ანტონიო დი ნატალე: ივნისში ცოლის მოყვანას ვაპირებ

AutoSharing Option
ანტონიო დი ნატალე წლებია, რაც გოლებს სტაბილურად იტანს, მაგრამ ცხოვრებაში მეტად მერყევი და არასტაბილური ადამიანია - ამას თავად ამბობს და ამაზე ისიც მოწმობს, რომ კარიერის დასრულების შესახებ სამჯერ მიიღო გადაწყვეტილება და სამჯერვე შეცვალა.

პირველად 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აპირებდა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას, მაგრამ მას შემდეგ სამი წელი გავიდა და თამაშს ვერ ეშვება. მიმდინარე სეზონის შუაწელს, 36 წლის ტოტომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ზაფხულში დაასრულებდა კარიერას, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ გადაწყვეტილების შეცვლას აპირებს, რაზეც მისი კომენტარი მოწმობს:

"ივნისში ცოლის მოყვანას
ვაპირებ, შემდეგ კი დასასვენებლად გავემგზავრები და იქ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის თამაშის ხალისი დამიბრუნდა და მსურს, რომ კიდევ ერთი წელი ვითამაშო "უდინეზეს" მაისურით. მით უმეტეს, გუნდი განახლებულ სტადიონზე ითამაშებს, ბრწყინვალე ატმოსფეროში, რაც დამატებითი სტიმულია.

დღეს სწორედ ასე ვარ განწყობილი და დანარჩენი ზაფხულში გამოჩნდება. ჩემთვის ფული არაა მთავარი, კლუბის მესვეურები ყველა პირობას მიქმნიან, რომ თამაშის სურვილი მქონდეს და სწორედ ამას ვაფასებ.

კარიერის დასრულება არაერთხელ გადავწყვიტე, მაგრამ მერყევი ადამიანი ვარ და აზრს ხშირად ვიცვლი - ის, რომ დღეს ისევ ვთამაშობ, "უდინეზეს" პრეზიდენტის, ჯამპაოლო პოცოს დამსახურებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული