იტალია VS ინგლისი - ანტონიო კონტეს გამოცდა

AutoSharing Option
ფოტოზე: მარტინს ედერი (მარცხნივ) და ანტონიო კონტე
იშვიათად ხდება, რომ იტალიაში ფეხბურთი სხვა სპორტის სახეობამ დაჩრდილოს, მაგრამ ბოლო ორი დღეა, სპორტული მედია "ფერარის" და მოტომრბოლელ ვალენტინო როსის წარმატებებმა მოიცვა. თუმცა უყურადღებოდ არც იტალიის საფეხბურთო ნაკრებია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ბულგარეთთან ფრედ დაასრულა და ინგლისთან ამხანაგური პაექრობისთვის ემზადება.

ბულგარეთზე
სანამ ინგლისთან მოახლოებულ მატჩზე ვიტყოდეთ, ბულგარული პაექრობა გავიხსენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ფრე იტალიელთათვის საოცნებო შედეგად ვერ ჩაითვლება და თამაშში წუნი ბევრი იყო, ჟურნალისტები კრიტიკისგან თავს იკავებენ.

თამაში საშინელ კლიმატურ პირობებში, თავსხმა
წვიმაში გაიმართა. მინდორი დატბორილი იყო და ფეხბურთელებს გაუჭირდათ შესაძლებლობების დემონსტრირება. ცხადია, რომ ასეთი ამინდი ფავორიტის და კლასით უფრო მაღალი დონის გუნდის წისქვილზე არ ასხამს წყალს. საგულისხმოა, რომ ბოლო 10-15 წუთში წვიმამ მოიკლო, რის შემდეგაც "აძურა" გაცილებით უკეთ ათამაშდა, გოლიც შეაგდო და მოგებაც შეეძლო.

მთლიანობაში, მატჩი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და რომ არა იშვიათი უზუსტობა დამაგვირგვინებელ ფაზაში, იტალიელებს ეს თამაში უნდა მოეგოთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, იტალიელმა ჟურნალისტებმა კრიტიკისგან თავი შეიკავეს და იმ წუნზეც დახუჭეს თვალი, რომელიც "აძურას" თამაშში მრავლად იყო. ვგულისხმობთ დაცვაში დაშვებულ შეცდომებს, შუა ხაზში ბევრ უზუსტო გადაცემას და დამაგვირგვინებელ ფაზაში უზუსტობას, რაზეც ზემოთაც ვისაუბრეთ.

ასევე, ფლანგების პასიურ თამაშს - როდესაც მწვრთნელი 3-5-2 ტაქტიკას ირჩევს, ფლანგებს მთელი ფრთის კონტროლი და შესაბამისად, შეტევაში აქტიურობა ევალებათ, რაც ვერ ვიხილეთ. ვერც მატეო დარმიანმა და ვერც ლუკა ანტონელიმ თავი ბევრი ვერაფრით წარმოაჩინეს.

ამ თემას კიდევ მივუბრუნდებით, იქამდე კი ანტონიო კონტეს კომენტარს გავეცნოთ, რომელიც აქამდე, ძირითადად, კლაუდიო მარკიზიოს ტრავმასა და ამ ამბის გარშემო აგორებულ სკანდალზე საუბრობდა, გუშინ კი ბულგარეთთან თამაშის შესახებ ისაუბრა:

"ბულგარეთმა სულ სამჯერ დაარტყა კარის მიმართულებით და ორი გოლი შეაგდო. მეტოქეს გაუმართლა და ამ ფონზე, შედეგი არ იყო ცალსახად უარყოფითი. მით უმეტეს, თავსხმა წვიმაში ბურთის გორება ძალიან ჭირდა და ჩვენი თამაშის დემონსტრირება არ გამოგვივიდა.

მიუხედავად ამისა, უპირატესობას ვფლობდით და უნდა მოგვეგო. უკეთ უნდა გამოვიყენოთ სტანდარტულები - როდესაც 17 კუთხურს ჩააწვდი და ყველას უხეიროდ, ეს დიდი მინუსია.

მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით და მიმაჩნია, რომ სწორი გზით მივდივართ".

იტალია ორიუნდიმ იხსნა
იტალიის ნაკრები კი ფლობდა საგრძნობ უპირატესობას, მაგრამ ფაქტია, რომ გამათანაბრებელი გოლი 84-ე წუთზე გაიტანა და ამ გადასახედიდან, უფრო "სკუადრა აძურა" გადაურჩა მარცხს, ვიდრე მისი მეტოქე.

მარცხისგან იტალია მარტინს ედერმა იხსნა, სწორედ იმ ედერმა, რომლის "აძურაში" გამოძახებას დიდი ხმაური მოჰყვა.

ბულგარეთთან მატჩის მეორე დღეს "გაძეტა დელო სპორტი" ასეთი სათაურით გამოვიდა: "იტალია მარცხისგან ორიუნდიმ იხსნა", თავად ედერი კი სიხარულით მეცხრე ცაზეა და შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ბედნიერი ვარ, რომ სანაკრებო დებიუტი გატანილი გოლით აღვნიშნე. როდესაც მცველი მოვატყუე, ვიგრძენი, რომ დარტყმისთვის იდეალური დრო იყო და ბურთი შორეულ კუთხეში გავგზავნე - შესანიშნავი გოლი გამოვიდა, რომელმაც საჭირო ქულა მოგვიტანა.

იტალიის ნაკრებში დიდი კონკურენციაა და ეს ერთი გოლი არაფრის გარანტიას არ იძლევა. "სამპდორიაში" წარმატებით უნდა გავაგრძელო თამაში, რომ "აძურაში" კიდევ გამომიძახონ".

ედერის გოლმა იტალიას მართლაც საჭირო ქულა მოუტანა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხასიათი არ წაუხდინა ინგლისთან პრინციპული ჯახის წინ. რომ არა ედერის გოლი, იტალია შესარჩევ ეტაპებზე პირველ მატჩს წააგებდა 2006 წლის შემდეგ, როდესაც "სკუადრა აძურა" საფრანგეთმა დაამარცხა პარიზში - 3:1.

დიახ, მას შემდეგ იტალიას შესარჩევებში 46 მატჩი აქვს ჩატარებული, 35 მოგებული და 11 ფრედ დასრულებული.

მოკლედ, "სამპდორიას" ფორვარდმა ძალიან საჭირო გოლი შეაგდო, მისი კარგი თამაში კი არც ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელს გამოჰპარვია. დუნგამ სინანულით აღნიშნა, რომ მარტინსის გამოძახებას უახლოეს მომავალში აპირებდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა იტალიაზე შეაჩერა არჩევანი.

დღეს ინგლისთან მატჩია
ინგლისის ეროვნული ნაკრები შესანიშნავ ფორმაშია, თამაშს თამაშზე იგებს და წესით, "იუვენტუს არენაზე" დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. ანტონიო კონტეს "აძურამ" რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, თუმცა ფრეებიც დაუგროვდა - აგერ, ბულგარეთთან ბოლო წუთებზე გადაურჩა მარცხს და ხორვატებთან საშინაო პაექრობაში სუსტი შთაბეჭდილება დატოვა.

მოკლედ, ჯერ რთულია იმაზე ლაპარაკი, თუ რა ძალას წარმოადგენს დღეს "აძურა" და ამ მხრივ, ინგლისი კარგი გამომცდელი, ინდიკატორი უნდა იყოს.

ტრავმის გამო სანაკრებო შეკრება ანდრეა ბერტოლაჩიმ დატოვა, რომელსაც ბულგარეთთან პაექრობისას მხარი დაუზიანებია.

აპენინელთა ბანაკში მატებაა - კონტემ "ინტერისტი" დავიდე სანტონი და მილანისტი ინაციო აბატე გამოიძახა.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ფლანგების თემას კიდევ დავუბრუნდებოდით და სწორედ ამას ვგულისხმობდით - ინგლისთან პაექრობისას, აბატე მარჯვენა ფრთას ჩაიბარებს, ხოლო სანტონი მარცხენას, ბულგარეთთან ინერტული დარმიანი და ანტონელი კი თადარიგში დარჩებიან. ასეთ პროგნოზს აკეთებს "გაძეტა" და არ გვაქვს საფუძველი, რომ არ დავუჯეროთ.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, კონტე ისევ 3-5-2 სქემას აირჩევს, დაცვაში კვლავ ანდრეა ბარძალის, ლეო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის გაამწესებს, ფლანგებზე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინაციო აბატეს და დავიდე სანტონს. ნახევარდაცვაში ცვლილებებია მოსალოდნელი - თუ ბულგარეთთან მარკო ვერატის, ანტონიო კანდრევას და ანდრეა ბერტოლაჩის ტრიო ვიხილეთ, ამჯერად ძირითადში მარკო პაროლოს და რობერტო სორიანოს ველოდებით. მესამე ან მირკო ვალდიფიორი იქნება, ან ისევ ვერატი.

შეტევაში პროგნოზების კეთება უფრო რთული საქმეა, მაგრამ "გაძეტა" არჩევანს ჩირო იმობილესა და გრაციანო პელეზე აკეთებს.

თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რა არჩევანს გააკეთებს კონტე. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ამ საინტერესო პაექრობას.…

მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული