სად წავა სინიშა მიხაილოვიჩი და ვინ შეცვლის მას "სამპდორიაში"?

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მთავარი მოულოდნელობა მაინც "სამპდორიას" შესანიშნავი ასპარეზობაა. გენუური გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და თუ ასე გააგრძელა, ევროპალიგას მაინც შეწვდება, ეს კი არაერთი გრანდისთვის მიუღწეველი მიზანია.

"სამპდორიას" წარმატებული ასპარეზობის მთავარ შემოქმედად სინიშა მიხაილოვიჩი მიიჩნევა, რომელსაც ზაფხულში სხვა გუნდში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.

"სქაი სპორტ იტალიას" ცნობით, მიხაილოვიჩს გადაწყვეტილი აქვს გენუის დატოვება და კარიერის უფრო ამბიციურ გუნდში გაგრძელება.

თუ "სქაის" ვენდობით, სერბ სპეციალისტს რამდენიმე კარგი ვარიანტი აქვს, მათ შორის ერთ-ერთი და ამ ეტაპზე ყველაზე რეალური "ნაპოლია". დიახ, ნეაპოლის დატოვებას რაფაელ
ბენიტესი
აპირებს და "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდება.

ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ აურელიო დე ლაურენტისს ბენიტესის შემცვლელად ჩეზარე პრანდელის ხილვა სურს, მაგრამ ბოლო პერიოდში მიხაილოვიჩის კანდიდატურამ წამოიწია.

სინიშას მომავალი "მილანსაც" დაუკავშირეს, სადაც დიდი ალბათობით, ასევე მოსაძებნი ეყოლებათ მწვრთნელი, მაგრამ ეს ვარიანტი მაინც უფრო ნაკლებად სავარაუდოა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიხაილოვიჩი "ინტერისტაა", ეს თავადაც არაერთხელ აქვს ნათქვამი და "როსონერის", ალბათ, ისევ "ნაპოლის" ამჯობინებს.

და რა ბედი ელის "სამპდორიას"? - იტალიურ სპორტულ პრესაში ამ თემაზეც ვრცელდება ცნობები და ამბობენ, რომ მიხაილოვიჩის წასვლის შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტი მასიმო ფერერო არჩევანს ორ კანდიდატს შორის გააკეთებს: ერთი მაურიციო სარი გახლავთ "ემპოლიდან", ხოლო მეორე ჯამპიერო ვენტურა "ტორინოდან".

თუმცა, ამ ორივე სპეციალისტზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და გასარკვევია, სურთ თუ არა მათ "სამპაში" მუშაობა. ერთი ფაქტია, რომ ზაფხულში საინტერესო სამწვრთნელო გადაადგილებები მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული