რაფაელ ბენიტესის და აურელიო დე ლაურენტისის გზები იყრება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, რაფაელ ბენიტესი მაინც დატოვებს "ნაპოლის" და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით, რომ ნეაპოლური კლუბის მესვეურები ესპანელი სპეციალისტისთვის ახალ ხელშეკრულებას ამზადებენ, რომელიც სამ წელიწადზეა გათვლილი. ამ თემაზე იტალიელი ჟურნალისტები თავად ბენიტესს დაეკითხნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს:

"ვერ გეტყვით, რა ხელშეკრულება მზადდება, რადგან ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. კლუბის მესვეურებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და თუ რაიმეს აპირებენ, ალბათ მალე გავიგებ. სეზონის დასკვნითი ეტაპია, თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია და ასეთ დროს კონტრაქტზე ფიქრისთვის არ მცალია. ამ თემას აუცილებლად განვიხილავთ
და ჩემს პოზიციასაც გაიგებთ".

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "რომასთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ნაპოლის" მესვეურებმა ბენიტესთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრეს და მოლაპარაკების პროცესი გაყინეს. როგორც ავტორიტეტული გამოცემა გვაუწყებს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ძალიან უკმაყოფილოა გუნდის ბოლოდროინდელი ასპარეზობით და ზომების მიღებას აპირებს.

მას უკვე აღარ მოსწონს ბენიტესი და მიიჩნევს, რომ მომდევნო სეზონში გუნდი ან ჩეზარე პრანდელიმ, ან ლუჩანო სპალეტიმ უნდა გაწვრთნას. დე ლაურენტისს უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად აქვს, რადგან სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბოლო 5 ტურში "ნაპოლიმ" ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციიდან მეექვსეზე დაქვეითდა.

ჟურნალისტებმა კომენტარი კლუბის პრეზიდენტსაც სთხოვეს და მისი პასუხი მხოლოდ ამძაფრებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ბენიტესი ახალ კონტრაქტს ვეღარ მიიღებს და აღარც ფიქრი მოუწევს იმაზე, დარჩეს ნეაპოლში თუ ინგლისში დაბრუნდეს:

"ბენიტესი შესანიშნავი სპეციალისტია და იმედი მაქვს, რომ სეზონს მაჟორულ ნოტზე დავასრულებთ. ბოლო თამაშებში უამრავი ქულა დავკარგეთ და ის პოზიცია, რომელიც სატურნირო ცხრილში გვიჭირავს, მიუღებელი და საგანგაშოა. მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვება იყო და ამ რეალობით, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დავრჩეთ. ამიტომ რა იქნება ზაფხულში, რთული სათქმელია - არ არის გამორიცხული, ძირეულ ცვლილებებს მივმართოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული