"მილანი" გაიყიდა - როგორი იქნება მისტერ ბის გუნდი

AutoSharing Option
ფოტოზე: სილვიო ბერლუსკონი და მისტერ ბი ჟურნალისტთა გარემოცვაში
"მილანში" დიდი ცვლილებების დრო დადგა, რომელმაც კლუბს ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს", - ეს სილვიო ბერლუსკონის სიტყვებია, რომელიც როგორც თვითონ აცხადებს, ტაილანდელ ბიზნესმენ ბი ტაეჩაუბოლს შეუთანხმდა და ამიერიდან, კლუბის ასაღორძინებლად ერთობლივად იღვაწებენ.

როდესაც ბერლუსკონი ამას ამბობდა, მისტერ ბი გვერდით ედგა და თანხმობის ნიშნად, თავს აქნევდა - ბერლუსკონის და ტაეჩაუბოლის კომენტარებს კიდევ მივუბრუნდებით, იქამდე კი მათი შეთანხმების და ჯერ კიდევ მიმდინარე მოლაპარაკების დეტალებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

ვის დარჩება საკონტროლო პაკეტი?
"მილანის" კრიზისი დიდი ხანია გრძელდება,
თუმცა ის, რაც მიმდინარე სეზონში ხდება, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. "როსონერი" მეათე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და ყველანაირი შანსი აქვს დაკარგული, რომ ევროსაგზური მოიპოვოს. გუნდის ულტრასთა პროტესტი კვირიდან კვირამდე ძლიერდება, ბოლოს კი აგრესიული ფორმები მიიღო.

როგორც ჩანს, კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ამად დათანხმდა ტაილანდელ ბიზნესმენთან მოლაპარაკებას. სენიორ ბერლუსკონის და ბი ტაეჩაუბოლს შორის ორი შეხვედრა გაიმართა, ყველაფერი კი მესამე შეხვედრაზე უნდა გადაწყვეტილიყო - ეს მესამე და გადამწყვეტი დღე შაბათს შედგა, ჟურნალისტების წინაშე კი სენიორ ბერლუსკონი და მისტერ ბი ერთად წარდგნენ.

ბი ტაეჩაუბოლი:
"მოლაპარაკება შესანიშნავად წარიმართა და შესაბამისად, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად დავუბრუნებთ კლუბს ძველ დიდებას. გარკვეული დეტალები შესათანხმებელია და მოლაპარაკება გაგრძელდება, მაგრამ მთავარზე უკვე შევთანხმდით, ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა".

სილვიო ბერლუსკონი:
"მისტერ ბი ძალიან კარგი ადამიანია და მასთან იოლად გამოვნახე საერთო ენა. ჩვენ დავმეგობრდით და შევთანხმდით, რომ "მილანი" ერთად უნდა დავაბრუნოთ მწვერვალზე.

გარანტიები მჭირდებოდა, რომ ინვესტორი კლუბს განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანს და ეს გარანტია მივიღე. დეტალებზე მომავალში ვისაუბროთ, დღეს კი შემიძლია გითხრათ, რომ "მილანი" მალე ისევ საუკეთესო იქნება ევროპაში".

მოკლედ, შეთანხმება ორივე მხარემ დაადასტურა, მაგრამ ჯერ კიდევ საკითხავია, თუ ვის დარჩება საკონტროლო პაკეტი. სილვიო ბერლუსკონი ცდილობს, რომ 51% მას დარჩეს, თუმცა ბი ტაეჩაუბოლი შეეცდება, რომ საკონტროლო პაკეტი თავისთან დაიტოვოს.

ეს სერიოზული საკითხია და შეთანხმებას საჭიროებს, მაგრამ არა იმდენად, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმება საფრთხის წინაშე დადგეს - "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, სილვიო ბერლუსკონი, უბრალოდ, ეცდება თავისას და თუ არ გამოუვიდა, დათმობს საკონტროლო პაკეტს.

სენიორ ბერლუსკონი ამ გარიგებით 500 მილიონ ევროს პირადად მიიღებს - ამასთან, მისტერ ბიმ "მილანის" ვალების გასტუმრება უნდა დაიწყოს და საწყის ეტაპზე, 250 მილიონი ევრო დაფაროს. ამასთან, თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს ვენდობით, ბერლუსკონიმ და ადრიანო გალიანიმ 100 მილიონი ევრო მოითხოვეს საზაფხულო ტრანსფერებისთვის.

თუმცა, იგივე ჟურნალისტები წერენ, რომ მისტერ ბის ამ საკითხზე დიდი ხვეწნა-მუდარა არ დასჭირვებია და თავად მისი სურვილია, რომ "მილანმა" უკვე მომდევნო სეზონში დაუმიზნოს სკუდეტოს, ამისთვის კი 100 მილიონი ევრო არც ისე დიდი თანხაა.

სატრანსფერო მიზნები
იტალიურ სპორტულ პრესაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა "მილანის" სატრანსფერო გეგმების შესახებ. პირველ რიგში, მწვრთნელზე ვთქვათ, რადგან ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია მედიაში.

"როსონერის" მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გუნდს ფილიპო ინძაგი უთავკაცებს, ზაფხულში კი მის შემცვლელად, არც მეტი, არც ნაკლები, კარლო ანჩელოტი განიხილება. თვითონ ანჩელოტიმაც თქვა, რომ ერთადერთი გუნდი, სადაც "რეალის" შემდეგ დიდი სიამოვნებით იმუშავებდა, სწორედ "მილანია".

ითქვა ისიც, რომ ბი ტაეჩაუბოლს პსჟ-დან მარკო ვერატის გადაბირება სურს და ახალგაზრდა იტალიელი "მილანის" პრიორიტეტული სამიზნე იქნება.

უკვე გავრცელდა ცნობები რადამელ ფალკაოს, ანხელ დი მარიას, ტიაგო სილვას და მარკო როისის შესაძლო ტრანსფერების შესახებ და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ეს სია კიდევ უფრო გაიზრდება.

ტაილანდელ ბიზნესმენს ჟურნალისტებმა ამ თემაზეც ჰკითხეს და შემდეგი მოისმინეს:

"100 მილიონი ევრო ტრანსფერებში? - დღეს ამ თემაზე ნაადრევია ლაპარაკი. სილვიო ბერლუსკონისთან მოლაპარაკების პროცესი 3-4 კვირას გაგრძელდება და სჯობს, შემდეგ ვისაუბროთ ტრანსფერებზე.

ერთი შემიძლია გითხრათ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "მილანმა" მომდევნო სეზონში სკუდეტო მოიგოს, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის იბრძოლოს".

ბერლუსკონიმ ჩინელებთან მოლაპარაკება უარყო
ბი ტაეჩაუბოლი რამდენიმე დღით ტაილანდში გაემგზავრა, სადაც შვილის დაბადების დღე უნდა აღნიშნოს, იტალიელ ჟურნალისტებს კი შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: "ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ, უახლოეს დღეებში კი დავბრუნდები მილანში და ისევ შევხვდებით".

ამასობაში, "გაძეტა დელო სპორტმა" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სილვიო ბერლუსკონიმ ბი ტაეჩაუბოლის ტაილანდში გამგზავრებით ისარგებლა და პარალელურად, მოლაპარაკება ჩინელ ინვესტორებთან წამოიწყო.

თავად ბერლუსკონიმ ეს ცნობა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ის მხოლოდ მისტერ ბისთან ერთად აპირებს "მილანის" აღორძინებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბებერი მელა, სულ არ გამიკვირდება ეს ტაილანდელი ქონიან ნიჩაბზე დასვას.DDDDD
sabonis
11:32 05-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული