სერია A. XXVII ტური: ლუკა ტონის მეორე სუნთქვა

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 27-ე ტური ორშაბათის სამი მატჩით დასრულდა, კვირას გვიან საღამოს კი ორი მეტად საინტერესო პაექრობა გაიმართა. "ნაპოლი" "ვერონას" ესტუმრა და მტკივნეული მარცხი იწვნია, "ინტერმა" კი კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივარი...

ისევ ჩავარდნა
ერთი პერიოდი, "ნაპოლიმ" კარგი ტემპი აკრიფა და არა მარტო მესამე ადგილზე განიმტკიცა პოზიცია, მეორე ადგილზე მყოფ "რომას" წამოეწია - თუმცა ბოლო სამი მატჩია, რაფაელ ბენიტესის შეგირდები ქულებს ანიავებენ და შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ზონა დატოვეს.

თავად განსაჯეთ, "ნაპოლიმ" ჯერ "ტორინოსთან" წააგო, შემდეგ კრიზისში მყოფ "ინტერს" ვერ მოუგო და ამჯერად უკვე
ვერონაშიც დამარცხდა - სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა საშინელი შედეგია და დღეს ნეაპოლელთა მიზანი მესამე ადგილზე დაბრუნებაა და არა მეორე ადგილზე აღზევება.

ვერონაში ლუკა ტონიმ გაიბრწყინა, რომელიც სულ მალე 38 წლის გახდება და მიუხედავად ამისა, გოლს გოლზე იტანს. მიმდინარე სეზონში, ვეტერან ფორვარდს უკვე 13 შედეგიანი დარტყმა დაუგროვდა და საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს მონაგარი გაიზრდება. ტონიმ შესანიშნავი გოლები შეაგდო, განსაკუთრებულად ეფექტური კი მაინც პირველი გამოვიდა - ერთი მოძრაობით ჩამოიშორა რამდენიმე მცველი, შემდეგ ბრძოლაში კიდევ ერთ მეურვეს აუარა გვერდი და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია.

მეორე გოლისას ამდენი შრომა აღარ დასჭირდა, მარცხენა ფრთიდან გაკეთებული გადაცემით ისარგებლა, ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში და ბადეში გაახვია. მოკლედ, ტონიმ ნეაპოლი დაცხრილა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა. მოგებამ "ვერონა" გასავარდნ ზონას დააშორა და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენეტოელებს დაქვეითება არ ემუქრებათ.

ლუკა ტონი (ვერონა): "ბედნიერი ვარ, რომ მნიშვნელოვანი გოლები გავიტანე და ჩვენმა გუნდმა სამი ქულა მოიპოვა. ძლიერ მეტოქეს არაფერი დავუთმეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ეჭვი არასდროს შემპარვია, რომ "ვერონა" ელიტაში ადგილს შეინარჩუნებს, მაგრამ ამისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ასევე უნდა გავაგრძელოთ, ქულები ავაგროვოთ და თავი დავიზღვიოთ. ფეხბურთის თამაში ისევე მსიამოვნებს, როგორც 20 წლის ასაკში და ალბათ, ესაა წარმატების საიდუმლო".

რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი): "თამაშის დიდი ნაწილი ბურთს ჩვენ ვფლობდით, მომენტიც უფრო მეტი შევქმენით, მაგრამ გოლები აქეთ გავუშვით. მიმდინარე სეზონში, ასეთი არაერთი მატჩი ჩავატარეთ და იქ, სადაც უნდა მოგვეგო, დავმარცხდით. "ვერონა" კარგი გუნდია, მომენტები გამოიყენა და სამი ქულა მოიპოვა. ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ მეტოქეს, ჩვენ გულშემატკივრებს კი დავპირდე, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ".

რაც "მილანი", ის "ინტერი"...
მილანური გრანდები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულნი არიან და ვისაც უნდა ეთამაშებოდნენ და სადაც უნდა ეთამაშებოდნენ, ქულებს მაინც კარგავენ. ამჯერად, "ინტერმა" სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ "ჩეზენას" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა.

პირველი ტაიმის შუაწელს, სტუმრებმა ეფექტური გოლი შეაგდეს, როდესაც გრეგორ დეფრელმა თავზე გადაუტარა ბურთი სამირ ჰანდანოვიჩს. აქვე ვთქვათ, რომ ჰანდანოვიჩის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მატჩამდე სრულად გამოჯანმრთელდა და კარშიც სწორედ ის იდგა.

"ინტერის" საპასუხო გოლი მეორე ნახევრის სტარტზე გავიდა, როდესაც მაურო იკარდის გადაცემას როდრიგო პალასიო დაუხვდა და გადაგზავნა კიდეც კარის ჩარჩოში - 1:1. დარჩენილ წუთებში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და ერთი გოლიც შეაგდეს, თუმცა არბიტრმა მეტად საეჭვო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, ფრე მაინც ლოგიკური შედეგი იყო, რადგან მილანელები ასეთი თამაშით გამარჯვებას, უბრალოდ, იმსახურებდნენ.

ფაქტია, რომ რობერტო მანჩინის ჯერ ბევრი არაფერი გამოსდის და ამას თვითონაც აღიარებს...

რობერტო მანჩინი (ინტერი): "პირველი ტაიმი ძალიან სუსტად ჩავატარეთ, მეტოქე სივრცეებს მაქსიმალურად გვიზღუდავდა და კონტრშეტევებზე პრობლემებს გვიქმნიდა. მეორე ნახევარში უკეთ ავთამაშდით, ანგარიში გავათანაბრეთ და მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ მთლიანობაში, მაინც ვერ ვივარგეთ. ჯერჯერობოთ, ჩემი მოლოდინი არ მართლდება და საქმე რთულად მიდის, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ჯერ კიდევ შეგვიძლია და სანამ თეორიული შანსი მაინც გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული