სერია A. XXVIII ტური: ფრონტის ხაზი ევროსაგზურებზე [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 28-ე ტური კვირას, გვიან ღამით გამართული 6 მატჩით დასრულდა, რომელმაც სატურნირო ცხრილში საინტერესო კორექტივები შეიტანა. ქვემოთ იმ გუნდებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც ევროტურნირების საგზურებისთვის იბრძვიან. მათთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.

"რომამ" ნავსი გატეხა
"რომამ" ნავსი გატეხა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სამი ქულა მოიპოვა. გამარჯვების გოლი დანიელე დე როსის ანგარიშზეა, რომელიც ბოლო დროს ცუდ ფორმაშია და შედეგად, იტალიის ეროვნული ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა. ამჯერად, დე როსიმ ლიდერობა იტვირთა და მძიმე ვითარებაში გუნდს გამარჯვება მოუტანა.

"ჯალოროსიმ" აჯობა "ჩეზენას" და
მეტის გატანაც შეეძლო, მატჩის შემდეგ კი რუდი გარსიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ხასიათის სიმტკიცე გამოვაჩინეთ და მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ იქ, სადაც ბევრი ძლიერი გუნდი წაქცეულა. "რომა" ერთ მუშტად შეკრული გუნდია, ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული და დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ მიზანს მივაღწევთ. მართალია, სკუდეტოს ვეღარ მივწვდებით და ევროპალიგასაც გამოვეთიშეთ, მაგრამ წარსულში ქექვას აზრი არ აქვს, მეორე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და მომდევნო სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზოთ. კარგია, რომ გოლი დანიელე დე როსიმ შეაგდო, ის გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურაა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაციო" დაფრინავს
"ლაციომ" "ვერონას" უმასპინძლა და გააქრო მეტოქე. რომაელებმა პირველ ტაიმში სტუმრებს ორი გოლი გაუტანეს და ამით დაასრულეს კიდეც ყველაფერი. თავად განსაჯეთ, ვერონელებს ფედერიკო მარკეტის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამთ და ვერც სხვა კომპონენტებში იყოჩაღეს.

გოლები ფელიპე ანდერსონის და ანტონიო კანდრევას ანგარიშზეა - პირველმა თავური დარტყმით უწია მიზანს, ხოლო მეორემ უძლიერესი დარტყმით საჯარიმო გამოიყენა. ორივე გოლი ეფექტური გამოვიდა, მეორე ნახევარში კი რომაელებმა ბურთი გააგორეს და თავი აღარ მოუკლავთ.

"ლაციო" ბრწყინვალე ფორმაშია, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყარად დგას და თანაქალაქელთა ფეხის დაცდენას ელოდება, რომ სულაც მეორეზე ავიდეს. ქებათა ქება სტეფანო პიოლის, რომლის გუნდი სეზონის დასკვნით ნაწილს შესანიშნავ ფორმაში შეხვდა.

"ნაპოლის" ჩავარდნა და სკანდალი
"ნაპოლიმ" საკუთარ კედლებში "ატალანტას" ვერ სძლია, მხოლოდ ფრეს დასჯერდა და გაირთულა სატურნირო ვითარება. ამრიგად, გუნდი, რომელიც სულ ახლო წარსულში მესამე ადგილზე იყო და მეორე ადგილისთვის იბრძოდა, მეხუთეზე ჩამოქვეითდა და თუ ასე გააგრძელა, არათუ ჩემპიონთა ლიგის, შესაძლოა, ევროპალიგის საგზურის გარეშეც დარჩეს.

ეს იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები მიმდინარე სეზონში ევროპალიგას არ მოიგებენ და ამ გზით არ მოიპოვებენ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზურს. მოკლედ, სამხრეთელებს ჩავარდნა აქვთ, "ატალანტასთან" მატჩი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრედ დასრულდა - 1:1.

აღსანიშნავია, რომ 55-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ბერგამოელი ალეჰანდრო გომესი გააძევა და მიუხედავად ამისა, ანგარიში სწორედ სტუმრებმა გახსნეს - მიზანს მაურისიო პინილიას დარტყმამ უწია, რომელიც იმ ეპიზოდში თითქოს არღვევდა თამაშის წესს მცველთან, კონკრეტულად კი, ენრიკესთან ორთაბრძოლაში, რასაც არბიტრმა ყურადღება არ მიაქცია.

მატჩის მიწურულს, დივუან საპატამ ანგარიში გაქვითა, მაგრამ მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვეღარ მოასწრეს. თამაშის შემდეგ ნეაპოლელები არბიტრს მისდგნენ და პინილიას საეჭვო გოლის გამო რეფერი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს - სამხრეთელებს არ გახსენებიათ, რომ იმავე არბიტრმა მათი გუნდი თითქმის მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივი უპირატესობით ათამაშა. აქვე, რაფაელ ბენიტესის კომენტარი:

"ყველამ დავინახეთ, რომ პინილიამ თამაშის წესი დაარღვია, მაგრამ რატომღაც ეს მთავარ არბიტრსაც გამორჩა და კარს უკან მდგარ მსაჯსაც. როგორც ჩანს, მსაჯების რაოდენობა საკმარისი არაა და კიდევ ორი უნდა დავამატოთ. დასანანია, რომ არბიტრის შეცდომამ შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია და ორი ქულა დავკარგეთ. მიუხედავად ამისა, ვაგრძელებთ ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მონტელა: დასვენების დროა
"ფიორენტინას" ურთულესი კალენდარი აქვს, ვინჩენცო მონტელას გუნდი სამ ფრონტზე იბრძვის და თუ ბოლო მატჩებს გადავხედავთ, ძლიერ გუნდებთან უწევს ჭიდაობა. ფლორენციელებმა ევროპალიგიდან "ტოტენჰემი" და "რომა" დაიფრინეს, სერია A-ში კი, პრაქტიკულად, ყველას ეთამაშნენ, ვისაც კი იტალიური ფეხბურთის გრანდი შეგვიძლია ვუწოდოთ.

არც იტალიის თასი უნდა დავივიწყოთ, სადაც "ვიოლა" ნახევარფინალშია გასული და პირველ შეხვედრაში თვით "იუვენტუსი" ჰყავს დამარცხებული გასვლაზე.

მოკლედ, მონტელას გუნდი დიდ ამბებშია, გასულ უქმეებზე კი "უდინეზეს" ესტუმრა და დაუზავდა - 2:2. ტოსკანელებმა ორი ქულა დაკარგეს და ეს არაა კარგი ამბავი, მაგრამ სამაგიეროდ, მარიო გომესი დაბრუნდა და დუბლი შეასრულა - თუ გერმანელმა ასე განაგრძო, მისი და მოჰამედ სალაჰის ტანდემი ფლორენციელთათვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, შესაძლოა, მთავარი კოზირი გამოდგეს.

უდინური მატჩის პერიპეტიებს აღარ მოვყვებით და ვინჩენცო მონტელას გადავცემთ სიტყვას:

"ურთულესი პერიოდი გავიარეთ, უმნიშვნელოვანესი მატჩები გვქონდა და კოლოსალური სამუშაო შევასრულეთ. უდინეში კი თავი დაღლილობამ იჩინა, ვეღარ ავყვევით იმ ტემპს, რომელიც მეტოქემ შემოგვთავაზა და ამიტომ შეგვეძლო წაგვეგო კიდეც. წინ სანაკრებო პაუზაა, რამაც სულზე მოგვისწრო - დასვენების დროა, შემდეგ კი გადამწყვეტ მატჩებს დიდი ენერგიით და ენთუზიაზმით უნდა დავუბრუნდეთ".

ედერის გასროლა
ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი გენუაში გაიმართა, სადაც "სამპდორიამ" "ინტერს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. ერთადერთი გოლი მარტინს ედერის ანგარიშზეა, რომელმაც დაახლოებით 30 მეტრიდან გაისროლა და ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები ექსტაზში მოიყვანა. გიჟს ჰგავდა "სამპას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო, რომელსაც გოლის აღნიშვნისას 5 კაცი მაინც აკავებდა...

გენუელებმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მოკალათდნენ და აგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, რასაც სეზონის წინ ნამდვილად არავინ ელოდა. სინიშა მიხაილოვიჩმა დიდძალი სამუშაო გასწია და უდავოდ ქების ღირსია, თუმცა გადამწყვეტი მატჩები წინ ელის, რაზეც თვითონვე გაამახვილა ყურადღება.

თუმცა ჩვენ "ინტერის" მწვრთნელ რობერტო მანჩინის მოვუსმინოთ, რომელმაც აღარ იცის, როგორ იმართლოს თავი:

"ცუდად არ გვითამაშია და ვფიქრობ, რომ მინიმუმ, ფრეს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება. ბოლო ერთ თვეში ცუდი შედეგები გვაქვს, რაზეც პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. "ინტერი" ბოლო სამი სეზონი მუდმივად ხუთეულს მიღმა იყო და ამ გუნდის ასე უცებ გარდასახვა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. სამი თვე არაა საკმარისი იმისთვის, რომ უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი "ინტერი" ვიხილოთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ვიბრძოლოთ თითოეულ შეხვედრაში და კრიზისი აუცილებლად დაიძლევა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული