"ფიორენტინას" შემადგენლობაში ბრწყინვალედ ასპარეზობს მოჰამედ სალაჰი, რომელიც ფლორენციულ გუნდში იჯარით ლონდონის "ჩელსიდან" გადავიდა. რა ბედი ელის 22 წლის ეგვიპტელს ზაფხულში და შეძლებენ თუ არა იტალიელები მის გამოსყიდვას? - ამ თემაზე ჟურნალისტებს "ფიორენტინას" მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ესაუბრა:
"სალაჰი რომ ძლიერი ფორვარდი იყო, ვიცოდი, მაგრამ ასე მალე თუ აუღებდა ალღოს იტალიურ ფეხბურთს, არ მეგონა. შესანიშნავად ათამაშდა და უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა. მოჰამედს საიჯარო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის ერთი წლით გახანგრძლივება ან ფეხბურთელის გამოსყიდვაა შესაძლებელი.
ერთ-ერთი აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, რადგან მისი გაშვება, უბრალოდ, არ
შეიძლება. გამოსასყიდი თანხა ჩემთვის უცნობია, მაგრამ მეეჭვება, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას. თავად ფეხბურთელს ფლორენციაში სურს დარჩენა და ამიტომ მის წასვლას გამოვრიცხავ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"