სეიდუ დუმბიამ "რომას" ფანების სტვენა ტაშით შეცვალა

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "რომას" მესვეურებმა შეტევის გაძლიერება განიზრახეს და მოსკოვის ცსკა-დან სეიდუ დუმბია გადაიბირეს.

27 წლის კოტდივუარელ ფორვარდს თავიდან გაუჭირდა ახალ გარემოსთან ადაპტირება და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. გულშემატკივრებმა აითვალწუნეს აფრიკელი და მის ბურთთან ყოველ შეხებას სტვენით ხვდებოდნენ. ამასთან, არც რასისტული შეძახილები დააკლეს და ახალწვეული დიდ წნეხში მოაქციეს.

ბოლო ორ ტურში დუმბიამ ორი გოლი გაიტანა, ნავსი გატეხა და რაც მთავარია, "რომას" უმნიშვნელოვანესი მატჩების მოგებაში დაეხმარა. "რომა"-"ჯენოას" შეხვედრის მეორე ნახევარში სეიდუმ მცირე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა, მოედნიდან გასვლისას კი ტიფოზებმა მხურვალე
ტაშით დააჯილდოვეს. მოკლედ, დუმბიამ გამოსტყუა ტაში ქომაგებს და თუ ასე გააგრძელა, მათ გულებსაც მოიგებს - თავად ფეხბურთელი რომაულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს...

კრიტიკა
სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც აუხსნელია, თუ რატომ დამხვდნენ აგრესიულად გულშემატკივრები. "რომასთვის" არაფერი დამიშავებია და აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ გუნდს დავეხმარო და ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიოთ. იყო არა მარტო კრიტიკა, არამედ შეურაცხყოფაც და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე შეხვედრაში გოლი ვერ გავიტანე.

თანაც, იმ მატჩებში სრულად არ მითამაშია და გატანის დიდი შანსი არც მქონდა. საბედნიეროდ, ბოლო ორმა თამაშმა ვითარება რადიკალურად შეცვალა და დღეს უკვე გულშემატკივართა მხრიდან მხარდაჭერას ვგრძნობ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უკეთესად ავთამაშდე და "რომასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვო.

ერთ მუშტად შეკრული გუნდი
გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა და ამ მხრივ, თავიდანვე იდეალური გარემო დამხვდა. მაშინაც კი, როდესაც მატჩს მატჩზე ვაგებდით, ფეხბურთელებს ერთმანეთთან მიმართებაში არაფერი შეშლიათ. "რომა" ერთ მუშტად შეკრული გუნდია და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული. როდესაც ასეთი ერთსულოვნებაა, იქ კრიზისის დაძლევა გარდაუვალია.

ცალკე სალაპარაკო თემაა ფრანჩესკო ტოტი, რომელიც გუნდის სული და გულია. მეგონა, რომ ტოტის სახით, გუნდში ცხვირაწეული ლიდერი დამხვდებოდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა - ფრანჩესკო თავიდანვე გვერდში დამიდგა და მაგრძნობინა, რომ მისი იმედი უნდა მქონოდა. არ ვნანობ, რომ არჩევანი "რომაზე" გავაკეთე და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ.

სერია A
სადაც ვთამაშობდი, გოლები ყველგან გამქონდა და უნდა ვაღიარო, რომ ფორვარდობა იტალიაში ყველაზე რთულია. მართალია, სერია A-ში სულ რამდენიმე მატჩი ჩავატარე, მაგრამ ამ დასკვნის გაკეთება უკვე შემიძლია.

გუნდები დაცვიდან თამაშობენ და თავისუფალ სივრცეებს, პრაქტიკულად, არ ტოვებენ, ბურთის მიღებისას კი მცველი ყოველთვის ფეხზე "გაზის". სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ასე განსხვავდებოდა იტალიური ფეხბურთი შვეიცარიულისგან ან რუსულისგან, სადაც აქამდე ვასპარეზობდი. იტალიაში პროგრესისთვის ყველა პირობაა შექმნილი და აქ დარჩენას დიდხანს ვაპირებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული