში მყოფ "პარმას" სატურნირო ცხრილში კიდევ 2 ქულა ჩამოაკლეს.

* ზდენეკ ზემანი "კალიარის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაუბრუნდა, მისი გუნდი კი "ემპოლის" დაუზავდა.

* იტალიის ნაკრების მწვრთნელ ანტონიო კონტეს შეკრებაზე ორი ორიუნდის (იტალიური ფესვების მქონე უცხოელი) გამოძახება სურს: ფრანკო ვასკესის (პალერმო), მარტინს ედერის (სამპდორია).

ტური სიცილიური პაექრობით დაიწყო, სადაც "იუვენტუსი" ჩავიდა და "პალერმო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. არადა, ტურინელებს წინ ჩემპიონთა ლიგის პაექრობა აქვთ "ბორუსიასთან" და იყო მოლოდინი, რომ ნახევარი ძალით მოთამაშე "იუვეს" კუნძულზე ფეხი დაუცდებოდა.

"იუვე" მაინც იგებს
"იუვენტუსმა" ძალების დაზოგვით ითამაშა და ამაზე გადახალისებული შემადგენლობაც მეტყველებს, მაგრამ მაინც გაიმარჯვა და სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

მასიმილიანო ალეგრიმ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა და მათ მისცა თავის გამოჩენის შანსი, რომლებსაც თამაში იშვიათად უწევთ. მაგალითად, ნახევარდაცვაში სტეფანო სტურარო და პაოლო დე ჩელიე ვიხილეთ, დაცვაში კი ახლად გამოჯანმრთელებული ანდრეა ბარძალი. შესანიშნავ ფორმაში მყოფი ალვარო მორატა თადარიგში დარჩა, ძირითადში კი კარლოს ტევესს ფერნანდო ლორენტე შეუწყვილდა.

მატჩი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა, რაზეც სტატისტიკა ნათლად მეტყველებს - მასპინძლებს ერთხელაც არ დაურტყამთ მეტოქის კარში, ტურინელებმა კი რამდენიმე მეტად მწვავე იერიში განახორციელეს. მატჩის ბედი მაინც მორატამ გადაწყვიტა, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და ულამაზესი გოლი გაიტანა - ესპანელმა ერთი მეურვე მოხდენილი მოძრაობით ჩამოიშორა და მოჭრილი დარტყმით ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა.

გოლი მართლაც ბრწყინვალე გამოვიდა, ალვარო მორატამ კი კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ დღეს თანამემამულე ლორენტეზე გაცილებით უკეთეს ფორმაშია და ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობას იმსახურებს. იტალიელ ჟურნალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში "იუვე" სწორედ ტევესი-მორატას ტანდემით შეუტევს.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "გვერდიდან ყველაფერი ადვილად ჩანს და ბევრს ჰგონია, რომ რადგან სატურნირო ცხრილში 11-ქულიანი ფორა გაქვს, შეგიძლია თავი მშვიდად იგრძნო. ასე ნამდვილად არაა და ჩვენთვის ბრძოლა გრძელდება იქამდე, სანამ ერთ მეტოქეს მაინც სკუდეტოს მოპოვების თუნდაც მინიმალური შანსი შერჩენია.

რთული შეხვედრა იყო, მეტოქე თავს კარგად იცავდა, მაგრამ მთავარია, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. დორტმუნდში კარგი განწყობით მივემგზავრებით და მჯერა, რომ იქაც შევწვდებით მიზანს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გასავარდნი ზონა
დროა, გასავარდნ ზონას მეტი ყურადღება დავუთმოთ, რადგან სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ის გუნდებიც გამოიკვეთნენ, რომლებსაც გადარჩენის ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ.

"პარმა" რომ განწირულია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ფინანსური პრობლემების გამო ემილიელებს კიდევ ორი ქულა დააკლეს და საბოლოო განაჩენი გამოუტანეს. ამრიგად, რობერტო დონადონის გუნდს მხოლოდ 9 ქულა აქვს და საეჭვოა, რომ ჩემპიონატის ბოლომდე მონაგარი მნიშვნელოვნად გაზარდოს.

ემილიელთა მთავარი მისიაა, რომ სეზონი ჩაამთავრონ და ყველა შეხვედრა, მათ შორის, ორი გამოტოვებული, ითამაშონ. ამ უქმეებზე "პარმა" "სასუოლოს" ესტუმრა და უშანსოდ წააგო, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ნიკოლა სანსონე გახლდათ, რომელმაც ორი ჩინებული გოლი გაიტანა და ანტონიო კონტეს ყურადღება მიიპყრო.

"კალიარის" ზდენეკ ზემანი დაუბრუნდა, მაგრამ სარდინიელთა საქმე ჯერ ისევ ცუდად მიდის. კუნძულელები "ემპოლის" უგებდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე გოლი გაუშვეს და ორი ჰაერივით საჭირო ქულა დაკარგეს. "კალიარი" ისევ გასავარდნ ზონაშია, ზემანი კი ოპტიმიზმს არ კარგავს და აცხადებს, რომ მისი გუნდი ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს.

"კალიარი" და "ჩეზენა" ურთულესი მისიის წინაშე დგანან, "პარმაზე" კი ზემოთ უკვე მოგახსენეთ...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წინ კიდევ სამი მატჩია
დღეს სამი მეტად საინტერესო პაექრობა გველის, რომლებშიც ერთმანეთს ევროსაგზურებისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდებიან. საინტერესოა, გატეხავს თუ არა ნავსს "რომა" და მოიპოვებს თუ არა სამ ქულას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. თუმცა, "ჯალოროსის" მეტოქე "სამპდორიაა", რომელიც იოლად არაფერს დათმობს.

იტალიურ სპორტულ პრესაში გენუელთა თავკაცის, სინიშა მიხაილოვიჩის და რომაელთა თავდამსხმელის, ადემ ლიაიჩის კონფლიქტი გაიხსენეს, როდესაც პირველი სერბეთის ნაკრების მწვრთნელი იყო და შემტევს იმიტომ არ იწვევდა ეროვნულ გუნდში, რომ მას ჰიმნის სიმღერა არ სურდა. რომში ჩამოცხება, სასწორზე კი ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დევს.

არანაკლებ საინტერესო ჯახია ფლორენციაში, სადაც "ფიორენტინა" "მილანს" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ სამეულს მიუახლოვდეს. ფილიპო ინძაგის ბედი ისევ ბეწვზე ჰკიდია და თუ "მილანის" თავკაცმა ზაფხულამდე გაქაჩა, ამბობენ, რომ მას სწორედ "ვიოლას" თავკაცი, ვინჩენცო მონტელა შეცვლის.

არც ტურინში დაგეგმილი მატჩია უინტერესო - "ტორინო" იმ "ლაციოს" უმასპინძლებს, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია, თამაშს თამაშზე იგებს და წინა ტურში სამეულში შეაბიჯა.

იტალია. სერია A. XXVII ტური
14 მარტი
პალერმო-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 მორატა (70)
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ვიტიელო, ტერცი, ანდელკოვიჩი - რიგონი, ბარეტო (76. ბელოტი), მარესკა (63. მატო), რისპოლი, დაპრელა (83. ემერსონი) - ვასკესი - დიბალა
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პერეირა, სტურარო (46. ვიდალი), დე ჩელიე (77. პადოინი) - ტევესი, ლორენტე (60. მორატა)
გაფრთხილება: ანდელკოვიჩი, ვასკესი, დიბალა - ბარცალი, ლიხტშტაინერი, პერეირა, მორატა
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 11-19; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 1-9 (0-2); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 35 000

კალიარი-ემპოლი 1:1
გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (20), 1:1 ვესინო (90)
კალიარი (4-3-3): ბრკიჩი - ბალცანო, კაპიტელი, დიაკიტე, მურუ - დესენა, კრიშეტიგი, ჟოაო პედრო - ფარიასი (76. კაიო), საუ (74. კოპი), მპოკუ (82. ჰუსბაუერი)
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი - ვესინო, სინიორელი, კროჩე (59. ზელინსკი) - საპონარა (69. ვერდი) - მაკარონე, მჭედლიძე (55. პუჩარელი)
გაფრთხილება: ბალცანო, ფარიასი - ზელინსკი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10-11 (4-3); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 10 000

15 მარტი
ატალანტა-უდინეზე 0:0
ატალანტა (3-4-2-1): სპორტიელო - ბიავა (72. სკალონი), სტენდარდო, კერუბინი - მაზიელო, კარმონა, ჩიგარინი, დრამე - მორალესი (65. ემანუელსონი), გომესი (78. მილიაჩო) - დენისი
უდინეზე (3-5-1-1): კარნეზისი - პირისი, დანილო, ვაგუე - ვიდმერი, ალანი (81. ბადუ), გილიერმე, პინცი, პასკუალე - ფერნანდესი (88. გეიხო) - დი ნატალე (67. ტერო)
გაფრთხილება: ბიავა, ჩიგარინი - პასკუალე, პინცი, ბადუ
გაძევება: კარმონა (76. ატალანტა)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 14-6 (5-0); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 20 000

ჯენოა-კიევო 0:2
გოლები: 0:1 პალოსკი (49), 0:2 პალოსკი (68)
ჯენოა (3-4-3): პერინი - რონკალია, ბურდისო, დე მაიო - ედენილსონი (77. კუცკა), ბერტოლაჩი, რინკონი, ბერდიხი (46. ბორიელო) - ნიანგი (70. პავოლეტი), პეროტი, იაგო
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, დაინელი (68. გამბერინი), ზუკანოვიჩი - ბირსა, სკელოტო, ჰეტემაი (31. კრისტიანსენი), რადოვანოვიჩი - პალოსკი, მეჯორინი (81. ბირაგი)
გაფრთხილება: ბერტოლაჩი, იაგო, რინკონი, დე მაიო - ჰეტემაი, დაინელი, ბირსა
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 15-13 (3-6); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 22 000

სასუოლო-პარმა 4:1
გოლები: 1:0 სანსონე (24), 1:1 ლილა (26), 2:1 სანსონე (36), 3:1 ბერარდი (61-პენ.), 4:1 მისიროლი (65)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, პელუზო, ლონგი - მანიანელი, ტაიდერი, მისიროლი (68. ბიონდინი) - სანსონე (73. ფლოკარი), ბერარდი (69. ფლორო ფლორესი), ძაძა
პარმა (4-2-3-1): მირანტე - სანტაკროჩე (46. კასანი), მენდესი, ლუკარელი, გობი - გალოპა, მაური - ლილა (58. კოდა), ნოჩერინო, ვარელა (61. იაკობუჩი) - ბელფოდილი
გაფრთხილება: აჩერბი, ბერარდი - გობი, სანტაკროჩე, მაური, გალოპა
გაძევება: მირანტე (60. პარმა)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-31; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-5 (7-3); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 15 000

ვერონა-ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 ტონი (7), 2:0 ტონი (51)
ვერონა (4-3-3): ბენუსი - სალა, მორასი, როდრიგესი, პიზანო - ობადი (71. ხრისტოდოლოპულოსი), პანაიოტისი, ალფრედსონი - იანკოვიჩი (85. მარტიჩი), ტალები (67. გრეკო), ტონი
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მესტო (67. იგუაინი), ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი - დავიდ ლოპესი, ინლერი - დე გუზმანი (61. კალეხონი), ჰამშიკი (82. გაბიადინი), მერტენსი - საპატა
გაფრთხილება: ობადი, პანაიოტისი, ტონი, ტალები, ხრისტოდოლოპულოსი - ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი, მესტო, გაბიადინი
გაძევება: სალა (90. ვერონა)
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 6-12(2-8); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 25 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინტერი-ჩეზენა 1:1
გოლები: 0:1 დეფრელი (30), 1:1 პალასიო (48)
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, რანოკია, ანდრეოლი, დოდო (62. სანტონი) - გუარინი, მედელი, კუზმანოვიჩი (46. პოდოლსკი) - შაქირი (24. კოვაჩიჩი) - პალასიო, იკარდი
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო, კაპელი, კრაინჩი, მაგნუსონი - ჯორჯი, დე ფეუდისი (74. პულცეტი), მუდინგაი (80. კაშონე) - კარბონერო - ჯურიჩი (81. ალეჰანდრო), დეფრელი
გაფრთხილება: რანოკია - დეფრელი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14-6(4-1); ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 40 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

16 მარტი
ფიორენტინა-მილანი 22:00
ტორინო-ლაციო 22:00
რომა-სამპდორია 00:00

ბომბარდირები: 15 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 13 - ჟერემი მენეზი (მილანი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (პალერმო), ლუკა ტონი (ვერონა)

მომდევნო ტური
21 მარტი:
კიევო-პალერმო, მილანი-კალიარი

22 მარტი:
ემპოლი-სასუოლო, იუვენტუსი-ჯენოა, ნაპოლი-ატალანტა, უდინეზე-ფიორენტინა, ლაციო-ვერონა, სამპდორია-ინტერი, ჩეზენა-რომა, პარმა-ტორინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული