ამ ამბავმა უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და ერთი ხანობა, იტალიის ნაკრების სამზადისი და ბულგარეთთან მატჩიც კი დაჩრდილა. საქმე იმაშია, რომ 29 წლის ნახევარმცველმა ვარჯიშის ჩამთავრება ვერ შეძლო და ლაზარეთში გადაინაცვლა, პირველი ინფორმაცია კი შოკისმომგვრელი გამოდგა - ჯვარედინი მყესის გაწყვეტა და მინიმუმ, ნახევარწლიანი მკურნალობის პროცესი.
ფეხბურთელს ამაზე ცუდი ვერაფერი დაემართება - ჯვარედინი მყესის გაწყვეტას მინიმუმ 6-თვიანი რეაბილიტაცია სჭირდება, ხანდახან კი ეს დრო 8 თვემდე გრძელდება.
ამ ამბავმა "იუვენტუსის" ტიფოზერია შეძრა,
როდესაც "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დორტმუნდის "ბორუსია" დამაჯერებლად გაიარა და მეტოქედ არა "ბარსელონა", "რეალი" ან "ბაიერნი", არამედ "მონაკო" ერგო - ტურინში ღიად ალაპარაკდნენ, რომ "იუვე" მზადაა, ევროარენაზეც გაიბრწყინოს. თუმცა შემდეგ არაერთი უსიამოვნება მოხდა, მათ შორის, პოლ პოგბას მძიმე ტრავმა.
ახალგაზრდა ფრანგის მკურნალობას დაახლოებით 50 დღე სჭირდება და მიზერულია იმის შანსი, რომ თუნდაც სეზონის დასკვნით ნაწილში დაბრუნდეს. ამ ფონზე, კიდევ ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელის, კლაუდიო მარკიზიოს დაშავება ტურინელთა ევრო-იმედების მსხვრევას ჰგავდა. მით უმეტეს, ანდრეა პირლოსაც ტრავმა აქვს და ფორმაში შესასვლელად გარკვეული დრო დასჭირდება.
მოკლედ, იტალიაში განგაშის ზარს შემოჰკრეს, იტალიის ნაკრების მწვრთნელ ანტონიო კონტეს კი "იუვენტუსის" გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ და ის ფეხბურთელთა ზედმეტად დატვირთვაში დაადანაშაულეს.
"აძურას" მწვრთნელს ანიელების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ჯონ ელკანი დაუპირისპირდა, გულშემატკივრებმა კი მწვრთნელს მუქარის წერილები გაუგზავნეს. ვითარება ძალიან დაიძაბა და ისიც კი ითქვა, რომ შესაძლოა, გარკვეულ პროვოკაციებს იტალია-ინგლისის თამაშზეც ჰქონოდა ადგილი, რომელიც ტურინში, "იუვენტუს არენაზეა" დაგეგმილი.
მოკლედ, გამწვავდა და თანაც როგორ, მაგრამ ვითარება იტალიის ნაკრების მთავარმა ექიმმა ენრიკო კასტელაჩიმ განმუხტა:
"კლაუდიო მარკიზიოს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდა და მოხდა ის, რისი ალბათობაც ძალიან დაბალი იყო და რის გამოც ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ. პირველადმა დათვალიერებამ შეცდომაში შეგვიყვანა, ჯვარედინი მყესი გაწყვეტილი არაა და უბრალო დაჭიმულობასთან გვაქვს საქმე. კლაუდიოს ოპერაცია არ სჭირდება, ვარჯიშს კი დაახლოებით ორ კვირაში განაახლებს".
კასტელაჩის სიტყვებმა წუთებში მოიარა მთელი იტალია და ვითარება ჩაწყნარდა, თუმცა ანტონიო კონტემ და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ საგანგებო კომენტარები გააკეთეს - ჯერ კონტეს მოვუსმინოთ:
"მადლობა ღმერთს, რომ მარკიზიო მძიმე ტრავმას გადაურჩა და მოედანს სულ მალე დაუბრუნდება. ვერ მოვიტყუებ თავს, რომ ვითომც არაფერი მომხდარა - ძალიან მძიმე შეტევა განხორციელდა ჩემზე, რომელიც მუქარებით იყო აღსავსე.
ერთადერთი თხოვნა მაქვს, მაცადეთ მშვიდად მუშაობა, რათა მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ყველას ერთად გვინდა. ეროვნულ ნაკრებში მუშაობა ისედაც უდიდესი წნეხია, ეს ისტერია კი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
ძალიან მიხარია, რომ მარკიზიო გადარჩა, მაგრამ მერწმუნეთ, მიღებული წერილებიდან გამომდინარე, მე უფრო გადავრჩი".
ბოლოს, ფედერკალჩოს პრეზიდენტს, კარლო ტავეკიოს გადავცეთ სიტყვა:
"გუშინ დილით ვესაუბრე კონტეს და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან შეშფოთებულია. ანტონიოს ადანაშაულებენ იმაში, რაშიც ბრალი არ მიუძღვის. სოციალურ ქსელში მუქარის წერილები მიიღო, რასაც ახსნა, უბრალოდ, არ აქვს.
გაოცებული ვარ, საკუთარ თავს ვნებთ და მეტი არაფერი. კონტე ძლიერი პიროვნებაა და გაუმკლავდება ამ წნეხს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"