გონსალო იგუაინს ნერვებმა უმტყუნა

AutoSharing Option
"პარმა"-"ნაპოლის" შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, მოხდა ერთი ინციდენტი, რომელმაც იტალიური სპორტული მედია მოიცვა და რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, ემილიელებმა კი ელიტაში ადგილის შენარჩუნების შანსი დიდი ხანია, დაკარგეს და მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებენ. მიუხედავად ამისა, "პარმამ" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია გაცილებით ძლიერ მეტოქეს და ქულაც აართვა.

მატჩის ბოლო წუთებზე 27 წლის გონსალო იგუაინს ნერვებმა უმტყუნა და "პარმას" მეკარეს, რომელმაც მორიგი რთული ბურთი მოიგერია, შემდეგი მიაძახა: "რისთვის თამაშობთ და რაღა გინდათ? თქვენ ხომ უკვე
სერია B-ში ხართ"... ამ ფაქტს არაერთი პერსონა გამოეხმაურა და ჯერ "პარმას" თავკაც რობერტო დონადონის გადავცეთ სიტყვა:

"ჩემმა ფეხბურთელებმა ხელფასის 75%-ზე თქვეს უარი და ეს იმიტომ, რომ კლუბის და იტალიური ფეხბურთის პრესტიჟი დაეცვათ. ჩვენი ვალია, რომ თითოეულ თამაშში ბოლომდე, გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ადამიანები ვართ, ხანდახან წყობიდან გამოვდივართ და ისეთ რამეს ვამბობთ, რასაც სხვა შემთხვევაში არ ვიტყოდით, მაგრამ არის რაღაც, რასაც არ უნდა გადავაბიჯოთ. ძალიან დასანანია, რომ იგუაინმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და ასეთი რამ თქვა".

გონსალო იგუაინის სკანდალურ ფრაზას "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გამოეხმაურა: "ბევრმა მირჩია იგუაინის დაჯარიმება, მაგრამ არა მგონია, ეს სწორი ნაბიჯი იყოს. მაშინ, როდესაც ფეხბურთში რასიზმი მძვინვარებს და ათასი უბედურება ხდება, ამ ერთი ფრაზის გამო ფეხბურთელის დასჯა არ იქნება მართებული. ზოგადად, იგუაინს მეტი თავშეკავება მართებდა, რადგან ჩვენ ნებისმიერ მეტოქეს პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული