მირალემ პიანიჩი: "რომადან" წასვლას არ გამოვრიცხავ

AutoSharing Option
"რომამ" "ნაპოლის" უმნიშვნელოვანესი თამაში მოუგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა. მატჩის გმირი მირალემ პიანიჩია, რომელმაც ერთადერთი გოლი შეაგდო და "ჯალოროსის" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ბევრს საუბრობენ, რომ 25 წლის ბოსნიელის გადაბირება ევროპულ გრანდებს სურთ და რომის დატოვების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია. ამ და სხვა საინტერესო თემებზე პიანიჩი "კორიერე დელო სპორტს" ესაუბრა...

ჯახი "ნაპოლისთან"
ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. "ნაპოლი" სახიფათოდ გვიტევდა და რომ არა მორგან დე სანკტისის ბრწყინვალე თამაში, მინიმუმ ერთ გოლს გავუშვებდით.

ბევრს ეგონა, რომ
მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები შეგვექმნებოდა, რადგან ევროპალიგიდანაც გამოვვარდით, ვეღარც იტალიის თასს მოვიგებთ და სკუდეტოსაც ვერ შევწვდებით, მაგრამ პირიქით მოხდა - ერთ მუშტად შევიკარით, ერთი მიზნის ქვეშ გავერთიანდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე ადგილი შევინარჩუნოთ. "ნაპოლისთან" თამაშმა აჩვენა, რომ "რომა" ამ ბრძოლაში ფავორიტია.

რომაული დერბი
24 აპრილს რომაული დერბია და ამ მატჩზე ქალაქში აქედანვე ლაპარაკობენ. ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება და მთავარია, რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს. ასეთ დროს, უფრო მეტს არეულობის თავიდან აცილებაზე ლაპარაკობენ და არა უშუალოდ თამაშზე. "ლაციო" კარგ ფორმაშია, თამაშს თამაშზე იგებს და "კუდზე გვაზის", რაც დერბის მიმართ ინტრიგას ზრდის.

როდესაც "რომაში" გადმოვდიოდი, კლუბის მესვეურებმა მითხრეს, რომ ამ ქალაქში უმრავლესობა სწორედ ჩვენი გუნდის ქომაგია. მართლაც ასეა, რომში უფრო "ჯალოროსის" ტიფოზებს შეხვდებით, რომლებიც ყოველთვის გვამხნევებენ და გვერდში გვიდგანან. მახსოვს, რა მძიმედ გადაიტანეს ქომაგებმა იტალიის თასის ფინალში "ლაციოსთან" მარცხი და ვფიქრობ, რომ შეცდომის უფლება აღარ გვაქვს - "ბიანკოჩელესტემ" რომ კიდევ ერთი გადამწყვეტი მატჩი მოგვიგოს, გარეთ თავი აღარ გამოგვეყოფა. ასე რომ, წინ დიდი ბრძოლა გველის.

სამომავლო გეგმები
არ მიყვარს სამომალო გეგმებზე საუბარი, რადგან ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. რომში თავს კარგად ვგრძნობ და წასვლაზე არ ვფიქრობ, მაგრამ მეორე მხრივ, ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ. ვიცი, რომ ჩემით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული და შესაძლოა, გარიგებით "რომაც" მოგებული დარჩეს.

დღეს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე ვფიქრობ და მსურს, ამ ტურნირში "რომას" მაისურით კიდევ ვითამაშო, მაგრამ რა იქნება მომავალში, რთული სათქმელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული