მწვრთნელები და სავარაუდო ტრანსფერები: ინძაგი რჩება, მონტელა შფოთავს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" მესვეურები არც ზაფხულში აპირებენ ფილიპო ინძაგის გათავისუფლებას და მზად არიან, რომ ახალგაზრდა მწვრთნელს კიდევ ერთი სეზონი აცადონ. ავტორიტეტული გამოცემა აღნიშნულ ცნობას კლუბის "ვიცე-პრეზიდენტის", ბარბარა ბერლუსკონის სიტყვებით ამყარებს:

"ინძაგისთან 2016 წლის ზაფხულამდე გვაქვს ხელშეკრულება და ჩვენი სურვილია, რომ მისი ნაადრევად გაწყვეტა არ მოგვიხდეს. ვესაუბრე როგორც მამაჩემს, ისე ადრიანო გალიანის და მწვრთნელს ორივე ენდობა. ჩვენი სურვილია, რომ ინძაგიმ გააგრძელოს მუშაობა და მომდევნო სეზონში გუნდის თავკაცი იყოს".

ამასობაში, პრესას "ფიორენტინას" მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა გაესაუბრა, რომელიც შეშფოთებულია
ბოლო ორ მატჩში განადგურებით: "ჯერ "იუვენტუსთან" წავაგეთ 0:3 და შემდეგ იგივე მოხდა "ნაპოლისთან" პაექრობაშიც. არა მგონია, რომ აქ საქმე ფიზიკურ გადაღლილობასთან გვქონდეს, უფრო ფსიქოლოგიურად მოვიშალეთ, რაც ასეთ მნიშვნელოვან მომენტში დაუშვებელია. წინ გადამწყვეტი მატჩებია, ძალა უნდა მოვიკრიბოთ და საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნოთ".

ჟურნალისტებს 31 წლის კარლოს ტევესიც შეხვდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "ბოკა ხუნიორსში" თამაშის სურვილი აქვს: "ტურინში თავს კარგად ვგრძნობ, აქ თბილად მექცევიან, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არგენტინა ძალიან მენატრება. ჩემს ოჯახს ბუენოს აირესის დატოვება არ სურს, ისინი "ბოკა ხუნიორსის" თავგადაკლული ქომაგები არიან და უნდათ, რომ მეც იქ ვითამაშო.

ზუსტად არ ვიცი, როდის დავბრუნდები არგენტინაში, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება და თანაც, მალე. ამ ზაფხულს? - "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2016 წლის ივლისში მიმთავრდება და მისი დარღვევა არ მსურს, მაგრამ ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ბუენოს აირესში ამავე ზაფხულს დავბრუნდე".

ტევესის ამ განცხადებას იტალიურ სპორტულ პრესაში კრიტიკა მოჰყვა, რადგან ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ "იუვენტუსისთვის" ასეთ მნიშვნელოვან მომენტში გუნდის ლიდერი წასვლაზე არ უნდა ლაპარაკობდეს. ამასობაში, "ვეკია სენიორაში" ასპარეზობის სურვილი საჯაროდ გამოთქვა "ემპოლის" 20 წლის მცველმა დანიელე რუგანიმ, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ისიც ვთქვათ, რომ რუგანი სწორედ ტურინულ გრანდს ეკუთვნის და "ემპოლიში" იჯარით ასპარეზობს. რუგანიმ ისიც დაამატა, რომ თუ მომდევნო სეზონში "იუვეს" მისი დახმარება არ დასჭირდება, მზადაა, კიდევ ერთი წელი მოიცადოს და ეს პერიოდი "ემპოლიში" გაატაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული