მილანის "ინტერი" რევოლუციის მოლოდინში - მანჩინი შავ სიას აკეთებს

AutoSharing Option
სერია A-ს გასულ ტურში "ინტერმა" საკუთარ კედლებში "პარმას" ვერ მოუგო და კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს.

მილანური გრანდი ისედაც ვერ ბრწყინავდა, მაგრამ გაკოტრებულ "პარმასთან" ქულების დაკარგვა მეტისმეტი გახლდათ.

მატჩის შემდეგ "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ვითარების გამოსასწორებლად რევოლუციაა საჭირო. რა იგულისხმა მანჩინიმ რევოლუციაში? - ამ თემაზე თავად მწვრთნელმა კომენტარი არ გააკეთა, აი, კლუბის სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო კი ჟურნალისტებს შეხვდა და შემდეგი განაცხადა:

"ნამდვილად არ მეგონა, თუ "პარმასთან" ქულებს დავკარგავდით და ასე საშინლად ვითამაშებდით. იმედგაცრუებული
ვარ და ასეთივე განწყობა აქვთ სხვებსაც. თუ "იუვენტუსს" არ ჩავთვლით, შემადგენლობით არც ერთ სხვა გუნდს არ ჩამოვუვარდებით და ის ადგილი, რაც ცხრილში გვიჭირავს, წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, ბევრმა არ იცის, თუ რას ნიშნავს "ინტერის" მაისურით თამაში და რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ.

რობერტო მანჩინისთან ერთად ვმუშაობთ და იმ ფეხბურთელთა სიას ვაკეთებთ, რომლებიც ზაფხულში დაგვტოვებენ. ძირეული ცვლილებები აუცილებელია, რადგან ასე გაგრძელება, უბრალოდ, არ შეიძლება.

"ინტერმა" უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს, დღეს კი სულ სხვა სურათს ვხედავთ. იქნება თუ არა რევოლუცია? - ზაფხულში ბევრი რამ შეიცვლება და შეგიძლიათ ამას რევოლუცია დაარქვათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული